ფეხბურთი

17:01 | 25.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: “ჟორდანია “ვიტესში” ბოსად რჩება”

არნემის “ვიტესის” კაპიტნის, გურამ კაშიას განცხადებით, აქციების საკონტროლო პაკეტის გაყიდვის მიუხედავად, მერაბ ჟორდანია ჰოლანდიურ კლუბში ბოსად რჩება.

 “როგორც ვიცი, ეს უბრალოდ ბიზნეს-ოპერაციაა, აქ მეპატრონედ მერაბი რჩება. ეს ისაა, რაც ვიცი. მან მითხრა, რომ სიტუაცია არ შეიცვლება და მომხდარი, კლუბისთვის უკეთესია” – იუწყება კაშიას სიტყვებს ჰოლანდიური გამოცემები voetbalzone.nl-ი და  omroepgelderland.nl-ი.

გუნდის მთავარი მწვრთნელის, პეტერ ბოსის თქმით, მას კლუბის ხელმძღვანელობაში მომხდარი ცვლილება არ ანერვიულებს:

“არავითარი პრობლემა არ მაქვს და მერაბი ჩემთვის მნიშვნელოვან პერსონად რჩება. მან მითხრა, რომ ჩვენს შორის კონტაქტი ძველებურად იქნება. ბევრი ცვლილება არ მოხდება. ჩვენთვის ყველაფერი იგივე დარჩა”.

22 ოქტომბერს ჟორდანიამ “ვიტესის” აქციები რუს მილიარდელ ალექსანდ ჩიგრინსკის მიჰყიდა, რომელიც 2010 წლიდან კლუბის ქართველი მეპატრონის ძირითად ფინანსურ მხარდამჭერად ითვლებოდა.

ჰოლანდიური პრესის ცნობით, ჩიგრინსკი “ვიტესს” ძირითადად საზღვარგარეთიდან უხელმძღვანელებს და ბევრ საკითხს კლუბში გენერალური მენეჯერი იოსტ დე ვიტი, კომერციული დირექტორი პეტერ განსლერი და ტექნიკური დირექტორი მო ალახი გადაწყვეტენ.

0.109557