ფეხბურთი

15:33 | 25.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

გოგიტა გოგუა: “მთელმა საქართველომ იცის რა მოხდა”

 

ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” ნახევარმცველმა გოგიტა გოგუამ ჟურნალ “პრო ფუტბოლთან” საუბრისას განაცხადა, რომ ვიდრე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა, გუნდში დაბრუნება ვერ წარმოუდგენია. 

- როგორც თქვით, რუსეთში თქვენთვის დიდი ფეხბურთი დაიწყო არა “ხიმკიდან”,  რომელშიც პირველად თამაშობდით, არამედ, ნალჩიკის “სპარტაკიდან”. ასე რატომ ფიქრობთ?

-“ხიმკიში” ცოტას ვთამაშობდი და თავს ფეხბურთელად არ გვრძნობდი, რაც არ მაკმაყოფილებდა. ნალჩიკში მისვლისთანავე თავი ფეხბურთელად ვიგრძენი. როდესაც იქ მივედი, გუნდში პირველი ქართველი ვიყავი. შემდეგ მოვიდნენ დავით სირაძე და ლევანი გვაზავა. ნალჩიკში კლუბის ხელმძღვანელობამ, გულშემატკივრებმა და სამწვრთნელო შტაბმა ძალიან კარგად მიმიღო. მენდობოდნენ და პრემიერლიგაში თამაში არცთუ ცუდად დავიწყე.    

- თქვენთვის მნიშვნელოვანია რამდენ გოლს გაიტანთ?

- ჩემს მიერ გატანილ გოლებს არ ვითვლი, რადგან ამას მნიშვნელოვნად არ მივიჩნევ. მთავარია, რომ გუნდმა მოიგოს. ნალჩიკში მეტწილად ნახევარმცველის პოზიციაზე ვთამაშობდი  და ჩემთვის მთავარი პასის გაკეთება იყო. ცხადია, გოლის გატანა სასიამოვნოა, მაგრამ გუნდის შედეგი უფრო მნიშვნელოვანია.

- ნალჩიკში ჩატარებული პირველი სეზონის შემდეგ, გულშემატკივრებმა გუნდის საუკეთესო მოთამაშეებს შორის მე-3 ადგილზე დაგასახელეს...

- გულშემატკივრებს იქ დღემდე ვახსოვარ, რაც ძალიან სასიამოვნოა. 2006 წელს, გუნდის საუკეთესო ახალწვეული გავხდი. შემდეგ, ნალჩიკიდან სხვა გუნდებში გადავდიოდი, კერძოდ, “სატურნსა” და “ტერეკში”, მაგრამ ისევ უკან ვბრუნდებოდი, რადგან “სპარტაკში” თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი.

- ყოველი მატჩის შემდეგ, ხაბაროვსკელი გულშემატკივრები, საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად ხმას აძლევენ და თქვენ მეორე ადგილზე ხართ. მხოლოდ გიორგი ნავალოვსკი გჯობნით.

- რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ, მაგრამ ხაბაროვსკში უფრო მეტად სხვა რამ მაღელვებს: ფეხბურთი მეორე ადგილზე რატომ არის? ფეხბურთი მსოფლიოში ნომერ პირველი სპორტია. აქ სხვანაირად რატომაა და ცოტა მაყურებელი რატომ დადის, არ ვიცი. შედეგით თუ ვიმსჯელებთ, გუნდი არცთუ ცუდად გამოდის. მითუმეტეს, ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ჩვენ ვართ – ხანგრძლივი გადაფრენა და დაღლილობა. ნორმალური ფეხბურთელებივით რომ ვისვენებდეთ, შედეგი კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა. ფეხბურთისადმი დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. ფეხბურთელებს პატივი უნდა სცენ. ბიჭებს, რომლებიც აქ თამაშობენ, ძეგლი უნდა დაუდგან. ხაბაროვსკში თამაში ძალიან ძნელია, რადგან დროში დიდი სხვაობაა და ბევრი ენერგია ფუჭად იხარჯება. ზოგჯერ ღამე ვერ იძინებ და საჭმელს უდროო დროს ჭამ. მოედანზე გადიხარ და თამაში ძალიან რთულია.   

- ე.ი. ეთანხმებით მთავარ მწვრთნელს ვალდას ივანაუსკასს, რომელიც ამბობს: “ჩემი ფეხბურთელები რობოტებივით არიან”.

- ვალდასს ვეთანხმები, რადგან ისიც ასეთ მდგომარეობაშია. ყველასთვის რთულია, მათ შორის სამწვრთნელო შტაბისთვის. კარგია, რომ ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის ნორმალური დამოკიდებულებაა. საერთო ჯამში, კლუბში კარგი სიტუაციაა. ჩვენ მეგობრული გუნდი ვართ.

- გუნდში მშობლიურ ენაზე საუბრობთ?

 - ხშირად. ფეხბურთელებმა იციან, რომ მე და გიორგი ნავალოვსკი ერთმანეთს ქართულად ველაპარაკებით, რასაც ჩვეულებრივ აღიქვამენ. ბრაზილიელებიც ხომ ერთმანეთს მშობლიურ ენაზე ელაპარაკებიან. რუსული ისე კარგად არ ვიცით, როგორც ჩვენი ენა.

- მოთამაშეებმა ხომ არ გთხოვეს, რომ რაიმე ქართული სიტყვა გესწავლებინათ?

- მათ ისედაც ყველაფერი იციან. განსაკუთრებით “ლამაზი” სიტყვები სხვადასხვა ენაზე.

-კლუბის გენერალურმა დირექტორმა სერგეი ფელდმანმა თქვა, რომ კერძებს თავად იმზადებთ. თქვენი საყვარელი კერძი ?

- ყველას ვერ ჩამოგითვლით. ეს საიდუმლოა. დიახ, ვამზადებ. ვერ გეტყვით, რომ ეს საქმე ძალიან მიყვარს, მაგრამ...მე ძალიან კარგად ვჭამ და ძალიან კარგად ვამზადებ. ბიჭები ჩემთან ყოფილან და უჭამიათ. კამპანიები მიყვარს. მარტო სახლში ჯდომა მოსაწყენია.

- მაინც რომელ კერძს ამზადებთ?

- ჩემი საყვარელი კერძი “ჩახოხბილია”, რომელიც მთელ გუნდს მოსწონს. ყველა ითხოვს: “გოგა, “ჩახოხბილი” როდის იქნება?”. მის მომზადებას ძალიან დიდი დრო უნდა.

- რადგან მომზადება გიყვართ, იქნებ, ერთხელ თავი მზარეულად მოგესინჯათ?

- არა, არა. სხვათა შორის, კერძების მომზადება ცოლმა მასწავლა. ვერ ვიტყვი, რომ ეს საქმე ძალიან მომწონს, მაგრამ ფეხბურთელი ვარ და კარგი კვება აუცილებელია.

- ხაბაროვსკში ყოფილხართ რესტორანში, სადაც ქართულ კერძებს ამზადებენ?

- აქ ასეთი რესტორანი არ არის.

- 2011 წლის 27 მარტს, ევრო-2012-ს შესარცევ ციკლში ხორვატიასთან ჩატარებული მატჩის მეორე დღეს, თქვენს და საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას შორის კონფლიქტი მოხდა. მაინც რაში იყო საქმე, რადგან ამის შემდეგ ნაკრებში ადგილი დაკარგეთ?

- განსახილველიც არაფერია. მთელმა საქართველომ იცის რა მოხდა. ნაკრებში ყოველთვის ვთამაშობდი, მაგრამ სიმართლე რომ ითქვას, ვიდრე იქ ამჟამინდელი მწვრთნელი მუშაობს, არა მგონია გუნდში დავბრუნდე. ფეხბურთის პირად ურთიერთობასთან არევა არ შეიძლება. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ნაკრებში გამოძახება დიდი მოვლენაა და მეც ამისკენ მივისწრაფვი. ჯერ მხოლოდ 30 წლის ვარ და ნაკრებში თამაშს კიდევ ვაპირებ. ეროვნული გუნდის გამოსვლას თვალს ვადევნებ. ნაკრების თამაშების დროს არის სიტუაციები, როდესაც შენს თავს სხვა ფეხბურთელის ადგილზე წარმოიდგენ და ფიქრობ, რომ მათზე ნაკლები არ ხარ.   

- პრემიერლიგაში დაბრუნება გინდათ?

- ეს ჩემი ოცნებაა. რატომაც არა? ვიცი, რომ ეს შემიძლია და ადრინდელივით ვითამაშებ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ფეხბურთის თამაშს ახლა ვიწყებ. როდესაც 21-22 წლის ვიყავი, მსურდა მოედანზე გასულს არა გუნდისთვის მეთამაშა, არამედ, საკუთარი თავი წარმომეჩინა. ახლა ამ პერიოდმა განვლო და ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი გუნდის შედეგია. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალიან საწყენია, როდესაც ხაბაროვსკში ფეხბურთს მცირე ყურადღებას აქცევენ. არადა, კარგი გუნდია. სად არის ხალხი, გულშემატკივრები?.

- რუსეთის პირველი დივიზიონსა და პრემიერლიგას შორის რა პარალელს გაავლებდით?

- პირველ დივიზიონში უფრო მეტს დარბიან, მაგრამ ოსტატობა არ ჰყოფნით. ამიტომ, ფეხბურთი ისეთი სანახაობრივი არაა, როგორც პრემიერლიგაში. ყველაფერი ერთად უნდა იყო: ფეხბურთელს სირბილიც უნდა შეეძლოს და ბურთთან მოპყრობაც. თუ ფეხბურთელი მხოლოდ დარბის, გამოდის რომ მორბენალია. ფეხბურთი ფეხბურთია და რაიმე სილამაზე თან უნდა ახლდეს. მწვრთნელი მოედანზე არ გამოვა და არ მიგითითებს სად უნდა გაიქცე. იმპროვიზაცია თავად უნდა შეგეძლოს. მწვრთნელს შეუძლია ტაქტიკურად რაღაც გიკარნახოს, პოზიცია შეგირჩიოს, ხოლო დანარჩენი თავად უნდა გააკეთო. ამიტომ, ფეხბურთში ჭკუაა საჭირო.

- გუნდი სტადიონ “იუნოსტზე” თამაშობს, სადაც გულშემატკივრებისთვის ცოტა ადგილია და ამიტომ, ტრიბუნები ყოველთვის შევსებულია. ეს პლუსია?

- უკეთესია ლენინის სახელობის სტადიონზე თამაში, რადგან ხელოვნური მოედანი მაინც ის არაა. “იუნოსტზე” კარგად ისმის გულშემატკივრები რას ყვირიან. ხაბაროვსკში ფეხბურთი წამოსაწევია. ფეხბურთი ბევრს უყვარს და დროა ჩინოვნიკებმაც შეიყვარონ. როდესაც 2006 წელს ნალჩიკში ჩავედი, იქ ფეხბურთი უკვე უყვარდათ. სტადიონი ყოველთვის სავსე იყო. რომ შეადაროთ 2006 წელი და ახლანდელი დრო, ნალჩიკი ძალიან შეიცვალა. ძალიან სუფთა და კარგი ქალაქია, რადგან რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ფეხბურთის დონე ასწია. იქ სადაც ფეხბურთია, ყველკაფერი კარგადაა.

- “იუნოსტზე” ისე ჩანს, რომ პარტნიორებს ძალიან ხმამაღლა, ემოციურად კარნახობთ.

- დიახ, ემოციური ვარ. მე ხომ ქართველი ვარ. ადრე უფრო ემოციური ვიყავი. ასე რომ, ახლა უფრო დავწყნარდი. ხმამაღლა იმიტომ ვკარნახობ, რომ გულშემატკივრები მოედათან ახლოს სხედან და შესაძლოა, პარტნიორმა რაიმე ვერ გაიგოს.

- თქვენი საყვარელი კლუბი რომელია?

- “ბარსელონა” – მსოფლიოში ყველაზე ტექნიკური გუნდი.

- ამ კლუბში უხელფასოდ სათამაშოდ რომ მიეწვიეთ დათანხმდებოდით? 

- რა თქმა უნდა, დავთანხმდებოდი. ეს ხომ ნებისმერი ფეხბურთელის ოცნებაა.

- თქვენი საყვარელი ფეხბურთელი ვინ არის?

- ლიონელ მესი.

- თქვენს კარიერაში იყო მომენტი, როდესაც ევროპაში თამაშის შანსი გქონდათ – შოტალანდიური “ჰართსი” გეპატიჟებოდათ.

- მაშინ, ამ გუნდს ვალდას ივანაუსკასი წვრთნიდა. უბრალოდ, სამუშაო ვიზა არ მომცეს. ამის შემდეგ, “სატურნში” დავბრუნდი, სადაც ერთი სეზონი ჩავატარე და მერე ნალჩიკის “სპარტაკმა” შემიძინა. იმ პერიოდში ვალდასთან ერთად მუშაობა არ მომიწია, სამაგიეროდ ახლა ვმუშაობ. ბედმა მაინც შეგვახვედრა.

- სათამაშო ფორმას რამდენ ხანში იცმევთ?

- შვიდი წუთი მაინც მჭირდება. ჯარში ხომ არ ვარ. იქ ასანთს აანთებენ და სანამ ჩაქრება ფორმა უნდა ჩაიცვა. 

- თვალდახუჭული ბურთს კარში მოახვედრებთ?

- გააჩნია, საიდან დავარტყამ.

0.121045