ფეხბურთი

16:58 | 5.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გოგა გახოკიძე: "ჩაკვეტაძე პაოკ-ში ძალიან მოსწონთ და ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია"

 როგორც "მსოფლიო სპორტმა" უკვე გაცნობათ, აგენტი გოგა გახოკიძე ალეკო ჩაკვეტაძის საკითხზე შესათანხმებლად სალონიკში იყო ჩასული. 18 წლის ქართველი მცველი საბერძნეთის პაოკ-ში ვარჯიშობს და მწვრთნელისგან ქებას იმსახურებს. მწვრთნელი კი ცნობილი ჰოლანდიელი ჰუბ სტევენსი გახლავთ, რომელსაც არაერთ ძლიერ კლუბში უმუშავია და "შალკეს" ისტორიაში ერთადერთი და ჯერჯერობით, ბოლო ევროტიტული მოაგებინა: უეფას თასი 1997 წელს.

18 წლის ქართველი ფეხბურთელის საბერძნეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გადასვლა, დაგვეთანხმებით, რიგითი ამბავი არაა. ასე განებივრებულნი როდი ვართ...

ჩვენ გახოკიძეს დავუკავშირდით და ჩაკვეტაძის გარდა, სხვა ამბებზეც ვკითხეთ:

- რა გადაწყდა საბერძნეთში?

- შეიძლება ითქვას, 90 პროცენტით გადაწყვეტილია ჩაკვეტაძის პაოკ-ში გადასვლა. კონტრაქტს გამოააგზავნიან და ფეხბურთელიც გაეცნობა პირობებს. ალეკო სულ პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ძალიან მოსწონთ.

- ჰუბ სტევენსს იცნობთ? ესაუბრეთ მას?

- რა თქმა უნდა, ჰოლანდიიდან კარგად ვიცნობ. ამჯერად მასთან არ მისაუბრია, თუმცა იცის, რომ ფეხბურთელის აგენტი მე ვარ.

- პაოკ-ის საიტზე თქვენი კომენტარიც გამოქვეყნდა.

- მათ გაიხსენეს, რომ პაოკ-ს გოლი გავუტანე უეფას თასზე. ეს 2002 წელს, როცა პსვ-ში ვთამაშობდი. 4:1 მოვიგეთ. მე კი, საჯარიმო დარტყმით გავიტანე. სალონიკში რომ ვითამაშეთ, მახსოვს, რა გულშემატკივრობა იყო. ძალიან ხმაურიანები არიან. ახლაც ასეა. სამი დღის წინ პაოკ-"ერგოტელისის" მატჩს დავესწარი, 1:1 იყო და ბოლო წამებზე პაოკ-მა გადამწყვეტი გოლი შეაგდო. კინაღამ დაინგრა სტადიონი.

- პაოკ-ს, ან რომელიმე სხვა ბერძნულ კლუბს რომელიმე ქართველი ფეხბურთელი ხომ არ აინტერესებს?

- არის საუბრები, მაგრამ იანვრამდე დაველოდოთ.

- ზაფხულში გურამ კაშიას "ვიტესიდან" შესაძლო წასვლაზე ბევრი იწერებოდა. ყველაზე ხშირად "ანდერლეხტი" ფიგურირებდა. რაიმე სიახლე ხომ არაა ამ მხრივ?

- არა. ჯერჯერობით, არაფერი. 

0.145905