რაგბი

23:50 | 1.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძის პირველი ქართული “ბარბაროსული”

მეორე ტაიმი ხუთი წუთის დაწყებული იყო, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და აწ უკვე “ტულონის” მესამეხაზელმა 5-მეტრა შერკინებიდან ბურთი ცალი ხელით აიტაცა და ჩათვლის მოედნისკენ მატარებლივით დაიძრა. მისი შეჩერება სამმა მცველმა სცადა, მაგრამ ქართველმა ცალი ხელით ბურთი ჩათვლის მოედნის ხაზს მაინც მიაწვდინა.

ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ რეფერიმ ვერაფერი შენიშნა და თამაშის გაგრძელება ბრძანა, მაგრამ როგორც კი საშუალება მიეცა ვიდეორეფერის დახმარება სთხოვა და მამუკა გორგოძეც დამსახურებულად გახდა პირველი ქართველი მორაგბე, რომელმაც “ბარბაროსების” მაისურით ლელო გაიტანა. ორი წლის წინ, უელსთან მატჩში მას ორ ეპიზოდში სანტიმეტრები დააკლდა მიზნის მიღწევამდე, ახლა კი, კარგია, რეფერიმ ეპიზოდის გადამოწმება რომ გადაწყვიტა და მხოლოდ საკუთარ ინტუაციას არ ენდო, თორემ ნაღდი ლელო ქართველ სპორტსმენს უსამართლოდ გაუუქმდებოდა.

29 წლის გორგოძემ, რომელიც 7 ივნისს უკვე მსოფლიო ნაკრების სახელით სამხრეთ აფრიკაში მასპინძელთა ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს, შერკინების შემკვრელად სრული 80 წუთი ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მუდამ შეტევაზე ორიენტირებული ყველა შემთხვევაში ახერხებდა ორი-სამი მეტოქის ჩამოცილებას, მანძილის მოგებას და თანაგუნდელებისთვის უპირატესობის შექმნას. რომ არა ჰოსე გეარის დუბლი და მართლაც განსაკუთრებული თამაში, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ უთუოდ მას დაასახელებდნენ, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ მან მსოფლიო და “მონპელიეს” ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ დაუმტკიცა – ის მსოფლიო დონის ვარსკვლავია!

მთელი 75 წუთის განმავლობაში გორგოძესთან ერთად იბრძოდა ასევე “ლელოს” აღზრდილი, “სტად ფრანსეს” ბურჯი დავით ქუბრიაშვილი. ის კარგად იდგა შერკინებაში, აქტიურობდა რაქებში, ბოლომდე იხარჯებოდა დაცვაში და ერთ-ორჯერ ინგლისელების საცემადაც გაიწია. მოკლედ, თამამად უნდა ვთქვათ – გორგოძემ და ქუბრიაშვილმა 1 ივნისს საქართველო მთელი მსოფლიოს წინაშე ასახელეს!

როგორც “ბარბაროსების” სახელს შეშვენის, ტრიბუნაზე შეკრებილმა 50 500-მა მაყურებელმა ღია, ლაღი, გახსნილი და შემტევი რაგბით ისიამოვნა. მათ ჯამში ხუთი ლელო იხილეს, რომელთაგან სამი ინგლისის იყო და ხუთი – “ბარბაროსების”. მასპინძლებმა ჯარიმებიც დაარტყეს და ტაიმი 18:14 მოიგეს, მერე კი, გორგოძემ ლელოთი “ბარბაროსები” დააწინაურა, მერე ორი ჯარიმა მათაც დაარტყეს, ბოლოს მაყურებელმა კვლავ ლელოები იხილა და ქართველთა გუნდმა 39:29 იმარჯვა.

0.23114