ინტერვიუები

15:07 | 6.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

გივი კვარაცხელია: “ბელარუსები ჩვენი უშუალო კონკურენტები არიან”

თბილისის “დინამოს” ცენტრალურმა მცველმა გივი კვარაცხელიამ, რომელსაც საკლუბო დონეზე მინსკის მტზ-რიპოსა და ბრესტის “დინამოში” უთამაშია, ბელარუსულ გამოცემა goals.by-ს ინტერვიუ მისცა. საუბარი ძირითადად საქართველოსა და ბელარუსის მომავალ დაპირისპირებაზე წარიმართა.
- ბელარუსისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი თქვენში რა შეგრძნებას იწვევს?
- დარწმუნებული ვარ, რომ იოლი გასეირნება არ იქნება. ყველამ იცის, რომ ბელარუსებს ფეხბურთის თამაში შეუძლიათ. ჩვენთან შანსებს ყველა თანაბრად აფასებს. ჩვენ გუნდში თაობათა ცვლა მიმდინარეობს. ეს ყოველთვის რთული და საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. მიუხედავად ამისა, საქართველოს მაინც ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. ვფიქრობ, ბელარუსების წინააღმდეგ ჩვენი ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ. თქვენთანაც კარგი ფეხბურთელები თამაშობენ: სერგეი კისლიაკი, ალექსანდრე გლები, ვიტალი როდიონოვი. ისინი ძალიან ძლიერები არიან.  
- ალბათ, იცით რომ გლები არ იქნება?
- დიახ, ამის შესახებ დაიწერა. თქვენთვის ეს დიდი დანაკლისია. თუმცა, არიან ბრესანი, პუტილო. ამ ბიჭებს კარგად ვიცნობ. თქვენი გუნდის მთავარი პლუსია, რომ გუნდურ და კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს. ამასთანავე, გეორგი კონდრატიევი ძალიან კარგი მწვრთნელია.
- საქართველოს ნაკრებს რა შეუძლია? ამ გუნდის ძალა რაში მდგომარეობს?
- ჩვენ ძალიან ამბიციური მწვრთნელი გვყავს – თემურ ქეცბაია. მას მებრძოლი ხასიათი აქვს. მისი ამიციურობა გუნდს უნდა გადაედოს. მოედანზე ვინც გავა პირველიდან ბოლო წუთამდე იბრძოლებს. ახალგაზრდობა და თავდადება, ჩვენი ძალა ესაა.
- გუნდის ლიდერი რომელი ფეხბურთელია?
- გამოკვეთილი არა. არის რამდენიმე კარგი ფეხბურთელი: ზურაბ ხიზანიშვილი, ჯაბა კანკავა, ახალგაზრდა მეკარე გიორგი ლორია.
- ახალი შესარჩევი ციკლის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოში რის იმედი აქვთ?
- ყველას უკეთესის იმედი აქვს, მაგრამ ჯგუფში საფრანგეთი და ესპანეთი გვყავს. ამიტომ, თავს არავინ იტყუებს. ასეთი დონის ნაკრებებთან ბრძოლა ჯერ არ გამოგვდის. ამ შემთხვევაში როგორც იტყვიან უშანსოდ ვართ. ჯგუფში მესამე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ბელარუსები ჩვენი უშუალო კონკურენტები არიან. ამიტომ, მომავალი თამაში ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
- ქართველი და ბელარუსი გულშემატკივრების ქცევა შეადარეთ..
- ბელარუსშიც და საქართველოშიც ფეხბურთი უყვართ. ორივეგან ერთნაირად გულშემატკივრობენ.
 - ქართველი გულშემატკივრები უფრო ემოციურები მეჩვენებიან...
- ემოციურობა გენში გვაქვს. ქართველები “ცხელსისხლიანი” ხალხია. თუმცა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენ ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს, რომლებიც ჩამოვლენ, არავინ არაფერს ეტყვის. ქართველები თავისი გუნდის მხარდასაჭერად მივლენ.
- სტადიონზე რამდენ გულშემატკივარს ელიან?
- ვფიქრობ, სტადიონი გაივსება.
- ბელარუსებთან მატჩში?
- რა თქმა უნდა. ეს ხომ შესარჩევი ციკლის პირველი თამაშია. ხალხი იმედიანადაა განწყობილი. ნაკრების სანახავად ყველა მივა.
- პროგნოზის გაკეთებას გარისკავთ?
- ფეხბურთელი ვარ და პროგნოზების კეთება არ მიყვარს. ბანალურ ფრაზას ვიტყვი: ვისაც მეტი სურვილი ექნება ის მოიგებს.

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

0.132874