ინტერვიუები

9:54 | 5.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

გონსალო იგუაინი: “მოურინიო წარმატების გარანტორია”

“რეალის” გულშემატკივართა ერთ-ერთი კერპის, “პიპიტას” ცხოვრებაში მალე უმნიშვნელოვანესი პერიოდი დადგება. გონსალო იგუაინი, 12 ივნისიდან სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე ჩაერთვება, მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ კი, ახალ საკლუბო დამრიგებელთან, ჟოზე მოურინიოსთან ერთად შეუდგება ახალი სეზონისთვის მზადებას.

- დიეგო მარადონამ, სამუნდიალო განაცხადში ოფიციალურად ჩაგრთოთ, მადრიდის “რეალმა” კი, კონტრაქტის გაგრძელება 2016 წლამდე შემოგთავაზათ, რასაც დასთანხმდით. ალბათ, მშვენიერ გუნება-განწყობაზე იმყოფებით...
- მოუთმენლად ველოდი ერთსაც და მეორესაც. 4 წლის წინ გერმანიაში ჩატარებულ მსოფლიოს პირველობას ტელევიზიით მივადევნე თვალყური და ვფიქრობდი, რა კარგია, ამ დონეზე თამაში. ოცნება რეალობად მექცა და სულ მალე, პლანეტის საუკეთესო მოთამაშეებთან ერთად, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირზე ვითამაშებ.
- არგენტინის ნაკრებთან ერთად წინასამუნდიალო წვრთნას გადიხართ, ამასობაში კი, “რეალს” მთავარი მწვრთნელი შეეცვალა. რას გვეტყოდით მანუელ პელეგრინის დათხოვნის თაობაზე?
- გული მწყდება, პელეგრინი რომ წავიდა. მასთან მუშაობა მომწონდა, ამასთან, სენიორ მანუელი ძალიან კარგი ადამიანია.
- პელეგრინის ადგილს ჟოზე მოურინიო დაიკავებს, რომელმაც გასულ თვეში “ინტერს” ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. თქვენი ახალი დამრიგებლის უპირველესად რომელ თვისებებს გამოარჩევდით?
- მოურინიო წარმატების გარანტორია. ამის თქმა, სეუ ჟოზეს მიერ სხვა კლუბებთან მუშაობის პერიოდში მოპოვებული ტიტულების გათვალისწინებით, თამამად შეგვიძლია. მოურინიოს დანიშვნას ენთუზიაზმით შევხვდი, მაგრამ სადღეისოდ, თავში მხოლოდ სამუნდიალო ამბები მიტრიალებს.
- ხომ არ ნერვიულობთ?
- როდესაც 12 ივნისის ნიგერიასთან სადებიუტო შეხვედრა მახსენდება, ვღელავ. ძალიან მახარებს სამხრეთ აფრიკაში ოჯახის წევრები რომ ჩამოვლენ. ასეთ მნიშვნელოვან დღეებში მათი, მხარდაჭერა დიდად დამეხმარება. მახარებს ეროვნულ გუნდში დასადგურებული მეგობრული ატმოსფეროც. ჩვენ მეგობრები ვართ და ერთმანეთს ვაშაყირებთ კიდეც. მაგალითად, ბიჭები სულ იმაზე მიუთითებენ, რომ ბევრი ძილი მიყვარს, მე კი, მათ სერიოზულად ვპასუხობ, რომ ამგვარად, ენერგიის აღდგენა ხდება და დაგროვილ ძალას მინდორზე, თამაშისას ბოლომდე ვხარჯავ. ეჭვი არ შეგეპაროთ, უკლებლივ ყველა არგენტინელი ფეხბურთელი, მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას არაფერს დაიშურებს ჩვენი ნაკრების “ბიკამპეონთა” წოდების “ტრიკამპეონად” გადასაქცევად.  

მოამზადა გოჩა კაჭარავამ
 
 

0.117795