წარსულში ცნობილი ფეხბურთელი და ამჟამად საფეხბურთო ანალიტიკოსი, გიუნტერ ნეტცერი ბუნდესლიგის მეორე წრის დასაწყისში აკეთებს პროგნოზს, რომლის თანახმადაც ჩემპიონი მიუნხენის “ბაიერნი” გახდება. ფავორიტთა შორის ნეტცერი ლევერკუზენის “ბაიერსაც” მოიხსენიებს.
- რა დაგამახსოვრდათ ბუნდესლიგის პირველი წრიდან ყველაზე მეტად?
- სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა “ბაიერის” თამაშმა, რომელმაც იუპ ჰაინკესის სახით შესაფერისი მწვრთნელი იპოვნა. ჯერ მთელი მეორე წრე წინაა, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ ამ გუნდს ბევრის მიღწევა შეუძლია.
- შეუძლია გუნდს ისტორიაში პირველად მოიგოს ბუნდესლიგა?
- სრულიად შესაძლებელია. თუ ლევერკუზენელები ასევე თამაშს განაგრძობენ, ჩემპიონატში წარმატებას მიაღწევენ. ეს უდავოა. რაც შეეხება პირველი წრის ცუდ შთაბეჭდილებას, ესაა “ბაიერნის” თამაში. ამ გუნდს ძალზე ბევრი სირთულის დაძლევა მოუწია. ეს ნორმალურია, როდესაც გუნდში ახალი მწვრთნელი და ახალი ფეხბურთელები მოდიან. მაგრამ სიტუაცია იმაზე ადრე გამოსწორდა, ვიდრე ველოდი. როგორც ჩანს, ამჟამად მიუნხენელები სწორ გზაზე დგანან.
- არაერთი მაღალი დონის უცხოელი ფეხბურთელი თანხმდება ბუნდესლიგაში გადმოსვლას. რას ნიშნავს ეს გერმანიის ჩემპიონატისთვის?
- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ფეხბურთელები გერმანულ ფეხბურთში თავს კარგად გრძნობენ, შეგვიძლია ეს საქციელი პოზიტიურ მოვლენად მივიჩნიოთ. გერმანიის ჩემპიონატი ძალზე პროფესიონალური, პრაქტიკულად უნაკლოა. სტადიონზე მისულ გულშემატკივართა რაოდენობაც ბევრ რამეზე მეტყველებს. აქ თამაში უცხოელი ფეხბურთელებისთვისაც საინტერესოა.
- ვინ შემორჩება ბუნდესლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლას?
- ყოველთვის მჯეროდა, რომ “ბაიერნისთვის” საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა. როგორც ადრე, მიუნხენური კლუბის ახლაც მჯერა. თუ მიუნხენელები დაუშვებენ, რომ ჩემპიონი სხვა რომელიმე კლუბი გახდეს, ეს მათთვის უკვე უარყოფითი შედეგი იქნება. არა იმიტომ, რომ სხვა გუნდები არ იმსახურებენ პირველობას, არამედ იმიტომ, რომ “ბაიერნის” პოტენციალი გუნდს ჩემპიონობას ავალდებულებს. თუმცა, ისეთ გუნდებს, როგორიცაა ლევერკუზენის “ბაიერი”, ხელეწიფება ბავარიელთათვის კონკურენციის გაწევა. თუმცა, მე მაინც მჯერა “ბაიერნის”.
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა