გერმანული “ჰალეშერის” რიგებში პირველი გოლი გაიტანა აკაკი გოგიამ, რომელიც გუნდს მიმდინარე ზაფხულში შეურთდა.
გერმანიის საფეხბურთო მე-3 ლიგის მე-6 ტურში, “ჰალეშერმა” სტუმრად “შტუტგარტი II”-ი 2:1 დაამარცხა და 63-ე წუთზე ანგარიში ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა გახსნა, რომელსაც გერმანული პასპორტი აქვს. გოგია სასტარტოში არ იყო და თამაშში 31-ე წუთზე ჩაერთო. “ჰალეშერს” 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა.
პორტუგალიის ლიგა დე ონრას (უმაღლესი ლიგა) მე-5 ტურში, “ოლივეირენსემ” სტუმრად “მორეირენსეს” 1:0 სძლია. ავთო ებრალიძე გამარჯვებულთა სასტარტოში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს. 35-ე წუთზე, მან ყვითელი ბარათი მიიღო. “ოლივეირენსეს” 4 ქულა აქვს და 22 გუნდში მეთვრამეტეა.
იტალიის სერია B-ს მე-2 ტურში, “ემპოლიმ” გასვლაზე “პალერმო” 2:1 დაამარცხა. ლევან მჭედლიძე სტუმართა თადარიგში იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია. ირაკლი შეყილაძე “ემპოლის” 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა. “ემპოლიში” თავი კვლავ გამოიჩნეს ტავანომ და მაკარონემ. 2 ტურის შემდეგ, “ემპოლი” 22 გუნდიან გათამაშებას ლიდერობს.
ბელარუსის პრემიერლიგის 22-ე ტურში, ბრესტის “დინამომ” შინ “ნატანს” 2:1 აჯობა. უჩა გოგოლაძე ბრესტელთა სასტარტოში იმყოფებოდა და 75-ე წუთზე შეცვალეს. ერთ-ერთ ეპიზოდში მას გოლის გატანის საუცხოო შანსი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა. ბრესტელებს 24 ქულა აქვთ და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 პოზიციაზე არიან.
ლიტვის A ლიგის 27-ე ტურში, გარგჟდაის “ბანგამ” კლაიპედას “ატლანტასი” მიიღო და მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მასპინძლებში ვაჟა ბედოიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ხოლო ირაკლი ღერკენაშვილი მოედანზე მე-80 წუთზე გავიდა. “ბანგას” 18-კაციან განაცხადში არ ფიგურირებდნენ ბექა კობიაშვილი და თამაზ ჩარგეიშვილი. გარგჟდაელებს 24 ქულა აქვთ და 9-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზე იმყოფებიან.
მორიგი თამაში წააგო აუტსაიდერმა “ტაურასმა”, სადაც ირაკლი თვალავაძე ირჯება, სტუმრად პანევეჟისის “ეკრანასთან” 0:5 დამარცხდა. “ტაურასს” მხოლოდ 4 ქულა აქვს.
კვიპროსის პირველი დივიზიონის სტარტზე, ფამაგუსტას “ანორთოსისმა” თავის მოედანზე ნიქოზიას “აპოელს” 3:1 აჯობა. შოთა გრიგალაშვილმა ფამაგუსტელთა შემადგენლობაში 84-ე წუთიდან ითამაშა.
ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) 26-ე ტურში, “პაიდემ” თავის მოედანზე ტალინის “ფლორასთან” 0:5 წააგო. მასპინძლებში თენგიზ ეთერიას არ უთამაშია, ხოლო სტუმართა შორის ერთი გოლი ირაკლი ლოგუამ გაიტანა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა. “ფლორა” 50 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა. “პაიდე” 37 ქულით მეხუთეა.
სომხეთის პრემიერლიგის მე-4 ტურში, ერევნის “ულისესი” შინ გიუმრის “შირაქთან” 0:3 წააგო. მასპინძლებში თენგიზ უგრეხელიძემ პირველიდან ბოლო წუთამდე იასპარეზა. “ულისესს” ერთი ქულა აქვს და 8-გუნდში ბოლო პოზიციაზეა.
“განძასარმა” ერევანში ადგილობრივ “არარატთან” 2:3 წააგო. სტუმრებში შოთა ჯიქია 90 წუთი გაისარჯა. “განძასარი” 4 ქულით მეექვსეა.
უკრაინის პრემიერლიგის მე-8 ტურში, “სევასტოპოლმა” თავის მოედანზე “კარპატის” 1:0 მოუგო. ზედიზედ ორი თამაშის სასტარტოში ჩატარების მერე, მათე ღვინიანიძე კვლავ სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა. “სევასტოპოლს” 9 ქულა აქვს და 16 გუნდში მეათეა.
უკრაინის პერშა ლიგის (პირველი ლიგა) მე-8 ტურში, “მიკოლაევი” “უკრაგრომკომს” ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. დამარცხებულებში გიორგი ჯგერენაიამ ორივე ტაიმი ჩაატარა. “მიკოლაევი” 8 ქულით 16 გუნდში მეოთხეა.
ფინეთის იუკონენლიგის (პირველი ლიგა) 23-ე ტურში, “კოოტეეპეემ” “კაიაანი” მიიღო და 2:0 მოუგო. გიორგი ოსიტაშვილმა გამარჯვებულთა სასტარტოში დაიწყო და 44-ე წუთზე შეცვალეს. “კაიაანიში” კახა სამსონიამ სრულად ითამაშა. “კოოტეეპეეს” 41 ქულა აქვს და 10 გუნდში მესამეა. “კაიაანი” 14 ქულით ბოლოა.
მოლდოვის ნაციონალ დივიზიის მე-6 ტურში, კიშინიოვის “ზიმბრუ” შინაურ კედლებში ტირასპოლის “დინამო-ავტოს” უგოლოდ დაშორდა. კიშინიოველებს 9 ქულა აქვთ და 12 გუნდში მეექვსე პოზიცია უკავიათ.
რუსეთის თასის 1/32-ფინალში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ” სტუმრად იაკუტსკის “იაკუტიას” 3:0 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ხაბაროვსკელებში ქართველ ლეგიონერებს გოგიტა გოგუას და გიორგი ნავალოვსკის არ უთამაშიათ.
1/16-ფინალში გავიდა ვლადიკავკაზის “ალანია”, რომელმაც გასვლაზე დამატებით დროში ნალჩიკის “სპარტაკი” 2:1 დაამარცხა. გოჩა ხოჯავა “ალანიას” სასტარტოში იმყოფებოდა და 85-ე წუთზე გააძევეს. ვლადიკავკაზელთა მწვრთნელმა ოთარ მარცვალაძე ამჯერად დაასვენა. ნალჩიკელთა სასტარტოში მოხვდნენ გუჯა რუხაია და დავით სირაძე. პირველი მათგანი 105-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე – 91-ეზე. შემდეგ ეტაპზეა სარანსკის “მორდოვია”, რომელიც იჟევსკის “ზენიტს” გასცდა. ძირითადი დროის 1:1 დასრულების მერე, “მორდოვიამ” პენალტების სერიაში 4:3 გაიამრჯვა. აკაკი ხუბუტიას სარანსკელთა რიგებში არ უთამაშია.