ინტერვიუები

19:00 | 13.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "კარგ განწყობაზე ვართ და ვეცდებით, მოვიგოთ"

მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებში მწვრთნელად თემურ ქეცბაია დაინიშნა, გუნდი ყოველ წელიწადს მოგებით იწყებს და მოგებითვე ამთავრებს. ასე იყო 2010 და 2011 წლებში, 2012-შიც ალბანეთთან გამარჯვებით დავიწყეთ და იმედია, ტრადიცია არ დაირღვევა. მართალია, ეგვიპტესთან შეხვედრაში ქეცბაიას ბევრი ფეხბურთელი დააკლდება, მაგრამ არც აფრიკელები არიან ოპტიმალური შემადგენლობით.
საქარველოს ნაკრებმა ეგვიპტესთან მოსამზადებელი ბოლო ვარჯიში სამშაბათს 16 საათზე სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასას" მინდორზე გამართა. "მსოფლიო სპორტი" არნემის "ვიტესის" კაპიტან გურამ კაშიას გაესაუბრა. კაშიამ, უპირველესად, ჯანო ანანიძეს მიუსამძიმრა ნაკრების ყველა წევრის სახელით:
"ვწუხვართ, რომ ჩვენს თანაგუნდელსა და მეგობარს მამა გარდაეცვალა. იმედია, ჯანო ამას ვაჟკაცურად გადაიტანს".
- რას იტყვით ეგვიპტესთან მატჩზე, რამდენად ნაყოფიერად ემზადებით?
- ვიცით, რომ ეგვიპტეს კარგი გუნდი ჰყავს, თუმცა ჩვენს მსგავსად, მათაც არ ეყოლებათ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი. ვარჯიში ნორმალურად, ჩვეულ რიტმში მიმდინარეობს და განწყობაც კარგი გვაქვს. ყველანაირად ვეცდებით, რომ მოვიგოთ და ქომაგები გავახაროთ.
- "ვიტესის" ამბებზე: გუნდი მესამე ადგილზეა და აქვს თუ არა რეალურად იმის პოტენციალი, რომ ბოლომდე იყოს ზედა ჯგუფში?
- ვფიქრობ, ლიდერთა შორის ბოლომდე დავმკვიდრდებით. 12 მატჩიდან მხოლოდ ერთში წავაგეთ და დამაჯერებლად ვთამაშობთ. 14-15 ისეთი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც მაღალ დონეზე სტაბილურად თამაში შეუძლიათ.
- "აიაქსთან" სტუმრად გამარჯვება, ალბათ, მაინც განსაკუთრებული იყო...
- "აიაქსი" "აიაქსია" და ამხელა ისტორიის მქონე გუნდთან მოგება ძალიან სასიხარულო იყო. მართალია, "აიაქსი" ძველებურად მრისხანე აღარაა, მაგრამ იმ დღეებში "მანჩესტერ სიტის" მოუგო. კარგი მატჩი ჩავატარეთ, ჩვენმა ფორვარდმა ვილფრიდ ბონიმ კი ორივე შანსი გამოიყენა და დუბლი შეასრულა.
- ლიდერთა ჯგუფი ერთია და ჩემპიონობა თუ შეუძლია "ვიტესს"?
- გამორიცხული არაფერია. ჩვენსას ვეცდებით, თუმცა ისიც ვიცი, რომ ამ სეზონში ძალიან ძნელი იქნება. "ვიტესი" წლიდან წლამდე პროგრესირებს, არნემში დიდი აჟიოტაჟია და კლუბის მიზანიც სწორედ ისაა, რომ "ვიტესი" საჩემპიონო გუნდი გახდეს.
- ადრე იყო საუბარი, კაშია "ვიტესიდან" უფრო ძლიერ გუნდში გადავაო. ახლაც დგას ეს საკითხი?
- ახლა არა, თუმცა მართლაც იყო რეალური საუბრები. ამ სეზონში არსად გადავალ, შემდეგ კი ვნახოთ. და ისიც, თუ გადავალ, ეს ჰოლანდიური კლუბი არ იქნება. ჯერჯერობით კი, "ვიტესზე" ვფიქრობ, ამ გუნდში ყველანაირად კარგად ვგრძნობ თავს და მაფასებენ.
 

 

ილია ნანობაშვილი
 

0.109007