ჭადრაკი

0:25 | 31.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

გურამიშვილი – ოთხიდან ოთხი

სოფიკო გურამიშვილი (2374) ჩინებულად თამაშობს იტალიურ რეჯიო ემილიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომელშიც სულ ექვსი მოჭადრაკე ჩაება. ტურნირზე ოთხი ტური მიილია, სოფიკომ კი ოთხივე პარტია მოიგო და უახლოეს კონკურენტებს – იტალიელ მარია ბრუნელოსა (2221) და ბელორუს ანა შარევიჩს (2267) უკვე 1.5 ქულით უსწრებს.
საწყისი ორი ტურის შესახებ აქამდეც მოგახსენეთ, მე-3 და მე-4 ტურებში კი გურამიშვილმა თეთრი ფიგურებით, შესაბამისად, იტალიელ მარიანა ჩიერიჩისა (2048) და ბულგარელ ვიდენოვას (2297) სძლია.
54 Torneo di Capodanno ორ წრედ მიმდინარეობს, ბოლო მე-10 ტური 6 იანვარს შედგება, დასვენების დღედ კი 1 იანვარია გამოცხადებული. მე-5 ტურში გურამიშვილი შავებით ხსენებულ შარევიჩს ეთამაშება.
აქვე შეგახსენებთ, რომ პარალელურად, რეჯიო ემილიაში უძლიერეს ვაჟთა ტურნირიც იმართება, რომელსაც ოთხი ტურის თავზე უკრაინელი ვასილი ივანჩუკი (2775) და ამერიკელი ჰიკარუ ნაკამურა (2758) ლიდერობენ. მათ აქტივში 3-3 ქულაა.

0.115099