ფეხბურთი

16:35 | 17.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია - გულიანი კაპიტანი

"თავიდან მეგონა, ესპანეთი 4:0-ს მოუგებდა ჰოლანდიას" 


უკვე მეოთხე სეზონი დაასრულა ჰოლანდიის ერედივიზიონში და ოთხივეში ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრალური მცველი გახლდათ. მისთვის ხშირია ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრა და წლეულს სეზონის 11-კაციან შემადგენლობაშიც არაერთმა ჰოლანდიურმა გამოცემამ შეიყვანა.

გურამ კაშია ამჟამად თბილისშია და “მსოფლიო სპორტი” მას შეხვდა, სხვადასხვა თემებზე ესაუბრა. თავიდან კი მსოფლიოს ჩემპიონატით დავიწყეთ. ესპანეთი-ჰოლანდია 1:5: ამ ანგარიშმა ხომ ყველა გააოცა. კაშია კარგად იცნობს იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც ესპანელთა შემტევები თითქმის უსაქმოდ დატოვეს, პირადად არაერთხელ უთამაშია მათ წინააღმდეგ: 

-       ჩემი აზრით, ესპანეთთან მატჩი ლუის ვან გაალმა მოიგო. მისმა ტაქტიკამ ბრწყინვალედ იმუშავა.

-       დე ვრეი, ვლაარი, ინდი დაცვაში და ფლანგელებად იანმატი-ბლინდი. ისინი “აიაქსსა” და “ფეიენოორდში” თამაშობენ. მათ კარგად იცნობთ და ელოდით, რომ ასე ითამაშებდნენ ესპანეთთან?

-       არ ველოდი და ამიტომაც გამიკვირდა. სიმართლე გითხრათ, თამაში რომ დაიწყო, ვიფიქრე, ესპანეთი 4:0-ს მოუგებს-მეთქი. ერედივიზიონი დონით აშკარად ჩამორჩება ტოპოთხეულის ჩემპიონატებს, ჩამოთვლილი ფეხბურთელებიც ახალგაზრდები არიან და პირველად თამაშობენ მუნდიალზე. ჩემი აზრით, ვან გაალის დამსახურებაა, რომ ეს ბიჭები ასე აათამაშა და რა თქმა უნდა, გადამწყვეტი როლი უკვე რობენმა და ვან პერსიმ შეასრულეს. ასევე, ბლინდმა და სნეიდერმა. ჩემი აზრით, დავიდ სილვას პირველ ტაიმში 2:0 რომ გაეხადა ანგარიში, ესპანეთი მოიგებდა.

-       3-5-2, რომელიც დაცვისას 5-3-2-ად იქცევა: ეს სქემა “ვიტესში” გამოგიყენებიათ?

-       მხოლოდ ერთხელ და ისიც “უტრეხტთან” 1:3 წავაგეთ. ვან გაალი ბოლო ამხანაგურებში თამაშობდა ამ სქემით, ნაკრების ერთ საშინაო მატჩს დავესწარი კიდეც. ვიფიქრე, ალბათ, დიდი ანგარიშით წაგება არ უნდა და ამიტომაც, გუნდს ფრთხილად ათამაშებს-მეთქი.

-       ჰოლანდიაში ამბობენ, რომ სტროოტმანის ტრავმის გამო გადააწყო სქემა.

-       შესაძლოა. ფაქტია, მისმა ტაქტიკამ მშვენივრად იმუშავა და დღეს მუნდიალზე საუბარი რომ იწყება, პირველად ჰოლანდიის მოგებას ახსენებენ.

-       ჰოლანდიაში ამ მცველებზე ნაკლებად დაფასებული არ ხართ. სიმბოლურში ხვდებით...

-       საერთოდ, ჰოლანდიაში დაცვით ფეხბურთს არ აფასებენ. ერთადერთი გუნდი, რომელიც ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობს, “ტვენტეა”. ფაქტობრივად, ერთი-ერთზე გიწევს თავდამსხმელთან თამაში და გამორიცხულია, 34 მატჩში რამდენიმე შეცდომა არ დაუშვა.

-       “ვიტესი” გასულ სეზონში უფრო ძლიერი იყო თუ 2 წლის წინ?

-       ვფიქრობ, ბოლო სეზონში უფრო ძლიერი იყო, უფრო გამოცდილები გავხდით. მართალია, ბონი და ვან გინკელი დაგვაკლდნენ, მაგრამ ახალგაზრდებმა მოუმატეს. ბოლო პერიოდში კი ძალიან დავაკელით, ფორმიდან ამოვვარდით.

-       რისი ბრალი იყო ეს? მეორე წრე აშკარად უშედეგოდ ჩაატარა გუნდმა.

-       რამდენიმე ფეხბურთელმა აშკარად დაკარგა ფორმა. ეს უფრო იმ ფეხბურთელებზე ითქმის, რომლებსაც შეტევაში განსაკუთრებული როლი ენიჭებოდათ.

-       დაღლილობა?

-       არა. უბრალოდ, ფსიქოლოგიური წნეხიდან გამოსვლა იყო რთული და გუნდი ვერ გამოვიდა. ზეწოლა იყო ფანებისგან, პრესისგან. ერთ სტვენას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ჩვენ ისე ვერ მივიღეთ, როგორც უნდა მიგვეღო. როცა ჩემპიონობა გინდა და ლიდერობ, ეს წნეხი უნდა აიტანო.

-       “ვიტესის” ყოფილმა მფლობელმა მერაბ ჟორდანიამ თქვა, “ჩელსის” პოლიტიკა ჩვენი კლუბის ჰოლანდიაში ჩემპიონობას კრძალავსო. ამაზე რას იტყვით?

-       პირადად მე გუნდში არ მსმენია ასეთი რამ. ჩემპიონობაზე ვფიქრობდით და ვერ გეტყვით, მმართველობაში რა ხდებოდა. ჟორდანიას მადლიერი ვარ, ის ჩემი მეგობარია. მერაბისა და გოგა გახოკიძის დამსახურებაა, რომ “ვიტესში” მოვხვდი.

-       “ვიტესს” დაეტყო ჟორდანიას წასვლა? ფაქტია, მას შემდეგ უკან-უკან წავიდა საქმე.

-       ნამდვილად დაეტყო. პსვ-სთან 6:2 მოვიგეთ, შემდეგ “ჰერაკლესთან” 2:2 ვითამაშეთ და ის პერიოდი იყო, როცა ჟორდანიას შესაძლო წასვლაზე გავიგეთ. მერე კრიზისი დაიწყო. მერაბს მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდა ფეხბურთელებთან და დღესაც ყველა კითხულობს მის ამბებს.

-       ფანებისგან რა რეაქცია მოჰყვა ჟორდანიას გაშვებას?

-       უმეტესობა მერაბს მხარს უჭერდა. მან მართლაც ბევრი გააკეთა “ვიტესისთვის” და ზოგადად ქალაქ არნემისთვის. უამრავი ბავშვი ვარჯიშობს ფეხბურთში, არნემში საფეხბურთო ბუმია. “ვიტესის” ბაზა და კომპლექსი კი საოცარია: 10 ვარსკვლავიდან 8-ს მივცემდი.

-       საინტერსოა, 37 ნომრით რატომ თამაშობთ? “დინამოშიც”, “ვიტესშიც”...

-       “დინამოში” თავიდან 3 ნომერი ვიყავი, მერე კი 7. ასე შეჯერებით მოხდა, თორემ რიცხვი 37 არაფერს უკავშირდება. თან, დასამახსოვრებელია 37 ნომერი. 3 და 7 ნომერი ყველა გუნდშია.

-       თქვენი ძმა, შოთაც 37 ნომრით თამაშობს.

-       ეს არ ვიცი, მას უნდა ჰკითხოთ...

-       შოთაზე გითქვამთ, ის უფრო ნიჭიერი იყო თავის ასაკშიო...

-       დიახ, შოთა თავის ასაკში საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული იყო ბავშვობაშიც და შემდეგაც. მე ასე არ ვიყავი. ჩემი ძმა დღესაც ჩემზე წარმატებული იქნებოდა, რომ არა ამდენი ტრავმა. მე 3 კვირაზე მეტი არ გამომიტოვებია, შოთამ კი მუხლზე 5 ოპერაცია გაიკეთა.

-       და როდის იგრძენით, რომ ფეხბურთში გზას გაიკაფავდით?

-       როცა კახა კაჭარავამ თბილისის “დინამოს” კაპიტნად დამნიშნა. იმ სეზონში 12 თუ 13 გოლი გავიტანე. ეს უკვე დიდი წარმატება იყო, მითუმეტეს, რომ მანამდე “დინამო-2”-ში ყოფნისას პრობლემები მქონდა და სხვა ქართულ გუნდში გადასვლაზე ვფიქრობდი. კაჭარავამ უდიდესი როლი შეასრულა. კახა ცხადაძე “დინამოს” მთავარ მწვრთნელად რომ მოვიდა, კაჭარავა “დინამო-2”-ში დანიშნეს. სწორედ მან ჩამისახა იმედი და მითხრა, რომ ვჭირდებოდი. 15-16 წლის ბიჭისთვის ეს ბევრს ნიშნავდა. კაჭარავას როცა ვხვდები, ყოველთვის თბილად ვსაუბრობთ, საინტერესო ამბებს ვიხსენებთ.

-       სპორტის სხვა სახეობები გიყვართ?

-       ჩოგბურთი და კალათბურთი. ჩოგბურთში ვაკო ყაზაიშვილი მიგებს, მე კი გიორგი ჭანტურიას ვუგებ.

-       დადიოდით რომელიმე სახეობაზე?

-       მხოლოდ ტანვარჯიშზე, ისიც ფეხბურთის გამო. მოქნილობა მაკლდა და ტანვარჯიში მჭირდებოდა.

-       ჰოლანდიურ მენტალიტეტს რამდენად შეეჩვიეთ?

-       მომწონს და შევეჩვიე კიდეც. მათთვის პირობა პირობაა, ცხოვრების სისტემური წესი აქვთ და ყველა ასრულებს თავის საქმეს. შეცდომა თუ მოხდა, მოხდა და ცხოვრება გრძელდება - ასეა მათთვის.

-       ჰოლანდიის ჩემპიონატი განსაკუთრებული სპეციფიკისაა: ძალიან გახსნილი თამაშებია, დიდი სივრცეები. მაგალითად, პსვ-სთან შინ 1:2 რომ დამარცხდით, ბოლო 5 წუთში ორჯერ გავიდა თქვენი თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ. ცოტა უცნაურია, სტუმრად ერთი ბურთით იგებდე და იმდენად გახსნილად ითამაშო, რომ ორჯერ ერთი-ერთზე დარჩეს მეტოქე.

-       დიახ, ხდება ასეთი. ჰოლანდიის ჩემპიონატი მისწრებაა ახალგაზრდებისთვის და იქ მუშაობენ ძლიერი მწვრთნელები, რომლებიც სისტემურად არიან განათლებულნი. “ტვენტეს” გარდა, ყველა გახსნილ ფეხბურთს თამაშობს. იგებს? ისევ უტევს, არ ჩაიკეტება. მწვრთნელისთვის ნორმალურია, როცა მცველი თავდამსხმელთან ერთ-ერთზე თამაშობს. ამის გამო მწვრთნელთან სულ მაქვს კამათი, მაგრამ ვერ შევუცვლი აზრს. ის მწვრთნელია და მუდამ მართალია. გაუშვი ერთი გოლი? გავიტანოთ ორი. ამავდროულად, ჰოლანდიის ჩემპიონატი სავსეა ძლიერი ინდივიდუალისტებით, ტექნიკური ფეხბურთელებით. 2-3 კაცის მოტყუება თავისუფლად შეუძლიათ.

-       ერედივიზიონში ყველაზე ძლიერი თავდამსხმელი ვინაა? ყველაზე მეტად ვის წინააღმდეგ გიჭირთ?

-       ალბათ, “ფეიენოორდის” წევრი პელე. კიდევ არაერთი კარგი ფორვარდია, მაგრამ პელეს გამოვარჩევდი.

-       “ვიტესმა” რამდენად მოიპოვა სახელი? გრძნობთ იმ მორიდებას მეტოქეებისგან,  რაც ძლიერი გუნდების მიმართ აქვთ?

-       პატივისცემა იგრძნობა, სერიოზულ ძალად გვთვლიან. როდესაც “ვიტესში” პირველ სეზონს ვატარებდი, ჩვენზე ეცინებოდათ, რა ამბიციები უნდა ჰქონდეს ამ გუნდსო. მეორე სეზონში ევროტურნირებზე გამსვლელ პლეი ოფში ვითამაშეთ, მესამე სეზონში მეოთხეზე გავედით და ხალხი ალაპარაკდა. ამას, იცით, როდის გრძნობ? როდესაც გასვლაზე თამაშობ და მასპინძელთა ქომაგი თავისი გუნდის კუთხურის ჩამოწოდებაზეც ისე რეაგირებს, როგორც გოლზე. ესე იგი, შენს წინააღმდეგ კუთხურის ჩაწოდებასაც კი რაღაცად მიიჩნევენ. ამასთან, გასულ სეზონში “აიაქს”-“ვიტესს” ყველაზე ბევრმა ადამიანმა უყურა, ეს ოფიციალურად გამოცხადდა. ვგულისხმობ იმ მატჩს, ვაკომ ბოლო წუთზე რომ მოგვიტანა გამარჯვება.

-       ყაზაიშვილზე ცალკე გკითხავთ. ფაქტობრივად, ისე გამოვიდა, რომ იმ გოლის მერე უფრო გაუჭირდა ძირითადში ფეხის მოკიდება...

-       იყო მატჩები, როცა ვაკო ძირითადში თამაშს იმსახურებდა. გამოვიდა ერთხელ – დაამტკიცა, გამოვიდა მეორედ - დაამტკიცა. ბევრი ფიქრობს, რომ ყაზაიშვილი მომავალი სეზონის ერთ-ერთ მთავარი აღმოჩენა გახდება. ხანგრძლივი კონტრაქტი გაუფორმეს, ესე იგი, ენდობიან. მას ტოპ-ლიგაშიც შეუძლია თამაში. ვაკოს ძალიან უყვარს ფეხბურთი. აი, ახლაც, მე და თქვენ რომ ვსაუბრობთ, დარწმუნებული ვარ, სადმე ფეხბურთს თამაშობს...

-       გიორგი ჭანტურიას როგორ დაახასიათებდით?

-       გულიანი ადამიანია და ძალიან მიყვარს. მოგება ისე უყვარს, რომ ყველაფერს იკადრებს. სიმართლე გითხრათ, ვარჯიშებზე მის წინააღმდეგ თამაში არ მიყვარდა. ერთმანეთს არ ვინდობდით. ეს კარგია, სპორტსმენის თვისებები აქვს.

-       კარგია, რომ იტალიაში ითამაშებს. როგორ ფიქრობთ, მზადაა სერია A-სთვის? 

-       დროა, საქმე ააწყოს და იმედი მაქვს. გიორგიმ უკვე ბევრი გამოიარა და ახლა ვალდებულიც არის, რომ ყველას დაუმტკიცოს, თუ რა შეუძლია.

-       ახლა საქართველოს ნაკრებზეც. აშკარად ჩანს, რომ დაცვაში უკეთ თამაშობთ, ვიდრე საყრდენ ნახევარმცველად, სადაც, ფაქტობრივად, არ ჩანხართ... 

-       გეთანხმებით. არ ვარ საყრდენი და იმიტომაც. ესპანეთთან, საფრანგეთთან თუ ხორვატიასთან კიდევ შეიძლება საყრდენად ნორმალურად ვითამაშო, რადგან დაცვითი ფუნქციები მევალება. მაგრამ შედარებით სუსტებთან, როცა მცველებს ბურთი უნდა გამოვართვა და წინ უნდა წავიღო, იქ მიჭირს. თუმცა, მე დიდი ფეხბურთელი არ ვარ, რომ დავიწყო, აქ არ მინდა თამაში და იქ მინდა-მეთქი. მწვრთნელი ასე თვლის საჭიროდ და ვერაფერს ვიზამ. კიდევ, ჩემი აზრით, 4 მცველს შორის ვინ იქნება მარჯვენა ცენტრალური მცველი და ვინ მარცხენა ცენტრალური, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემი პოზიცია მარცხენა არაა.

-       მარცხენა ცენტრალური მცველი იყავით ბოლო მატჩში, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრებთან მეორე ტაიმში და ლიხტენშტაინთანაც. 

-       დიახ. ჩემი აზრით, ამ პოზიციაზე ცაცია ფეხბურთელი უკეთ გაირჯება, მაგრამ თუ ცაცია არ გყავს, ისეთი სჯობს, ვინც მიჩვეულია ამ პოზიციაზე. მე მიუჩვეველი ვარ, თუმცა წეღანაც ვთქვი, მწვრთნელის გადასაწყვეტია.

-       ხომ შეგიძლიათ, მწვრთნელს შესთავაზოთ? გისაუბრიათ ამის შესახებ? 

-       სიმართლე გითხრათ, ამაზე არ მილაპარაკია. ისედაც ყველა ხედავს, რომ ჩემს პოზიციაზე არ მიწევს თამაში. საწყენია, რომ ეროვნულ ნაკრებში ჩემს საუკეთესო თვისებებს ვერ ვავლენ.

-       ერთი პერიოდი მარჯვენა მცველად თამაშობდით და სხვათა შორის, უკეთ გამოიყურებოდით, ვიდრე საყრდენად.

-       ეს იმიტომ, რომ მარჯვენა მცველად თამაში შედარებით იოლია.

-       იოლია?

-       დიახ. ეს იმ გუნდში, რომელიც ბევრს არ უტევს.

-       ბოლო ორ სანაკრებო მატჩს როგორ შეაფასებდით?

-       ჩემი აზრით, გუნდის დაახლოებისა და შეთამაშებისთვის უფრო მეტად უნდა გამოგვეყენებინა ეს პერიოდი, რადგან დიდხანს ვიყავით ერთად. ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა და ახალი მოთამაშეებიც იყვნენ.

-       ანუ, შეთამაშებას დიდი დრო არ დაეთმო?

-       უფრო შედეგს დაეთმო. კი, შედეგი აუცილებელია, მაგრამ როცა წინ შესარჩევი ეტაპი გველის და მეტი შეხვედრა აღარ მოგვიწევს... დაღლილობის მომენტიც იყო. ყველა ფეხბურთელი დაღლილი იყო. მე ტრავმაც მქონდა. თუმცა, უკეთ უნდა გვეთამაშა. ზოგადად, წარუმატებლობა ერთი კაცის ბრალი არაა, ყველამ რაც შეიძლება მეტი უნდა მოვთხოვოთ საკუთარ თავს.

-       შესარჩევ ჯგუფზე რას იტყვით? რამდენად იმედიანად ხართ?

-       რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად ველი ამ მატჩებს. არ მგონია, პოლონეთი, ირლანდია და შოტლანდია კლასით დიდად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. დაახლოებით თანაბარი დონისანი არიან. შესაძლოა, პოლონეთი გამოარჩიო, რადგან მეტი საინტერესო ფეხბურთელი ჰყავს. ჩვენს საშინაო თამაშებს თუ გადავხედავთ, დამეთანხმებით, აქ 3 ქულა არცერთ გუნდს არ აუღია იოლად.

-       რამდენად არის საქართველოს ნაკრები მზად, რომ პოლონეთთან, ირლანდიასთან და შოტლანდიასთან საშინაო შეხვედრებში მაინც ითამაშოს პირველ ნომრად? რა თქმა უნდა, გერმანისთან მატჩს არ ვგულისხმობ, მათთან ამის გაკეთებას საქართველოზე ბევრად ძლიერი ნაკრებებიც ვერ ახერხებენ.

-       იმედი მაქვს ახალგაზრდა შემტევების, რომლებიც კარგად მოდიან და პროგრესს განიცდიან: ყაზაიშვილი, ანანიძე, ოქრიაშვილი... უნიჭიერესი ახალგაზრდაა გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც საემიროებთან მატჩისთვის დაგვემატა. ეტყობა, რომ ფეხბურთი უყვარს და მიზანდასახულია. მოკლედ, ახალგაზრდა შემტევების იმედი მაქვს შესარჩევში, უკან კი როგორმე მოვახერხებთ, რომ საიმედოდ ვითამაშოთ და წინ გადავიტანოთ ბურთი. 

-       აკაკი ხუბუტია, საბა კვირკველია, ალეკო ამისულაშვილი - დაცვაში მათთან ერთად გითამაშიათ წყვილში. მოკლედ როგორ დაახასიათებდით თითოეულს?

-       ხუბუტია და კვირკველია მებრძოლი, კარგი მცველები არიან. ამისულაშვილი ამჟამად აღარაა ნაკრებში, მაგრამ ხშირად გავუოცებივარ თავისი მოქმედებებით როგორც ვარჯიშებზე, ასევე თამაშისას. ვფიქრობ, ამისულაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, ვის გვერდითაც მითამაშია.    

-       საკლუბო კარიერაზეც: რას აპირებთ ამ ზაფხულს, რჩებით "ვიტესში"?

-       ბევრი მირჩევს, სხვა კლუბში გადავიდე. მე რომ მინდა ტოპ-ლიგაში გადასვლა, ისე არავის უნდა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის წელიწადია, გუნდის მონახვა ჭირს. უფრო ძნელია ქართველისთვის, რადგან არაევროკავშირელ ლეგიონერებზე ლიმიტი გზღუდავს. ჯერ არაა გადაწყვეტილი, დავრჩები თუ წავალ. კონტრაქტით კიდევ 2 წელი დამრჩა "ვიტესთან". არნემში სურთ, რომ მინიმუმ კიდევ ერთი სეზონი დავრჩე. მოკლედ, თუ ტოპ-ლიგებიდან იქნება შემოთავაზება და "ვიტესს" კონკრეტულად მიმართავენ, ამაზეა დამოკიდებული.

-       მწვრთნელი პეტერ ბოში რჩება?

-       დიახ.

-       ბოლო 3 წელიწადში თქვენს გარშემო რამდენიმე კლუბზე იყო საუბარი. აქედან, რეალურები და კონკრეტულები რომელი იყო?

-       "ტრაბზონსფორი", "შტუტგარტი"... შტუტგარტელებს განათხოვრებით უნდოდათ რაღაც შეთანხმებებით და არასერიოზული ჩანდა, თორემ გერმანიაში თამაში ვის არ უნდა.

-       "ვიტესის" კაპიტანი ხართ. რამდენად გაქვთ ლიდერის თვისებები, ხართ თუ არა, როგორც იტყვიან, გასახდელში ლიდერი?

-       ბავშვობიდან მქონდა თვისება, ინიციატივა ამეღო, მკერდი წინ გამომეწია. ვფიქრობ, ნორმალურად ვასრულებ კაპიტნის მოვალეობას. ფანებთან საუბარიც მიწევს. გასახდელში ლიდერობას რაც შეეხება, ეს ვაკოს უნდა ჰკითხოთ.

-       როგორც კაპიტანს, ხშირად ხმამაღლა გითქვამთ, რომ დაიღალეთ "ვიტესის" სატრანსფერო პოლიტიკით, რომელიც ყოველ სეზონში ლიდერების გაშვებასა და ახალი გუნდის აწყობას ეფუძნება.

-       ასეა, შარშანაც ვთქვი. განათხოვრებით მოსული ფეხბურთელები, რომლებიც, იცი, რომ შემდეგ დაგტოვებენ. მე კაპიტანი ვარ და ხშირად მიწევს ამაზე ფანებთან საუბარი და ახსნა-განმარტებები, რაც არ მაბრაზებს, მაგრამ ალალად რომ გითხრათ, არ მსიამოვნებს. თუ რაღაც ისე არ ხდება, რაც გუნდისთვის სასარგებლოა, უნდა თქვა.

-       ზოგადად რას იტყვით "ვიტესის" ფანებზე? რამდენად მომთხოვნები არიან?

-       არიან ისეთები, რომლებიც სულ გვერდით გიდგანან და გამხნევებენ, მაგრამ მეორე უკიდურესობაცაა: სულ რომ შეცდომებს ხედავენ. მთლიანობაში, კარგი ფანები გვყავს, 15000 კაცი გარანტირებულია, ზოგჯერ კი, რა თქმა უნდა, მეტიც.

-       საქართველოს დროშა, ან ქართული შეძახილები?

-       საქართველოს ერთი დროშა მუდამ ჰკიდია ტრიბუნებზე და აწერია: კაშია, ყაზაიშვილი, ჭანტურია.     

-       იქაური ქართველები ხომ არ არიან?

-       არა, ვიცნობ მათ. ჰოლანდიელები არიან.

0.118681