ფეხბურთი

12:34 | 30.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ღონღაძემ ლატვიის ჩემპიონატში გატანა კვლავ დაიწყო

 

ლატვიის საფეხბურთო ვირსლიგაში (უმაღლესი ლიგა), მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა შარშანდელი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა და თავდამსხმელმა მამუკა ღონღაძემ.

ქართველმა ფორვარდმა, რომელიც სეზონის დაწყებამდე დაუგავპილსის “დაუგავადან” ლიგის დებიუტანტ “ილუკსტეში” გაანათხოვრეს, თავი მე-5 ტურში, “მეტასთან” მატჩში გამოიჩინა.

განვლილ თამაშში “ილუკსტე” 62-ე წუთზე გაშვებული გოლით 0:1 აგებდა და ღონღაძემ ანგარიში 85-ე წუთზე გაათანაბრა. “ილუკსტეს” 4 ქულა აქვს და 10 გუნდში მე-8 ადგილზეა.

რუსეთის პრემიერლიგის 26-ე ტურში, ვლადიკავკაზის “ალანიამ” საკუთარ მოედანზე “კრასნოდართან” 2:3 წააგო.

მასპინძელთა რიგებში გიორგი ჭანტურია შესვენების შემდეგ გამოჩნდა და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მამუკა კობახიძე 18-კაციან განაცხადში არ ყოფილა. “კრასნოდარში” მეკარე ნუკრი რევიშვილი სათადარიგოებს შორისაც ვერ მოხვდა.

მატჩის მსვლელობისას “ალანია” 0:2 აგებდა, მაგრამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო “კრასნოდარმა” გადამწყვეტი გოლი მე-3 კომპენსირებულ წუთზე გაიტანა. “ალანიას” 16 ქულა აქვს და 16-გუნდიანი სატურნირო ცხრილის ფსკერზეა.

რუსეთის საფეხბურთო ნაციონალური ლიგის 30-ე ტურში, ნალჩიკის “სპარტაკმა” ტომსკის “ტომთან” სტუმრად ქულა აიღო – 1:1. ნალჩიკელთა რიგებში დავით სირაძე 65-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო გუჯა რუხაია განაცხადში არ ყოფილა. “სპარტაკი” 47 ქულით 17 გუნდს შორის მე-3 ადგილზეა, რაც პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში თამაშის უფლებას აძლევს.

ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკმა” შინ “პეტროტრესტს” 2:0 მოუგო და გამარჯვებულებში ერთი გოლი მერაბ ურიდიამ მიითვალა. მან სრულად ითამაშა და ანგარიში 45-ე წუთზე გახსნა. “ნეფტეხიმიკი” 42 ქულით მე-5 ადგილზეა.

ფინეთის ვეიკაუსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-3 ტურში, ტურკუს “ინტერმა” “იარო” მიიღო და 1:0 აჯობა. ტურკუელთა შორის 90 წუთი გაისარჯა ირაკლი სირბილაძე, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში გოლი ჯერ არ გაუტანია. “ინტერს” 3 ქულა აქვს და 12 გუნდში მერვეა.

დანიის სუპერლიგის 29-ე ტურში, “ორჰუსმა” გასვლაზე გათამაშების ლიდერ “კოპენჰაგენთან” 0:0 ითამაშა. სტუმართა შემადგენლობაში დავით სხირტლაძემ თავიდან ბოლომდე იბურთავა და 90-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მის მსგავსად სასტარტოში მყოფი დავით დევდარიანი 69-ე წუთზე შეცვალეს. მათე ვაწაძე ტრავმირებულია და გუნდს კიდევ საკმაო ხანი ვერ დაეხმარება. “ორჰუსს” 35 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-8 პოზიციაზეა.

0.126887