რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-20 ტურში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ”, სადაც გოგიტა გოგუა და გიორგი ნავალოვსკი გამოდიან, საკუთარ მოედანზე ვოლგოგრადის “როტორს” ვერ მოუგო – 0:0.
ორივე ქართველი ფეხბურთელი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და შეუცვლელად ითამაშეს. გოგუამ 89-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “სკა-ენერგიას” 30 ქულა აქვს და 19 გუნდში მე-6 ადგილზეა.
სამხრეთ აფრიკის PSL-ის (უმაღლესი ლიგა) მე-7 ტურში, “მოროკა სვალოუვსმა”, სადაც გიორგი ნერგაძე ირჯება, სტუმრად “ბლუმფონტეინთან” 2:2 ითამაშა. ქართველმა ნახევარმცველმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო. “მოროკას” 12 ქულა დაუგროვდა და 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციაზეა.
ლიტვის თასის 1/4-ფინალის პირველ მატჩში, გარგჟდაის “ბანგამ” სტუმრად “დაინავასთან” 1:2 წააგო. “ბანგაში” ვაჟა ბედოიძემ და თამაზ ჩარგეიშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშეს, ხოლო ირაკლი ღერკენაშვილი მოედანზე 79-ე წუთზე გამოჩნდა. 1/4-ფინალის საპასუხო მატჩი 6 ნოემბერს შედგება.
ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) 32-ე ტურში, “პაიდემ” სტუმრად ტალინის “ინფონეტთან” 1:2 წააგო. “პაიდეში” ქართველ თავდამსხმელს თენგიზ ეთერიას არ უთამაშია. “პაიდეს” 44 ქულა აქვს და 10 გუნდში მეხუთეა.