რამდენიმე დღის წინ, გერმანულმა Transfermarkt-მა გაავრცელა ცნობა, არნემის "ვიტესის" ქართველ კაპიტან გურამ კაშიასადმი ინტერესს "ფრაიბურგი" და შვეიცარიული "ბაზელი" იჩენენო. "მსოფლიო სპორტი" ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს, აგენტ გოგა გახოკიძეს დაუკავშირდა.
გახოკიძისგან სხვა ინფორმაციაც შევიტყვეთ - კერძოდ, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელებზე დაკვირვების კუთხით:
"ვიცით, რომ "ბაზელი" დაინტერესებულია კაშიათი. მათ შეძენის სურვილი გამოთქვეს. რაც შეეხება "ფრაიბურგს", ეს არ შეეფერება სიმართლეს. გურამი ჰოლანდიის კლუბებს, პსვ-სა და "ტვენტესაც" სურთ, თუმცა ჰოლანდიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ისედაც თამაშობს. კონკრეტული საუბრებია უფრო ძლიერი ლიგის კლუბებიდან, თუმცა მათ დასახელებას მოვერიდები. ისე კი, გარწმუნებთ, "ბაზელზე" გაცილებით ძლიერი კლუბებია".
თუმცა, ზაფხულში კაშიას "ვიტესიდან" წასვლა გადაწყვეტილი არაა. ისევ გახოკიძეს მოვუსმინოთ:
"არაა გამორიცხული, "ვიტესი" ჩემპიონი გახდეს. ჩემპიონთა ლიგაში თამაში სულ სხვაა და ამ შემთხვევაში უფრო დიდი შანსი იქნება, რომ კაშია გუნდში დარჩეს. ვნახოთ, დაველოდოთ, როგორ განვითარდება საქმე. კაშიას არა მარტო "ვიტესში", არამედ მთლიანად ჰოლანდიაში დიდი ავტორიტეტი აქვს და გასაკვირი არაა, რომ ძლიერ კლუბებს სურთ".
რაც შეეხება "ვიტესის" მეორე ქართველს, 20 წლის ვაკო ყაზაიშვილს:
"მართალია, ყაზაიშვილის აგენტი არ ვარ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ აშკარად უმატებს და "ვიტესში" კარგი თვალით უყურებენ".
გახოკიძის სააგენტოს ბოლო ტრანსფერი 19 წლის გიორგი ქვილითაიას უნგრულ "დიორში" გადაყვანა იყო. როგორც იცით, ქვილითაია თბილისის "სასკოში" თამაშობდა და საქართველოს პირველი ლიგიდან უნგრეთის საუკეთესო კლუბში გადავიდა.
და რაც შეეხება სხვა მოსალოდნელ ტრანსფერებს:
"როგორც იცით, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მატჩებს ბელგიაში გამართავს. ბელგის საუკეთესო კლუბებიდან ჩამოვლენ დასაკვირვებლად. ასევე, ჰოლანდიიდან. სხვა ქვეყნებიდანაც ველი. ეს უკვე ის ასაკია, რომლებთანაც პროფესიული კონტრაქტის გაფორმება შეიძლება. როგორც იცით, ჰოლანდიაში 18 წლამდე ქართველები ვერ აფორმებენ ასეთ კონტრაქტს. არაევროკავშირელისთვის ისიც კი გართულებულია, რომ 18 წლის შესარულებამდე გუნდში ივარჯიშონ. ვნახოთ, იმედია, ბელგიაში თავს გამოიჩენს 19 წლამდე ნაკრები".