კალათბურთი

22:51 | 1.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

გორტატმა ნაკრების რიგები დატოვა

პოლონელმა ცენტრმა, სამ კვირაში მელოდეთო...

2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე პოლონეთი უმთავრესი ვარსკვლავის მარცინ გორტატის გარეშე დარჩა. “ფინიქს სანზის” ცენტრმა გამოსაკვლევად აშშ-ს მიაშურა და დაიბარა, რომ დაახლოებით სამ კვირაში ისევ ნაკრებთან ერთად იქნება...

შეგახსენებთ, რომ გორტატმა ტრავმა ჯერ კიდევ მარტში მიიღო და ამის გამო სეზონის ბოლო ნაწილი გამოტოვა, ფინიქსელები კი ფლეი ოფს ადრეულადვე გამოეთიშნენ.

29 წლის კალათბურთელი ეროვნულ გუნდს დროულად შეუერთდა და გდანსკში გამართულ პირველ შეკრებაზე საერთო ჯგუფთან ერთად იტვირთებოდა, თუმცა...

“ფიზიკურად, თავს უკეთ და უკეთ ვგრძნობ, რეაბილიტაციის პერიოდი კარგად მიდის, მაგრამ ვარჯიშების დროს ფეხში ტკივილი მაინც მაწუხებს. უნდა დავრწმუნდე, რომ სრულად ჯანმრთელი ვარ და მომავალი სეზონისთვის 100%-ით ვიქნები მზად”, - აღნიშნა მარცინმა, რითაც პოლონელი გულშემატკივრები არცთუ კარგ ხასიათზე დააყენა.

“პოლონური მანქანა”, როგორც გორტატს უწოდებენ, უკეთეს შემთხვევაში, ნაკრების რიგებში გამოცხადებას 17-19 აგვისტოს გეგმავს, როდესაც პოლონელები ბელგიაში გასამართა ოთხთა ტურნირზე მასპინძლებს, ისრაელს და იტალიას ეთამაშებიან.

ამას გარდა, არავინ იცის, პოლონელ ცენტრს რას ეტყვიან ოკეანის გაღმა, სადაც გორტატი სრულად გამოჯანმრთელების “ცნობის” მიღების იმედად მიდის, არადა, ნბა-ს კლუბები როგორი მონდომებით ცდილობენ მათი მოთამაშეების ევრობასკეტიდან ჩამოცილებას, ესეც ყველასთვის ცნობილია...

როგორც არ უნდა იყოს, უკვე ცხადია, რომ მარცინი მონაწილეობას ვერ მიიღებს იტალიურ ტრენტოში 7-9 აგვისტოს დაგეგმილ ტურნირზე, სადაც პოლონეთის და იტალიის ნაკრებთა გარდა, საქართველოს და ისრაელის ეროვნული გუნდებიც ითამაშებენ.

ცნობისთვის, პოლონელები აპენინებისკენ გეზს 5 აგვისტოს აიღებენ, მანამდე კი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დირკ ბაუერმანმა მოთამაშეებს ოთხდღიანი დასვენება “გამოუწერა”.

სხვათა შორის, მომავალ ტურნირზე საეჭვოა გუნდის ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის ტომას კელატის ასპარეზობაც, რომელიც სამშაბათის ვარჯიშზე დაშავდა და ექიმთა განცხადებით, რამდენიმედღიანი უქმობა გარანტირებული აქვს.

აქვე ვთქვათ, რომ გარდა ზემოაღნიშნული მატჩებისა, პოლონელები 13 აგვისტოს სტუმრად მოქმედ ევროპის ჩემპიონ ესპანეთს ეთამაშებიან, ბოლო მოსამზადებელი ეტაპი კი 23-25 აგვისტოს ელით, როდესაც უკვე შეჯიბრის ადგილას, სლოვენიაში იქნებიან ჩასულნი და ლიუბლიანას ოთხთა ტურნირზე დიდ ბრიტანეთს, შვედეთს და უკრაინას გაეჯიბრებიან.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის და საქართველოს ნაკრებები ევროპირველობის C ჯგუფში მოხვდნენ და ქალაქ ცელიეში მასპინძელ სლოვენიის, ესპანეთის, ხორვატიის და ჩეხეთის გუნდებთან ერთად ითამაშებენ.

ამ ჯგუფში ასპარეზობა სწორედ საქართველოს და პოლონეთის დაპირისპირებით გაიხსნება. ეს შეხვედრა 4 სექტემბერს გახლავთ დაგეგმილი და ჯგუფში არსებული ძალთა თანაფარდობის გათვალისწინებით, მომდევნო ეტაპის საგზურისთვის ბრძოლაში, უდიდესი მნიშვნელობაც ექნება.

0.122342