ფეხბურთი

19:52 | 30.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

გოლების წვიმა ქუთაისში

ეროვნული პირველობის მეშვიდე ტური, ქუთაისში “ტორპედო”-“ვიტ ჯორჯიას” დაპირისპირებით დასრულდა. სატურნირო ცხრილში საკმაოდ განსხვავებულ პოზიციებზე მყოფი გუნდების პაექრობა საინტერესო გახლდათ იმ კუთხითაც, რომ ეს იყო ჩემპიონატში ყველაზე ახალგაზრდული კლუბების დაპირისპირება. გამარჯვების შემთხვევაში კი, ქუთათურები მეორე ადგილზე გადადიოდნენ და თბილისის “დინამოს” კვალში ჩაუდგებოდნენ. თავის მხრივ, ტრადიციულად მოტივირებულნი იყვნენ “ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელებიც, რომლებიც მუდამ ცდილობენ გახსნილი და ეფექტური თამაშით მაყურებლებისთვის სიამოვნების მინიჭებას.

წინასწარ უნდა ვთქვათ, რომ მატჩი სასიამოვნო და ხალისიანი სანახავი გამოდგა. ახალგაზრდულმა გუნდებმა, “ცენტრალურზე” შეკრებილებს ლამაზი და უკომპრომისო პაექრობა უჩვენეს. შეხვედრა სტუმართა რეალური მომენტით დაიწყო და წესით, თბილისელები უნდა დაწინაურებულიყვნენ კიდეც, ცოტა მეტი ყურადღება რომ გამოეჩინათ. მე-2 წუთზე, ნიკა სიჭინავას წაქცევისათვის დანიშნული ჯარიმა ჯანელიძემ შეასრულა. გიორგის მიერ შესრულებული სტანდარტული, ქვილითაიამ ადგილზევე მოიგერია და კარის წინ მდგომ სიჭინავას შესანიშნავი შანსი მიეცა, მაგრამ ვეტერინართა მარცხენაფლანგელმა, ორიოდ მეტრიდან, ზუსტი დარტყმა ვერ მოახერხა და ბურთი კარს ააცილა. სულ მალე, ქუთაისელების შეცდომით ისარგებლა კორიფაძემ და ბურთი მოხელთებისთანავე საჯარიმოს გარედან დაარტყა. ამ მომენტში, საკუთარი გოლი აშკარა გოლისაგან ქვილითაიამ იხსნა ბრწყინვალე ნახტომის წყალობით.

ასეთი დასაწყისის შემდეგ, თამაში ოდნავ ჩაწყნარდა და ქუთათურებმა ნელ-ნელა შეძლეს სიტუაციის გამოსწორება, თუმცა, მე-19 წუთზე მიზანთან ახლოს კვლავ ჯორჯიელები იყვნენ, როდესაც ჯანელიძის ასისტენტობის შემდეგ, ლობჟანიძე ურტყამდა დაბალი ტრაექტორიით, თუმცა მცირედით უზუსტოდ. ამ მომენტში, ქუთათურები ისევ გადარჩნენ. მოვლენების ასეთი განვითარების ფონზე, ერთი შეხედვით მოულოდნელი გახლდათ ის, რომ პაექრობაში “ტორპედო” დაწინაურდა. შეტევის მარცხენა ფლანგზე ჩინებულად გაისარჯა კუხიანიძე, რომელმაც მეტოქის მცველებს ბურთი აართვა, მეურვეც ჩამოიშორა და საჯარიმოში შეჭრილი, ადამაძემ წააქცია. არბიტრმა ხელი უყოყმანოდ საპენალტე ნიშნულისაკენ გაიშვირა. თერმეტმეტრიანის შესრულება გიგაურმა ითავა, რომელმაც მეკარის ნახტომის საწინააღმდეგოდ დაარტყა და ანგარიშიც გაიხსნა – 1:0.

დაწინაურების შემდეგ, უპირატესობას რიონისპირელები დაეუფლნენ. 34-ე წუთზე ისევ გიგაური ემუქრებოდა ვიტელთა კარს შორეული დარტყმით, მაგრამ დაუშვილმა ჩინებული ნახტომით შეძლო ბურთის მოგერიება. ტაიმის მიწურულს კი, ფანცულაიას პასით საბანაძე შევიდა მახვილი კუთხიდან მეკარესთან პირისპირ, დაარტყა კიდეც, მაგრამ დაუშვილს სწორი პოზიცია ეჭირა და ბურთსაც უპრობლემოდ დაეუფლა. ტაიმი მასპინძელთა მინიმალური უპირატესობით დასრულდა.

მეორე ნახევარი ისევ სტუმართა იერიშებით დაიწყო და 47-ე წუთზე, სიჭინავა ქუთაისელთა საჯარიმოში მთივლიშვილმა წააქცია. არბიტრმა ამ სიტუაციაშიც პენალტი დაფიქრების გარეშე სამართლიანად დანიშნა. გიორგი ჯანელიძემ ბოძებული შანსი აუღელვებლივ გამოიყენა და ქვილითაიას შანსი არ დაუტოვა – 1:1. 

ვეტერინარები მეტოქეს არ ეპუებოდნენ და გათანაბრების შემდეგ დაცვაში არ ჩამჯდარან. სწორედ ამით ისარგებლეს 52-ე წუთზე ქუთათურებმა და სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, რომლის შედეგადაც, კუხიანიძემ იდეალური გადაცემა გაუკეთა ფანცულაიას. ამ მომენტში, ყველა ელოდა გიორგის გადაცემას საწინააღმდეგო მხარეს, თუმცა ქუთაისელთა ნახევარმცველის ეს გადაწყვეტილება უფრო ეფექტური და მახვილგონივრული გამოდგა. ფანცულაია მეკარესთან პირისპირ კი გავიდა, მაგრამ დარტყმა დააგვიანა და როდესაც დაარტყა, ამ დროს ბურთს ერთ-ერთი ვიტელი შეეხო და კუთხურზე გადავარდა. გიგაურის ჩამოწოდებულ ბურთზე კი, ყველას ტანმორჩილმა კაპანაძემ აჯობა, რომელმაც ზუსტი თავურით დააწინაურა ქუთაისელები – 2:1.

ანგარიშში ჩამორჩენისთანავე, ვიტელებს ხელსაყრელი მომენტი მიეცათ, როდესაც სტანდარტულის შემდეგ კორიფაძე ურტყამდა, მაგრამ ბურთი ხიდეშელს შეეხო და კუთხურზე გადავარდა. ვიტელები ბევრს ცდილობდნენ შეტევაში ყოფნას, მაგრამ ხეირიანს ვეღარაფერს ახერხებდნენ და მასპინძელთა კონტრშეტევებიც ეპარებოდათ. სწორედ ასე მოხდა 68-ე წუთზე. თბილისელთა იერიშისას, საბანაძემ, რომელიც მცველთა დასახმარებლად იყო ჩასული, ბურთი ძლიერი დარტყმით გამოიტანა და ფანცულაიაზე ჩინებული გადაცემა გამოუვიდა, რომელიც ეულად შერჩა დაუშვილს და თავისი შანსიც გამოიყენა - გამოზომილი დარტყმით, ბურთი მესამედ გამოატანინა საკუთარი კარიდან ვეტერინართა კიპერს – 3:1.

ფანცულაიას გოლმა, ფაქტობრივად, მატრჩში ინტრიგა მოჰკლა. აღმოსავლელები ჩვეული შემართებით ვეღარ თამაშობდნენ, ქუთათურებმა კი მალე მეოთხეც გაიტანეს. 74-ე წუთზე, ცინცაძემ დიდოსტატურად შეასრულა საჯარიმოს მისადგომებიდან სტანდარტული. ბურთი ვიტელთა “ცხრიანში” გაეხვა და ლამაზი სანახავი გამოვიდა – 4:1.      

 

“ტორპედო” – “ვიტ ჯორჯია”  4:1  (1:0) 

30 სექტემბერი. 17:00. ქუთაისი. “ცენტრალური”. 1200 მაყურებელი

“ტორპედო”: ქვილითაია, ცინცაძე, გიგაური (მარკოზაშვილი, 77), უბილავა, ხიდეშელი, საბანაძე (ფირცხალავა, 80), კუხიანიძე, ფანცულაია, მთივლიშვილი, კაპანაძე (გოროზია, 71), ზაზა ჭელიძე.

მთავარი მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა მულეტი

“ვიტ ჯორჯია”: დაუშვილი, მჭედლიშვილი, ადამაძე, კასრაძე, ჯავაშვილი, დავლაშელიძე, წყაროზია (ღიბრაძე, 46), კორიფაძე (კვირკვია, 77), ჯანელიძე, სიჭინავა (კუხალეიშვილი, 72), ლობჟანიძე.

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე

გოლები: 1:0 გიგაური (26, პენალტით), 1:1 ჯანელიძე (48, პენალტით), 2:1 კაპანაძე (53), 3:1 ფანცულაია (68), 4:1 ცინცაძე (74).  

გაფრთხილება: კუხალეიშვილი (76).    

არბიტრი:  ლექსო კრიჭაშვილი (თბილისი)

 

მე-7 ტურის დანარჩენი შეხვედრები:

"დინამო" (თბილისი) – "მერანი" (მარტვილი) 4:2 (1:1)

გოლები: 0:1 ციკოლია (3), 1:1, 2:1 კვირკველია (20, 51), 3:1 ძარია (52), 3:2 შულაია (62), 4:2 ვუო (83).

 „დილა“ (გორი) – „სპარტაკი“ (ცხინვალი) 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 გორელიშვილი (45), 2:0 მოდებაძე (58პ.), 3:0 მოდებაძე (63), 3:1 ნანუაშვილი (87)

„სიონი“ (ბოლნისი) – „ჩიხურა“ (საჩხერე) 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 ტატანაშვილი (45), 1:1 სამხარაძე (84), 2:1 მიკუჩაძე (84), 2:2 ჭელიძე (90)

„მეტალურგი“ (რუსთავი) – „ზუგდიდი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ფიფია (75)

“ზესტაფონი” – “გურია” (ლანჩხუთი) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ქობალია (87)

 

1. დინამო 7 5 1 1    15:5 16
2. ტორპედო 7 4 3 0    10:4 15
3 ჩიხურა
7 4 1 2   15:10
13
4. მერანი 7 4 0 3    10:11 12
5. დილა 7 3 2 2    10:8 11
6. მეტალურგი 7 3 2 2    7:9 11
7. გურია 7 3 0 4    6:9 9
8. სიონი 7 2 2 3    9:9 8
9. 7 2 2 3    8:9 8
10. ზესტაფონი 7 2 1 4    6:7 7
11. ზუგდიდი 7 1 2 4    3:10 5
12. სპარტაკი 7 1 0 6    3:11 3

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.123156