ფიდეს გადაწყვეტილებით, ქალთა შორის 2013-14 წლის გრან პრის გათამაშების ერთ-ერთ, კონკრეტულად კი V ეტაპს თბილისი უმასპინძლებს, რომელიც 2014 წელს, 18 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. გრან პრი სულ ექვსი ეტაპისგან შედგება. თითოეული ეტაპისთვის 60 000 ევროა გამოყოფილი, რომელიც შემდეგი თანმიმდევრობით განაწილდება: I ადგილი – 10 000 ევრო (+160 ქულა), II – 8 250 (+130), III – 6 750 (+120), IV – 5 750 (+90), V – 5 000 (+80), VI – 4 500 (+70), VII – 4 250 (+60), VIII – 4 000 (+50), IX – 3 250 (+40), X – 3 000 (+30), XI – 2 750 (+20), XII – 2 500 (+10).
თითოეულმა მოჭადრაკემ ოთხ-ოთხ ტურნირში უნდა მიიღოს მონაწილეობა. საერთო ჩათვლაში კი, მათ მიერ ნაჩვენები სამი საუკეთესო შედეგი შევა.
გრან პრის გამარჯვებული, 2015 წელს, პლანეტის საუკეთესო მოჭადრაკის ტიტულისთვის ბრძოლაში მოქმედ ჩემპიონს შეხვდება. ამჟამად, მოქმედი ჩემპიონი ანა უშენინაა (უკრაინა), რომელმაც ეს ტიტული შარშან, ნოკაუტსისტემით მოიგო. წლეულს იგი, ტიტულის შესანარჩუნებლად, 2011-12 წლების გრან პრის გამარჯვებულს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ჰოუ იფანს (ჩინეთი) შეხვდება.
გრან პრის გათამაშებაში პლანეტის 18 მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას. აქედან ორი, ქართველი მოჭადრაკეები არიან: ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი.
გრან პრის გათამაშებაში მონაწილეობენ: 1. ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2617), 2. ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2597), 3. ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2585), 4. ჟაო სიუ (ჩინეთი, 2565), 5. ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2545), 6. კატერინა ლაჰნო (უკრაინა, 2550), 7. ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2531), 8. ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2525), 9. ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2522), 10. ჰარიკა გრონოვალი (ინდოეთი, 2509), 11. ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2521), 12. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო, 2492), 13. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2496), 14. ანა უშენინა (უკრაინა, 2488), 15. ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2478), 16. ოლგა გირია (რუსეთი, 2464), 17. ნაფისა მუმინოვა (უზბეკეთი, 2312), 18. თუშინთუგს ბათჩიმეგი (მონღოლეთი, 22,95).
გრან პრის პირველ ეტაპს, 2-დან 16 მაისის ჩათვლით შვეიცარიის ქალაქი ჟენევა უმასპინძლებს. აღნიშნულ ტურნირში 12 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც წრიული სისტემით იასპარეზებენ. ესენი არიან: იფანი, ლაჰნო, მუზიჩუკი, ძაგნიძე, ნადეჟდა კოსინცევა, ჩმილიტე, ვენძიუნი, ხოტენაშვილი, კოსტენიუკი, უშენინა, გირია, ბათჩიმეგი.
მომდევნო ეტაპების ჩატარების ადგილები და განრიგი:
II. 2013 წ, 15-29 ივნისი (დილიჟანი, სომხეთი)
III. 2013 წ, 17 ოქტომბერი – 1 ოქტომბერი (ტაშკენტი, უზბეკეთი)
IV. 2014 წ, 2-16 მაისი (ხანტიმანსიისკი, რუსეთი)
V. 2014 წ, 18 ივნისი – 2 ივლისი (თბილისი, საქართველო)
VI. 2014 წ, 24 აგვისტო – 7 სექტემბერი (ერდენეთი, მონგოლეთი)