ფეხბურთი

17:03 | 4.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

გივი თოდუა “ნიუკასლში”

 შეიძლება, ბევრს არც კი გსმენიათ ქართული წარმომავლობის ფეხბურთელ გივი თოდუას შესახებ. 19 წლის რუსეთის სახელით მოთამაშე ნახევარმცველი "ნიუკასლის" ფეხბურთელი გახდა. "მსოფლიო სპორტი" გივის დაუკავშირდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

რამდენიმე დღის წინათ, საინფორმაციო სააგენტო ITAR-TASS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, "ნიუკასლის" ახალწვეულ გივი თოდუას რუსეთის ეროვნულ ნაკრებში თამაში სურს. როგორც გავარკვიეთ, თოდუების ოჯახი, აფხაზეთის ომის შემდეგ, რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. 1995 წლის 8 მაისს, გივი მოსკოვში დაიბადა, სადაც საფეხბურთო კარიერა 6 წლის ასაკში "მოსკვიჩში" დაიწყო.

"მსოფლიო სპორტს" ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავისი კარიერის და ცხოვრების შესახებ უამბო.

_ საქართველოში თუ ყოფილხართ ოდესმე და აქ თუ გყავთ ნათესავები?

_ არა, საქართველოში არ ვყოფილვარ. აფხაზეთის ომის შემდეგ ჩემი ოჯახი იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა. საქართველოში ნათესავები მყავს.

_ სად დაიწყეთ საფეხბურთო კარიერა?

_ 5 ან 6 წლის ასაკში, ფეხბურთის თამაში დავიწყე მოსკოვის გუნდში სახელად "მოსკვიჩი". ძალიან პატარას დიდ ფეხბურთელებთან ერთად მიწევდა თამაში და მწვრთნელს არ უნდოდა ჩემზე გაცილებით დიდი ასაკის ფეხბურთელებთან მეთამაშა.

_ შემდეგ?

_ როდესაც 12 წლის ვიყავი ინგლისში წავედი. "სანდერლენდის" საზაფხულო სკოლაში ჩავირიცხე. მათ მოვეწონე და შემდეგ, აკადემიაში ორი წლით დამტოვეს. როდესაც "სანდერლენდმა" პრემიერლიგის იუნიორთა ტურნირი მოიგო, მათ ერთწლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს. ხოლო 2010 წელს "სანდერლენდთან" სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და კლუბის ახალგაზრდულ ნაკრებში ვთამაშობდი. გასული სეზონი "მიდლსბროში" გავატარე და ახლა, როგორც იცით, "ნიუკასლში" ვარ. ამ კლუბთან 1+1 სისტემის ხელშეკრულება დავდე.

_ მთავარ გუნდში თამაში მოგიწევთ?

_ არა. ჯერჯერობით რეზერვებში ვითამაშებ. ჩემი მიზანი, რა თქმა უნდა, მთავარ გუნდში თამაშია.

_ "მიდლსბროში" თამაშობდით და 12 გოლიც გაიტანეთ...

_ დიახ, გასული სეზონი ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოდგა.

_ საქართველოდან თუ დაგიკავშირდათ ვინმე, ეროვნულ ნაკრებში თამაშთან დაკავშირებით?

_ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან არასდროს დამკავშირებიან. თან ამავდროულად რუსეთის და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა მაქვს.

_ საინფორმაციო სააგენტო ITAR-TASS-ის ინფორმაციით, თქვენ რუსეთის ეროვნულ ნაკრებში თამაში გსურთ, მართალია?

_ დიახ, მსურს.

_ და თუ საქართველოდან მოწვევას შემოგთავაზებენ დათანხმდებით?

_ უკვე ვთქვი, რომ ჩემი მიზანი რუსეთის ნაკრებში თამაშია. იმ ქვეყანაში, სადაც ფეხბურთის თამაში დავიწყე.

_ ქართველი ფეხბურთელების შესახებ თუ გსმენიათ და თუ შეხვედრილხართ რომელიმეს?

_ დიახ, როგორ არ მსმენია, დავით ყიფიანი, ვიტალი დარასელია, კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, არველაძეები და,  რა თქმა უნდა, თემურ ქეცბაია, რომელიც "ნიუკასლში" თამაშობდა. პატარაობაში ახრიკ ცვეიბასთან და ზაზა ჯანაშიასთან შეხვედრის სიამოვნებაც მქონდა.

_ ფეხბურთის გარდა რა არის თქვენი საყვარელი საქმე, რითი ერთობით?

_ გაგეცინებათ, მაგრამ ძალიან მომწონს სიმღერა, შეიძლება კარგად არ გამომდის, მაგრამ ვცდილობ ხოლმე. თავისუფალ დროს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვატარებ. გაჭირვების Hჟამს ისინი გვერდით მიდგანან.

_ თქვენი გმირი ფეხბურთელი რომელია?

_ ასე ვთქვათ გმირი არ მყავს, ჩემი მიზანია ხალხს დავეხმარო, როგორც შემეძლება. ისე კი, რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს ზინედინ ზიდანი და რობერტო კარლოსი.

_ "ნიუკასლის" გარდა, რომელ კლუბში ისურვებდით თამაშს?

_ საოცნებო კლუბი "ბარსელონაა", თუმცა ჩემი გული "ანჟისკენაც" იხრება. დაღესტნელებს ძალიან კარგი გულშემატკივრები ჰყავთ და ისინი ისე გაგრძნობინებენ თავს, როგორც საკუთარ სახლში.

_ "ანჟის" ქართველ ფეხბურთელებზე თუ გსმენიათ რამე?

_ დიახ, გაგებული მაქვს და როგორც ვიცი, მათ "ანჟიში" კარგი კარიერაც ჰქონდათ.

 

გიორგი ბალახაძე

www.youtube.com/watch?v=lLMem-sNNPc

თეგებიგივი თოდუა
0.132711