ფეხბურთი

23:01 | 13.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

გოროზიას დებიუტი ნორვეგიაში, ქართველთა დაპირისპირება ლატვიაში

გიორგი გოროზიას დებიუტი ჰქონდა ნორვეგიულ “სტაბეკში”. მისმა გუნდმა თასის მეოთხედფინალში 1:0 სძლია “ჰაუგესუნდს” და ნახევარფინალში გავიდა. 19 წლის ქართველი 63-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.

გოროზია გუშინწინ გადავიდა ბობ ბრედლის გუნდში და დღეს შეიყვანეს განაცხადში. დებიუტმაც არ დააყოვნა. 19 წლის ქართველი ნახევარმცველი თბილისის “ლოკომოტივიდან” გადავიდა “სტაბეკში”.  

ლატვიის ჩემპიონატში “ვენტსპილსმა” შინ 2:1 მოუგო რიგის “სკონტოს”. ფაქტობრივად, ლატვიის სეზონის მატჩი იყო, რადგან ჩემპიონობისთვის ეს ორი გუნდი იბრძვის. თამაზ პერტიას გაწვრთნილი “სკონტო” ამჟამად 5 ქულით უსწრებს “ვენტსპილსს”, თუმცა ვენტსპილსელებს ერთი მატჩი მარაგში აქვთ.

სამმა ქართველმა შეუცვლელად ითამაშა – “სკონტოდან” ირაკლი კლიმიაშვილმა და ლაშა დვალმა, ხოლო “ვენტსპილსიდან” თორნიკე თარხნიშვილმა.

რუსეთის პრემიერლიგაში საბა კვირკველიას “რუბინმა” გასვლაზე ტულის “არსენალთან” 0:0 ითამაშა. კვირკველია შეუცვლელად გაისარჯა და ყვითელი ბარათიც მიიღო. არ უთამაშია “რუბინის” ახალწვეულ მამუკა კობახიძეს.

 

0.066492