ძიუდო

17:19 | 16.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

გუგავამ ათეული შეავსო

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გუგავამ მსოფლიოს ჩემპიონატზე დასაყენებელი შემადგენლობა დაასახელა. სეზონის ბოლო და უმთავრესი საერთაშორისო შეჯიბრება 23-28 ოქტომბერს სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში გაიმართება და ქართული გუნდი ტატამზე სრული შემადგენლობით გავა.

მეორე კვირაა, ახალგაზრდული ნაკრები გორშია დაბანაკებული და გურამ პაპიტაშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზში ყოველდღიურად, გაფართოებული შემადგენლობით ვარჯიშობს - ნაკრების 30-მდე კანდიდატს ადგილობრივი ძიუდოს სკოლის აღსაზრდელები ემატებიან.

მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი ათეულის ხუთი წევრი გუგავამ სამი კვირის წინ, ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებისთანავე დაასახელა. შეგახსენებთ კონტინენტის პირველობას სარაევომ უმასპინძლა და ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) და გურამ თუშიშვილი (100 კგ) ევროპის ჩემპიონები გახდნენ, ლევან გუგავას (73 კგ) და ლევან მატიაშვილს (+100 კგ) კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად ფინალის მოგებაღა დააკლდათ, ხოლო გიორგი ზაქარიაძემ (+100 კგ) მესამე ადგილი დაიკავა. მთავარმა მწვრთნელმა მედალოსნებს მსოფლიოს გზაც ავტომატურად გაუხსნა.

გორული შეკრების დაწყებისთანავე გია გუგავამ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი კიდევ სამი ძიუდოისტის ვინაობა გაგვიმხილა: ფრიდონ გიგანი (73 კგ), ბექა დონღვანი (81 კგ) და ლაშა ტაველური (90 კგ), რომელმაც ევროპირველობაზეც იჭიდავა, მაგრამ უმედლოდ დარჩა. ნაკრების ბოლო ორი წევრის შესახებ კი მთავარმა მწვრთნელმა “მსოფლიო სპორტს” დღეს აცნობა.

 “55 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელის გამოსავლენად უმთავრეს კანდიდატებს შორის საკონტროლო შეხვედრები ჩავატარე. 55-ში არჩევანი ლერი ჭელიძესა და გიორგი საჩალელს შორის უნდა გაგვეკეთებინა, ხოლო 66-ში სამი კანდიდატი გვყავდა: გელა კელეხაშვილი, ტრისტან ფეიქრიშვილი და ანდრო ბერუაშვილი. ნაკრებში ადგილი ჭელიძემ და კელიხაშვილმა მოიპოვეს. გუნდი უკვე მთლიანად დაკომპლექტებულია და შეჯიბრებისთვისაც მზადაა. რვა წონითი კატეგორიიდან სამში ორ-ორი მონაწილე გვეყოლება. 60 კილოგრამში სპორტსმენის დაყენებისგან კი ამჯერად თავი შევიკავეთ” – განაცხადა გია გუგავამ.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ვაჟებს შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. მსოფლიოს პირველობაზე გია გუგავას გუნდს ახალი გამოწვევა ელის – ინდივიდუალურ პირველობაში ყველა მედლის გათამაშების შემდეგ მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც 8 ნაკრები ჩაერთვება. მონაწილეთა დაზუსტება ჯერჯერობით შეუძლებელია. საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ საერთაშორისო ფედერაციისგან მხოლოდ ის შეიტყო, რომ საუკეთესო რვაში ჩვენი გუნდიც მოხვდება.

მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე შეხვედრები 66, 73, 81, 90 და +90 კილოგრამ წონით კატეგორიებში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები

55კგ - ლერი ჭელიძე

66კგ - გელა კელიხაშვილი

73კგ - ლევან გუგავა და ფრიდონ გიგანი

81კგ - ბექა დონღვანი

90კგ - ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ტაველური

100კგ - გურამ თუშიშვილი

+100კგ - ლევან მატიაშვილი და გიორგი ზაქარიაძე

0.117401