ძიუდო

23:02 | 7.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრან სლემზე წილი ყარეს

ძიუდოში 2014 წლის სეზონზე უკვე ორი ტურნირი გაიმართა: ევროპისა და აზიის დაპირისპირება ტიუმენში და ევროპის ღია ტურნირი სოფიაში, მაგრამ ნამდვილი სატურნირო ციებ-ცხელება ამ უქმეებზე, პარიზში იწყება. საფრანგეთის დედაქალაქი უპრესტიჟულეს საერთაშორისო შეჯიბრებას, გრან სლემს უმასპინძლებს და მასში 75 ქვეყნის ნაკრებთან ერთად, ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი ქართული გუნდიც ჩაერთვება, რომელიც საფრანგეთში 9 სპორტსმენით ჩავიდა.

ხვალ, მამაკაცებში მედლების სამი კომპლექტი გათამაშდება: 60, 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში. საქართველოს ნაკრებს კი მონაწილე მხოლოდ უმსუბუქეს წონაში ეყოლება. ტატამზე ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი გავლენ. წინასწარი ინფორმაციით, 66 და 73 კილოგრამშიც ორ-ორ ქართველს უნდა მოერგო კიმონო, მაგრამ შალვა ქარდავა, გიორგი ქალდანი (ორივე 66 კგ), ზებედა რეხვიაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე 73 კგ) საფრანგეთში ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ გაემგზავრნენ.

უკვე გაიმართა წილისყრა და საქართველოს ნაკრების წევრთა პირველი მეტოქეების ვინაობაც გაირკვა. პაპინაშვილი 60 კილოგრამში პირველ ნომრადაა განთესილი და შეჯიბრებაში მეორე წრიდან, მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთვება. იქამდე კი, მასთან დაჭიდების უფლების მოსაპოვებლად ერთმანეთს პერუელი ხუან პოსტიგოსი და ჩეხი პაველ პეტრიკოვი დაუპირისპირდებიან. ჩხვიმიანი კი პირველივე წრიდან დაიწყებს და თუ ლიბიელ მოჰამედ ელჰადი ელკავისაჰს დაამარცხებს, პერუელ დილმერ კალესთან მოუწევს დაჭიდება.

კვირას, მედლების დარჩენილი ოთხი კომპლექტი გათამაშდება და ბრძოლაში 7 ქართველი ჩაერთვება. მათგან ორი, ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ), პაპინაშვილის მსგავსად, პირველ ნომრებად არიან განთესილები. ჭრიკიშვილი საწყის შეხვედრას მეორე წრეში ჩაატარებს, ჰოლანდიელ ნილ ვან დე კამერსა და ლატვიელ კონსტანტინს ოვჩინიკოვსს შორის მოგებულთან. 81 კილოგრამში საქართველოს ღირსებას უშანგი მარგიანიც დაიცავს. იგი პირველ წრეში ახალზელანდიელ ივიცა პავლინიჩს დაუპირისპირდება. ცნობისთვის, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველაზე მეტი, 55 ძიუდოისტი ჩაერთვება მედლისთვის ბრძოლაში.

90 კილოგრამში მეორე ნომრად განთესილი ვარლამ ლიპარტელიანი საწყის წრეში დაისვენებს და პოტენციური მეტოქეების: ფრანგი ვინსენტ მასიმინოსა და რუმინელი ვალენტინ რადუს დაპირისპირებას დააკვირდება. ამავე წონაში, ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილიც მეორე წრიდან ჩაერთვება საქმეში, ჩილელ რაფაელ რომოსთან შეხვედრით.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს დროშის ქვეშ მხოლოდ ალექსანდრე მსხალაძე იჭიდავებს. ნოდარ მეტრეველი კი, ქართული განაცხადიდან, რამდენიმე დღის წინ მიღებული ტრავმის გამო ამოეწერა. მსხალაძეს პირველ მეტოქედ ლიტველი ჟილვინას ლეკავიჩუსი ერგო.

ადამ ოქრუაშვილი გრან სლემზე გამოსვლას პირდაპირ მერვედფინალით დაიწყებს. მის პირველ მოწინააღმდეგეს ქუვეითელი ჰუსეინ მისრისა და იაპონელი რიუ შიშინოეს ბრძოლა გამოავლენს. მეორე ქართველი მძიმეწონოსანი ლევან მატიაშვილი კი ტურნირს ალჟირელ მუჰამედ ამინე ტაიებთან დაჭიდებით გახსნის.

გრან სლემის ჩემპიონები, ოქროს მედლებთან ერთად, 500-500 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებენ. ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორებს 300 და 200 ქულა ერგებათ. მეხუთე ადგილზე გასულებს – 100, მეშვიდეადგილოსნებს – 80 და ასე შემდეგ.

ფრანგულ ტურნირს, ტრადიციულად, ერთობლივი სანაკრებო წვრთნები მოჰყვება, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც ჩაერთვება. გრან სლემზე მონაწილე ძიუდოისტთა გარდა, პარიზში სავარჯიშოდ ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილიც გაემგზავრა, რომელიც მიმდინარე სეზონიდან ახალ წონაში, 73 კილოგრამში დამკვიდრებას გეგმავს.

დაბოლოს, პარიზის გრან სლემის შეხვედრების პირდაპირ ეთერში ცქერა, გულშემატკივრებს ვებ-გვერდზე www.ippon.tv შეეძლებათ. ფინალური ბლოკის შეხვედრებს კი, თბილისის დროით 20 საათიდან ტელეარხი ჯი-ემ-ჯი გადასცემს.

0.114067