სტატიები

14:27 | 28.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

“გოლების შადრევანი”

1958 წლის 28 ივნისს გეტებორგის “ულევის” სტადიონზე მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის მატჩი ჩატარდა. საფრანგეთმა წინა მუნდიალის გამარჯვებულ გერმანიის ფედერაციულ ნაკრებს 6:3 მოუგო და საპატიო მესამე ადგილი დაიკავა. სამფეროვანთა ეს მიღწევა ლამის მთლიანად მათი ფორვარდის, ჟუსტ ფონტენის დამსახურებაა. ფორვარდმა 4 გოლი გაიტანა გერმანელთა კარში, ტურნირზე გატანილ გოლთა რაოდენობა კი 13-მდე გაზარდა. მუნდიალების ისტორიაში ეს შედეგი დღემდე სარეკორდოა.
მართლაც საოცარი მიღწევის ავტორია ჟუსტ ფონტენი. საფრანგეთის ნაკრებში ჩატარებულ შეხვედრებში გატანილ ბურთთა საშუალო მაჩვენებელი მატჩზე 1.5 გოლს უტოლდება. არ გვგონია, ეს რეკორდი ოდესმე რომელიმე ფორვარდის მიერ იქნას გაუმჯობესებული. ერთი სიტყვით, მუსიე ჟუსტი სრულად ამართლებს საკუთარ გვარს – მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ “გოლების შადრევანი” (ფონტენი ფრანგულად შადრევანს ნიშნავს). საკუთარი მაჩვენებლისთვის კი თავად ფორვარდს შეეძლო გადაესწრო, რომ არა ის საბედისწერო ტრავმა, რის გამოც ფონტენი საფეხბურთო მინდორს 27 წლისა დაემშვიდობა.
ჟუსტ ფონტენი მარაკეშში დაიბადა. სწორედ ამ ქალაქში მდებარეობდა მაროკოს მეფეთა რეზიდენცია. ბიჭუნას დედა ესპანელი ჰყავდა, ამიტომ ბავშვობაში ჟუსტს ესპანურ ყაიდაზე ხუსტოს ეძახდნენ. იგი ადრეული ასაკიდან იყო ფეხბურთზე შეყვარებული, მაგრამ ამ გატაცებაში წინააღმდეგობას მამა უწევდა – თამბაქოს ფაბრიკა “ტაბაკალერას” თანამშრომელს სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა ჯანმრთელობისთვის სახიფათოდ მიაჩნდა (თითქოს გული უგრძნობდა, მისი პირმშო მძიმე ტრავმას რომ მიიღებდა) და ვაჟს კალათბურთში ან მძლეოსნობაში ვარჯიშს ურჩევდა. მშობლის დარიგებამ არ გაჭრა და “მარაკეშთან” ერთად ფონტენი მაროკოს ჭაბუკთა კლუბების ჩემპიონატში იმარჯვებს. 1950 წელს ჟუსტს ჩრდილოაფრიკული ქვეყნების უძლიერესი გუნდი “კასაბლანკა” იბირებს, რომლის შემადგენლობაშიც ფონტენი ჩრდილოეთის თასს (იგივე მაღრიბის თასი) ისაკუთრებს და ამ პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც ხდება. “გოლების შადრევნის” შესახებ ხმამ საფრანგეთამდეც ჩააღწია და 20 წლის ცენტრფორვარდი “ნიცაში” ჩაირიცხა. თავის პირველსავე “ფრანგულ” სეზონში ჟუსტი ქვეყნის თასს ეუფლება, ხოლო 1956 წელს საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულს ისაკუთრებს. იმავე წელს, “რეიმსმა” რაიმონ კოპა მადრიდის “რეალს” მიჰყიდა და ამის საკომპენსაციოდ “ნიცასგან”, იმ პერიოდისთვის სარეკორდო თანხად, ათ მილიონ ფრანკად ფონტენი შეიძინა. გარიგებისაგან თავად თავდამსხმელს არაფერი შეხვდა, რადგან მაშინ სატრანსფერო თანხისგან სპორტსმენის ჰონორარი გათვალისწინებული, როგორც წესი, არ იყო ხოლმე.
საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ჟუსტი ნიცაში გადაბარგების წელს მიიწვიეს და სადებიუტო მატჩში მან ჰეთ-თრიკი შეუსრულა ლუქსემბურგელებს. 1954 წელს შვეიცარიაში ჩატარებულ მუნდიალზე ფონტენი გასამგზავრებელ კანდიდატთა სიაში კი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში იგი გამოუცდელობის საბაბით შინ დატოვეს. ფონტენის პირველი მატჩი კი, სამფეროვანთა ეროვნულ გუნდში 1956 წლის 7 ოქტომბერს, უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშისას შედგა. მიუხედავად იმისა, რომ მეხუთე რესპუბლიკის საფეხბურთო წარმომადგენლები 1:2 დამარცხდნენ, თავად ჟუსტის ასპარეზობით ყველა კმაყოფილი დარჩა. ფორვარდის მაღალ სასტარტო სისწრაფესა და საგოლე ინტუიციას თავიდანვე მიაპყრეს ყურადღება. მიუხედავად, არცთუ მაღალი ტანადობისა, ფონტენი ფიზიკურად მძლავრი მოთამაშე გახლდათ და საკუთარ თავში დაჯერებული ფეხბურთელის შთაბეჭდილებასაც ტოვებდა.
ჟუსტ ფონტენისთვის განსაკუთრებით წარმატებული 1958 წელი აღმოჩნდა – მისმა “რეიმსმა” ჩემპიონობაც მოიპოვა და საფრანგეთის თასიც, ხოლო ფორვარდი 34 გატანილი ბურთით, საფრანგეთის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ამის მიუხედავად, ჟუსტი ეროვნულ ნაკრებში მყარად ფეხმოკიდებულად მაინც არ ითვლებოდა და ჟურნალისტებთან საუბრისას ყოველთვის იმეორებდა, სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ მაშინ თუ დამაყენებენ, როცა გუნდში რაიმონ კოპა არ იქნებაო. საქმე კი ის გახლდათ, რომ კოპა მადრიდელთა “სამეფო გუნდისთვის” ზედიზედ მესამე ჩემპიონთა თასის მოპოვებაში იღებდა აქტიურ მონაწილეობას და სანაკრებო წვრთნაზე მოგვიანებით გამოცხადდა. თუმცა, ჟუსტ ფონტენი შვედეთის სტადიონებზე მიმდინარე მუნდიალის მსვლელობისას ფრანგთა უპირველესი გუნდის ძირითად მოთამაშედ მოგვევლინა, ამას კი ხელი თანანაკრებელ რენე ბლიარის მწყობრიდან გამოსვლამ შეუწყო. ასე რომ, ფონტენის მიერ დამყარებული ფენომენალური რეკორდი, გარკვეულწილად, შემთხვევითობაა, რადგან მთავარი მწვრთნელი პოლ ნიკოლი მსოფლიოს ჩემპიონატის სტარტამდე ფონტენზე მაღლა ბლიარს აყენებდა.
ტყავის ბურთის ორმა ჯადოქარმა – კოპამ და ფონტენმა – თავიდანვე მშვენივრად აუბეს ერთმანეთს მხარი. მუნდიალის სასტარტო შეხვედრაში ფრანგებმა პარაგვაი 7:3 გაანადგურეს და ჟუსტმა საკუთარ აქტივში ჰეთ-თრიკი ჩაიწერა. ჯგუფური ტურნირის დარჩენილ ორ მატჩში ფონტენს წინა პაექრობებთან შედარებით თითო გოლით ნაკლები გაჰქონდა. მან იუგოსლავებს 2, ხოლო შოტლანდიელებს ერთი ბურთი შეუგდო. მეოთხედფინალში სამფეროვნებმა ბრიტანეთის კიდევ ერთ წარმომადგენელს, ჩრდილოეთ ირლანდიას შანსი არ დაუტოვეს (4:0), ფონტენმა კი ორჯერ დაამწუხრა ოლსტერელები. ნახევარფინალში ფრანგებს მოწინააღმდეგედ ბრაზილია “ერგოთ” და ამ წყვილში სპეციალისტთა უმრავლესობა უპირატესობას ევროპელებს ანიჭებდა, თუმცა, მათ 17 წლის სუპერვუნდერკინდ პელეს ფაქტორი ვერ გაითვალისწინეს. ფრანგების 5:2 ძლევით, მსოფლიოს ჩემპიონატის მომავალმა ტრიუმფატორებმა ფონტენი და კომპანია “დამამშვიდებელ ფინალში” სათამაშოდ გაისტუმრეს. ისე კი, ჟუსტის ზუსტი დარტყმის შემდეგ ვერც ბრაზილიელთა ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარემ ჟილმარმა ვერ იხსნა თავისი გუნდის კარი და ამ ბურთით ფონტენმა მუნდიალზე თავისი მეცხრე გოლი გაიტანა. იმ მომენტისთვის მსოფლიოს ჩემპიონატების დასკვნით ეტაპზე შედეგიანობის საუკეთესო მაჩვენებელი უნგრელ შანდორ კოჩიშს ჰქონდა (11) და ამ მიღწევის გასაუმჯობესებლად ფრანგთა გოლეადორს აწ უკვე მსოფლიოს ექსჩემპიონის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კარი მინიმუმ სამჯერ მაინც უნდა დაელაშქრა. ჟუსტ ფონტენმა “დასახულ გეგმას” გადააჭარბა და პოკერის გახერხებით დღემდე საუკეთესო შედეგის მფლობელია. აი, როგორ დაახასიათა შვედეთის მუნდიალის დასრულების შემდეგ ფონტენი ბრაზილიელთა ტრიუმფის ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა დიდიმ: “10-დან 9 შემთხვევაში, როცა ფონტენი ბურთს ეუფლება, კარის აღებით მთავრდება. საგოლე ალღოთი იგი თვით ადემირსაც აღემატება და ჟუსტი ბრაზილიაში რომ თამაშობდეს, ტორსიდას კერპი უმალ გახდებოდა”.

1959 წელს ჟუსტ ფონტენი ჩემპიონთა თასის საუკეთესო ბომბარდირი ხდება (10 გოლი) და დიდა უწყობს ხელს “რეიმსს” ფინალში მეორედ გასვლის საქმეში, მაგრამ ამჯერადაც, ფრანგულ კლუბზე უფრო ძლიერი მადრიდული “სამეფო კლუბი” აღმოჩნდა. მომდევნო სეზონში ფონტენი მესამედ ხდება საფრანგეთის ჩემპიონი და 28 ბურთით კვლავ იმარჯვებს ბომბარდირთა დავაში. 1960 წლის 20 მარტი კი გოლეადორისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. “სოშოს” მცველი სიკუ ორივე ფეხით ისე ეძგერა ფონტენს, რომ წვივი 2 ადგილად მოტეხა. ფორვარდმა 6 თვე თაბაშირით გაატარა და საფეხბურთო კარიერის გაგრძელება მხოლოდ 11 დეკემბერს შეძლო. ფონტენს ბედმა კიდევ ერთხელ უმტყუნა – მალე ფეხის კიდევ ერთი სერიოზული დაზიანება მიიღო და 27 წლისამ ბუცები ლურსმანზე დაკიდა. კარიერის განმავლობაში ჟუსტმა 159 გოლი გაიტანა. მის მიერ გატანილი 30 სანაკრებო გოლი კარგა ხნის განმავლობაში ფრანგთა ეროვნული გუნდის საუკეთესო შედეგიც იყო, მაგრამ 1984 წელს ეს მაჩვენებელი მიშელ პლატინიმ გააუმჯობესა.
ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ ჟუსტ ფონტენი პუბლიცისტად და პროფკავშირულ მოღვაწედ მოგვევლინა. მოგვიანებით კი, სპორტის საყვარელ სახეობას მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა. ფონტენი სხვადასხვა დროს სათავეში ედგა “ტულუზას”, პსჟ-ს, აგრეთვე, ესპანეთისა და მაროკოს კლუბებს. მისი სადამრიგებლო აპოთეოზი კი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნას უკავშირდება, თუმცა, ამ პოსტზე მოღვაწეობისას, ფონტენს გაცილებით ნაკლები წარმატება ჰქონდა, ვიდრე აქტიური საფეხბურთო კარიერისას, ამიტომ მუსიე ჟუსტის ამ საქმიანობაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ.


გოჩა კაჭარავა

0.182739