ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ საფრანგეთის ქალაქ სენტ გოდენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში გააღწია.
გორგოძემ პირველ რაუნდში მასპინძელ ესტელ კასკინოს 6:4, 3:6, 6:4 სძლია, შემდეგ მე-2 ნომრად განთესილი პოლინა ვინოგრადოვა 6:7 (6:8), 6:2, 6:2 დაამარცხა, ხოლო გადამწყვეტ წრეში მე-5 რეიტინგის მქონე მირტილ გეორგესს აჯობა – 6:1, 3:6, 7:5.
თუ ვის ეთამაშება ძირითად ბადეში ქართველი ჩოგბურთელი, მოგვიანებით გაირკვევა, თუმცა, მეტოქე ამ ოთხეულიდან ერთ-ერთი იქნება: შტეფანი ვოგტი (ლიხტენშტეინი), ანასტასია ვასილიევა (უკრაინა), ჯად სუვრინი (საფრანგეთი) ან მარტა სიროტკინა (რუსეთი).
წყვილთა ტურნირში გორგოძე და ჩილელი სესილია კოსტა მელგარი მე-4 ნომრად განთესილ სოფო შაფათავას და ხსენებულ ვასილიევას გაეჯიბრებიან.
ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში რუს ანა კლებლევას ეთამაშება ანა ახალკაცი, ხოლო შარმ ელ შეიხის ასევე 10-ათასიანი ტურნირის კვალიფიკაციაში თამარ ჭალაგანიძე (მე-6 განთესვა) ჩერნოგორიელ ტამარა ბოიანიჩს ეთამაშება.
წყვილებში ჭალაგანიძე და ყაზახი ეკატერინა გუბანოვა არგენტინელი კამილა აგუირის და რუსი ანგელინა გორდიენკოს პირისპირ დადგებიან.
აქვე ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგსაც გაგაცნობთ, რომელშიც 7 ქართველი გოგონა მოხვდა:
206 (210). სოფო შაფათავა – 285 ქულა; 352 (354). ოქსანა კალაშნიკოვა – 117; 373 (377). ეკატერინე გორგოძე – 108; 440 (445). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 81; 615 (625). სოფო ქვაცაბაია – 43; 1160 (1167). მარიამ ბოლქვაძე – 6; 1249 (1254). თამარ ჭალაგანიძე – 3;
უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში მიმდინარე 50-ათასიანი ტურნირის პირველ რაუნდში მე-3 ნომრად განთესილ ავსტრიელ ჯერალდ მელცერთან 2:6, 4:6 წააგო ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.
წყვილებში ბასილაშვილი და ჩეხი მიხალ კონეჩნი მე-2 რეიტინგის მქონე ბელარუსულ დუეტს – ბეტოვი/ბური – გაეჯიბრებიან.
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) კლასიფიკაციაში ბასილაშვილს 157 ქულით 292-ე ადგილი უკავია, ქართველთაგან მე-2 საუკეთესო შედეგი კი ალექსანდრე მეტრეველს გააჩნია. იგი 39 ქულით 652-ეა.