გუჯა კახაძის სპეციალური კურსების შესახებ, “მსოფლიო სპორტის” მკითხველმა უკვე იცის. ის სპორტსმენებს მოკლე დროში სასურველი შედეგის მიღწევაში ეხმარება. ჩვენი დირექტორის, ბატონ ირაკლი ჟღენტის ინიციატივით, ჩატარდა ექსპერიმენტი, სადაც გუჯა კახაძემ ახალგაზრდა ფეხბურთელი მიხეილ ბარაბაძე 30 წუთის განმავლობაში ავარჯიშა. ჯერჯერობით, 23 წლის ფორვარდი თავისუფალი აგენტია და უახლოეს მომავალში უცხოეთში გამგზავრებას გეგმავს. ვარჯიში ფეხბურთელის მსუბუქი გახურებითა და მოთელვით დაიწყო. შემდეგ გაიზომა ბარაბაძის საწყისი სიჩქარე. მან 30 მეტრი 4.1 წამში გაირბინა. გუჯა კახაძემ მას სასტარტო ელემენტები კარგად აათვისებინა და ამან შედეგიც გამოიღო - მიშამ 30 მეტრი უკვე 3.78 წამში დაფარა, რაც ნამდვილად კარგი მაჩვენებელია. ფეხბურთელმა და მწვრთნელმა 47-დღიანი სრული კურსის ჩატარებაზე მოილაპარაკეს. კახაძისა და ბარაბაძის ვარჯიშების შესახებ სიახლეებს “მსოფლიო სპორტი” ყოველკვირეულად შემოგთავაზებთ.
“მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სტანდარტებს ჯერ ვერ აკმაყოფილებს, ბარაბაძის მონაცემებით კმაყოფილი ვარ. მას პოტენციალი ნამდვილად აქვს. ვფიქრობ, ჩემი მიზანი ასრულდება. ჩემი ოცნება ქართველი ვარსკვლავის ხილვაა. თუკი მიშა გამოძებნის დროს და ჩემთან 47 გაკვეთილს ჩაიტარებს, პირობას გაძლევთ, რომ იგი პირველი ქართველი ვარსკვლავი გახდება. ყველა ამპლუის ფეხბურთელებს ვავარჯიშებ, მაგრამ თავდამსხმელებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ქართველი ფორვარდების მთავარი პრობლემა კარში ზუსტად დარტყმაა. გპირდებით, 10 დარტყმიდან 7 “ცხრიანში” წავა, დანარჩენი 3 კი, კარის ჩარჩოში მოხვდება. თუკი ამას ვერ შევასრულებ, მკითხველსაც და მაყურებელსაც დიდ ბოდიშს მოვუხდი. ვარჯიშებს რაც შეეხება, ორი კვირის განმავლობაში, მიშა ჩემი მეთოდით ძუნძულს შეისწავლის. მეთხუთმეტე დღეს ტესტს ჩავატარებთ, სადაც ბარაბაძე 15 კმ-ს სუნთქვის აუჩქარებლად გაირბენს. შემდეგ ერთ კვირას თავისუფალი ტემპის შესწავლას მოვანდომებთ. მას ძუნძულის დროს იმდენი ენერგია დაეხარჯება, რამდენსაც თავისუფალ ტემპში დახარჯავს. აქედან კიდევ ერთი კვირა სისწრაფეზე ვივარჯიშებთ, შემდეგი კვირა კი, მთელი ძალით გაქცევაზე. იგი სასტარტო სიჩქარესაც გააუმჯობესებს. დღეს მიშამ 30 მეტრი 4.1 წამში გაირბინა, 30-წუთიანი ვარჯიშის შემდეგ, მან ეს 3.8 წამში მოახერხა. ეს მაჩვენებელი აუცილებლად სტაბილური გახდება. მას თავისუფლად შეუძლია, რომ ეს დისტანცია 3.7 წამშიც დაფაროს. ბარაბაძეს ეს მაჩვენებელი ორი ტაიმის განმავლობაში შეუნარჩუნდება. თამაშიდან ოფლიანი გამოვა, მაგრამ დაღლილი არ იქნება. თამაშის ხარისხი და კარში დარტყმის სიზუსტე საგრძნობლად მოიმატებს. გნებავთ ამბიციურობაში ჩამითვალეთ, მაგრამ მიშას მონაცემებიდან გამომდინარე, ეს რეალურია,” – განაცხადა გუჯა კახაძემ.
ვარჯიშის შემდეგ, კომენტარი მიხეილ ბარაბაძემაც გააკეთა:
“გუჯა კახაძესთან პირველად ვივარჯიშე. თავდაპირველი შედეგი 4.1 წამი. იყო, რაც 3.78 წამამდე შემცირდა. შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ სამუშაო კიდევ ბევრი მაქვს. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. მწვრთნელის მესმის, იგი ყველაფერს გასაგებად მიხსნის. 47 დღის განმავლობაში უნდა ვივარჯიშო. დღევანდელი მუშაობით კმაყოფილი ვარ. როგორც დავრბოდი, ის არასწორი ყოფილა. ეს პრობლემა უკვე გამოსწორებულია. მძიმედ დავრბოდი, ახლა კი, გაცილებით მსუბუქად ვგრძნობ თავს. ეს შედეგი ტექნიკის ხარჯზე მოვიდა”.
ირაკლი ჯაფარიძე
P.S. სტატიამ ბატონ გუჯაზე დიდი ინტერესი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ამიტომაც, ჩავთვალეთ საჭიროდ, ეს ქესპერიმენტი ჩვენ თვითონ ჩაგვეტარებინა. იმედია, მიღებული შედეგით ისინიც დაინტერესედებიან, ვის უშუალო კომპეტენციაშიც შედის ეს საკითხი.
ადმინი