ფეხბურთი

18:30 | 23.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

გივი იოსელიანი ჯარში გამოიძახეს

“ასეთი ვარჯიშები საქართველოში რომ იყოს, ყოველდღე ჩხუბი მოხდებოდა” 


უნგრული “კეჩკემეტის” 22 წლის ქართველი ნახევარმცველი გივი იოსელიანი ჯარში გამოიძახეს. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი წლეულს გადავიდა ქუთაისის “ტორპედოდან” უნგრეთში.

“მსოფლიო სპორტი” იოსელიანს დაუკავშირდა:

-      ან ფული უნდა გადაიხადო, ან სავალდებულო სამხედრო სამსახურში უნდა წამოხვიდეო. რა უნდა ვქნა, გადავიხდი. თბილისში ოჯახში დარეკეს ჩემთან, რათა ვინმე მისულიყო. ჩემმა მშობლებმა აუხსნეს, რომ ფეხბურთელი ვარ და უნგრეთში ვთამაშობ, თუმცა პასუხი ასეთი იყო: ან ჩამოვიდეს ჯარში, ან 2000 ლარი გადაიხადოს და წლინახევრით გადაიდოს გაწვევაო. 10 დღის ვადა მომცეს. მე ჩემს ქვეყანას სპორტსმენის რანგში უკვე ვემსახურები და რაიმე ახლის ძიებაში არ ვარ.

-     თუ იცით, ზოგადად, ქართველი ფეხბურთელების გაწვევა ხშირია?

-      როგორც ვიცი, იწვევენ და ისინიც ფულს იხდიან. ყოველ შემთხვევაში, ვიცი, რომ ბევრს გადაუხდია. მარტო ჩემზე ხომ არაა საუბარი. სპორტსმენის ცხოვრება ყოველდღიური საფიქრალია და ახლა ჯარიც დაემატა. ასე ყველას გამოძახება შეიძლება. ქართველი მოქმედი ფეხბურთელების ნახევარზე მეტს გაწვევის ასაკი უდგას და აბა, მითხარით, ყველანი ჯარში რომ წავიდნენ, ამით კარგი რა მოხდება? უბრალოდ, ხელისშემშლელი და დამთრგუნველია ეს ყველაფერი.

-     გასაგებია. ფეხბურთზე ვთქვათ: “კეჩკემეტში” რჩებით?

-      ამ დღეებში შევხვდები კლუბის ხელმძღვანელობას და ვისაუბრებთ პერსპექტივაზე. ჩემი კონტრაქტი შედგენილია, რომელსაც ორივე მხრიდან დადებითი პასუხის შემთხვევაში, ხელი მოეწერება.

-     ანუ, პირობებზეა დამოკიდებული?

-      არა მხოლოდ. გააჩნია, რა მიზნები ექნება გუნდს, დარჩება თუ არა სამწვრთნელო შტაბი და ასე შემდეგ.

-     სასტარტოში თამაში თითქმის არ გიწევთ და შეცვლებზე შემოდიხართ. რატომ?

-      მცირე ხანია, რაც აქ ვარ, უნგრული ფეხბურთი კი მკვეთრად განსხვავდება ქართულისგან და ადაპტაცია მჭირდებოდ. მიმაჩნია, რომ ამ 4 თვეში დრო უქმად არ დამიკარგავს, საკმაო გამოცდილება მივიღე და ვხვდები, თუ რა არის საჭირო ევროპული სტილის  ფეხბურთის სათამაშოდ.

-     უნგრეთის ჩემპიონატი დონით აშკარად აღემატება საქართველოსას?

-      დიახ. ბევრად წინ არის ყველაფრით. ქართველები უფრო ნიჭიერები ვართ, უბრალოდ, საქმისადმი მიდგომაა განსხვავებული.

-     კონკრეტულად?

-      სათამაშო დისციპლინას მეტი სიმკაცრით იცავენ. მაგალითად, ვარჯიშებზეც ისე არიან, როგორც თამაშზე. ხისტად, მოურიდებლად და თან, ერთმანეთთან შელაპარაკებაც არ მოსდით. ასეთი ვარჯიშები ჩვენთან რომ იყოს, ყოველდღე ჩხუბი მოხდებოდა.  კომბინაციების დამუშავებაზე თუ სტანდარტული მდგომარეობების ორიგინალურად გათამაშებაზე დროს არ ხარჯავენ. ეს თამაშის წინა დღეს რამდენჯერმე კეთდება და შემდეგ თამაშზე ისე ასრულებენ, გეგონება მთელი ცხოვრება ესე აკეთებდნენო. ეს ნამდვილად გასაკვირი იყო. ამას სრული მობილიზების კონცენტრაციის და მონდომების ხარჯზე აკეთებენ, თამაშზე გაჩერებული, ან ხელჩაქნეული ფეხბურთელი მე არ მინახავს. ქართველებს უფრო მეტი ტექნიკური შესაძლებლობები გვაქვს, მაგრამ უნგრელები თავიანთ რესურსს ბოლომდე იყენებენ. ჩემ გუნდში რასაც ვხედავ, იმას გეუბნებით.

0.117296