ძიუდო

21:45 | 28.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

გუნდი!

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა უნგრულ ევროპირველობაზე ინდივიდუალურ ჩათვლაში ბრწყინვალე გამოსვლის შემდეგ გუნდურ ჩემპიონატზეც გაიბრწყინა და ბუდაპეშტის გრანდიოზულ სპორტულ დარბაზში შეკრებილ მაყურებლებს საქართველოს ჰიმნი ერთხელაც მოასმენინა. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდი 15 ქვეყნის ნაკრებს შორის თავიდანვე უმთავრესი ფავორიტი იყო, უნგრეთში ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავიდა და მორიგი ტიტული შთამბეჭდავი ჭიდაობით მოიპოვა.

ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის მსგავსად, ქართველებმა ფინალში ისევ რუსები დაამარცხეს. საბოლოო შედეგზე არანაკლებ საამაყო ქართული გუნდის საოცარი საბრძოლო ჟინის ნახვა იყო. მთელი ფინალის განმავლობაში ნაკრების ძიუდოისტები და დელეგაციის წევრები ტატამზე მყოფ თანამემამულეს შეუდარებელი ქომაგობით იმხელა მუხტს აძლევდნენ, წაგება წარმოუდგენელი იყო.

არადა გადამწყვეტი ბრძოლა რუსებისთვის სასურველი სცენარით დაიწყო - ლაშა შავდათუაშვილმა (66 კგ) მიხაილ პულიაევთან წააგო. ოლიმპიური ჩემპიონი მესამე წუთზე კონტრ-ილეთზე წამოეგო, ვაზარზე დავარდა და დარჩენილ დროში მხოლოდ ის მოახერხა, რომ პულიაევი სამ გაფრთხილებამდე აიყვანა. ერთი შიდოც და რუსს მოხსნიდნენ, მაგრამ ჭიდაობისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა.

73 კილოგრამში ზებედა რეხვიაშვილი მუსა მოგუშკოვს დაუპირისპირდა, რომელიც ბუდაპეშტურ ევროპირველობაზე ერთხელ უკვე ჰყავდა დამარცხებული, რეპეშაჟის ნახევარფინალში. მაშინ რეხვიაშვილმა მეტოქე იპონზე დააგდო. ამჯერად კი იუკოთი სძლია და ნაკრებს საერთო ანგარიში გაათანაბრებინა.

ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) სირაჟუდინ მაგომედოვს უილეთოდ მოუგო – მსაჯმა ქართველი ძიუდოისტი ორჯერ გააფრთხილა, რუსეთის ნაკრების წევრი კი ერთით მეტჯერ.

ჩემპიონობა კი საქართველოს ნაკრებს ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) გაუნაღდა, გრიგორი სულემინისთვის ბოლო წუთზე შესრულებული იუკოთი. მძიმეწონოსანმა ადამ ოქრუაშვილმა რენატ საიდოვი მსაჯს 4 შიდოს გამო მოახსნევინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:1.

გუნდურ ჩემპიონატში სულ 15 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა და საქართველო მათ შორის ის ერთადერთი აღმოჩნდა, რომელიც ტურნირის პირველი წრე გამოტოვა და საქმეში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაერთო.

პირველ შეხვედრაში ქართული ხუთეული მასპინძელთა ნაკრებს დაუპირისპირდა. ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ბენცე ზამბორის დაეჭიდა და შეხვედრის შუაწელს იუკო აუღო. ტრიბუნების გუგუნით დამუხტულმა უნგრელმა ვაზარით შეხვედრის სათავისოდ შეტრიალება შეძლო, მაგრამ ამ ილეთით მეტოქე ისე გააბრაზა, რამდენიმე წამში ულამაზესი იპონით მოამთავრებინა საქმე. შეგახსენებთ, შავდათუაშვილი და ზამბორი ინდივიდუალური ევროპირველობის მეოთხედფინალშიც შეხვდნენ ერთმანეთს და ჩვენებურმა ის ბრძოლაც სუფთად მოიგო. იქამდე უნგრელმა ტურნირს უკრაინელთა ქართველი ჯილა, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი (60 კილოგრამში) გიორგი ზანთარაია გამოთიშა.

73 კილოგრამში ნუგზარ ტატალაშვილი ატილა უნგვარისთან მტკივნეულით დამარცხდა და საერთო ანგარიშიც გათანაბრდა, მაგრამ ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) ლასლო სზოკნიაისა და გერგო ფოგსს იპონებით სძლიეს და ქართულმა ხუთეულმა ნახევარფინალისტის საგზური მძიმეწონოსანთა დაჭიდებამდე გაინაღდა. უმოტივაციო შეხვედრაში ადამ ოქრუაშვილმა 100-კილოგრამში მოჭიდავე მიკლოშ ცირიენიჩი იოლად შებოჭა.

ნახევარფინალში ირაკლი უზნაძემ ჰოლანდიელთა წინააღმდეგ დასაყენებელ შემადგენლობაში ტატალაშვილი ზებედა რეხვიაშვილით ჩაანაცვლა. ცვლილებამ გაამართლა – რეხვიაშვილმა ევროპის და მსოფლიოს ორ-ორგზის პრიზიორ დექს ელმონს ვაზარ-იუკოთი მოუგო. ამ შეხვედრამდე შავდათუაშვილმა იასპერ დე იონგი მსაჯს საფინალო სირენამდე ნახევარი წუთით ადრე, მეოთხე გაფრთხილების გამო მოახსნევინა. ჭრიკიშვილმა კი ვაზარით აჯობა ვან დე კამერს და ნაკრებს გამარჯვება გაუნაღდა. ლიპარტელიანმა ინდივიდუალურ პირველობაზე იპონით ძლეულ ჯილომ ელმონთან ამჯერად გაფრთხილებებით წააგო, ხოლო ადამ ოქრუაშვილმა როი მეიერი ორწუთნახევარში გააკრა ტატამს და საქართველომ ჰოლანდია 4:1 დაამარცხა.

რუსებმა ფინალის გზაზე აზერბაიჯანელები, სლოვენიელები და უკრაინელები ჩამოიშორეს. განსაკუთრებით მეოთხედფინალში გაუჭირდათ, სლოვენიელებთან. ნახევარფინალის საგზურის ბედი მეხუთე შეხვედრის ოქროს დროში გადაწყდა.

სატურნირო ბადის ამავე მხარეს მოხვდა ერთ-ერთი ფავორიტი საფრანგეთი, მაგრამ ბევრისთვის მოულოდნელად, პირველსავე წრეში დამარცხდა. მისმა მომგებმა გერმანიამ საბოლოოდ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, უკრაინასთან ერთად.

კაცების პარალელურად ევროპის გუნდური პირველობა ქალებშიც გაიმართა. ჩემპიონი ჰოლანდია გახდა, რომელმაც ფინალში საფრანგეთს აჯობა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები თბილისში 30 აპრილს, გამთენიას დაბრუნდება.

 

 

 

0.130454