საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მძიმეწონოსან გურამ ფერსელიძეს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას კი ჯარიმის სახით 12 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრა.
“ფილამ სანქციის შესახებ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გვაცნობა, მაგრამ ინფორმაცია მაშინვე არ გავახმაურეთ. პრობლემის მოსაგვარებლად საერთაშორისო ფედერაციას წერილით მივმართეთ. სამწუხაროდ, პროტესტმა არ გაჭრა. გვითხრეს, რომ შეგვიძლია საჩივარი შვეიცარიულ სასამართლოში შევიტანოთ. ეს პროცედურა კი იმდენად რთული და ხარჯიანია, წარმოუდგენლად მიგვაჩნია. დისკვალიფიკაციის და ფინანსური ჯარიმის მიზეზი ფერსელიძის ორი პასპორტი გახდა. მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის წინ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით, ასაკის გადაკეთების პრეცედენტს სასტიკი ბრძოლა გამოვუცხადეთ. მაშინ ყველა დარღვევა გამოვასწორეთ. ნაკრების წევრთა ერთ ნაწილსაც მოუხდა ახალი, სუფთა პასპორტის აღება და სწორედ ძველი და ახალი პასპორტების მონაცემებს შორის ცდომილება გახდა სანქციის მიზეზი. ლამის ნახევარი მსოფლიო გაყალბებული პასპორტით ჭიდაობს და ამ პრობლემის მოგვარება ვერაფრით ხერხდება. ჩვენ კი სწორედ გამოსწორების გამო დავისაჯეთ”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ.
ფილას ვერდიქტში კონკრეტულად არაა მითითებული, თუ როდის უნდა დაფაროს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ ჯარიმა. სავარაუდოდ, ეს უახლოეს თვეებში უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება სანქცია უფრო დამძიმდეს და საქართველოს ნაკრებს მომავალ საერთაშორისო ტურნირებში გამოსვლა აეკრძალოს.
ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ფილამ გურამ ფერსელიძის გარდა, ანალოგიური დარღვევა შეიძლება კიდევ ბევრ ქართველ მოჭიდავეს გამოუქექოს.
ოთარ მაღლაკელიძე