ინტერვიუები

19:48 | 21.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

გიული მანჯგალაძე: “საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში მსურს”

19 წლის ქართველი ნახევარმცველი გიული მანჯგალაძე კვლავ ლუგანსკის “ზორიაშია”. საკმაოდ პესპექტიულ ფეხბურთელად მიიჩნევენ და რამდენჯერმე გაჩნდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ასაკობრივ ნაკრებშიც იწვევდნენ, თუმცა როგორც თავად მანჯგალაძემ უთხრა “მსოფლიო სპორტს”, მას საქართველოს სახელით თამაში სურს.
მანჯგალაძე 2009 წლის ბოლოს გადავიდა “ზორიაში” და თითქმის სულ დუბლებშია, რამდენიმე შეხვედრა კი, ძირითად გუნდშიც ჩაუტარებია:
- თავის დროზე როგორ მოხვდით “ზორიაში”?
- 17 წლის ვიყავი, როცა თბილისის “ოლიმპის” სკოლიდან წამიყვანა აგენტმა. “ოლიმპში” ჯერ შოთა ჭეიშვილი, შემდეგ კი მამუკა ფანცულაია მწვრთნიდა.
- როგორც ვიცით, უკრაინული პასპორტი გაქვთ.
- როდესაც ლუგანსკში ჩამომიყვანეს, აუცილებელი იყო, რომ უკრაინული პასპორტი მიმეღო. სხვაგვარად ძნელი იქნებოდა აქ დარჩენა. ეს იმისთვის, რათა ლეგიონერად არ ჩავთვლილიყავი. ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში “ზორიას” ძირითად გუნდშიც ვიყავი, შეკრებებზე დავდიოდი და ვთამაშობდი. მართალია, ძირითადში ოფიციალური მატჩები არ ჩამიტარებია, მაგრამ ამხანაგურები მქონდა. შარშან ძირითადებთან ერთად დავიწყე, შემდეგ ტრავმა მივიღე, 4 თვე გამიცდა და ამიტომაც დუბლებში მომიწია დაბრუნება.
- რამდენადაა შანსი, რომ წლეულს უკრაინის პრემიერლიგაში გათამაშონ?
- იმედია, ასეც მოხდება. მართალია, ჩემს პოზიციაზე დიდი კონკურენციაა და მწვრთნელი გამოცდილებს ენდობა, მაგრამ უკვე ასაკი მაქვს ისეთი, რომ ან ძირითად გუნდში უნდა ვითამაშო, ან სხვაგან წავიდე. ვინედოვნებ, რომ აქ ძირითადებში მომიწევს თამაში.
- ყოველთვის გამთამაშებლად გაყენებენ?
- მეტწილად, კი. ხანდახან - საყრდენად. მე უფრო წინ მირჩევნია, თავდამსხმელთა უკან.
- კონტრაქტი რამდენწლიანი გაქვთ?
- 18 წლის რომ ვიყავი, მაშინ გავაფორმე 3+2-წლიანი ხელშეკრულება.
- დუბლების ჩემპიონატში კარგი შედეგი აქვს “ზორიას”...
- მე-2 ადგილზე გავედით. მხოლოდ “შახტარს” ჩამოვრჩით.
- კიევის “დინამოს” არ ჰყავს ძლიერი დუბლები?
- არა. ჩვენ ვაჯობეთ. მე 23 მატჩი ჩავატარე და 5 გოლი გავიტანე. რამდენიმე თამაში ტრავმის გამო გამიცდა.
- “ზორიას” ახალგაზრდებში რომელიმე ქართველი თამაშობს?
- 19-წლამდელებშია ნახევარმცველი რეზო ომანაძე.
- “ზორიას” ერთ-ერთი ლიდერი ჯაბა ლიპარტიაა, ვინც ალბათ, გვერდში გიდგათ.
- რა თქმა უნდა. ჯაბა აქ ძალიან უყვართ, “ზორიას” წამყვანი ფეხბურთელია.
- საქართველოს რომელიმე ასაკობრივი ნაკრებიდან არასდროს გქონიათ შემოთავაზება? ახლა უკვე 21-წლამდელებში გიწევთ ასაკის მიხედვით...
- იყო რაღაც დაინტერესებები, რასაც აგენტის მეშვეობით ვიგებდი. კლუბში ოფიციალური მოწვევა არასოდეს მოსულა. მინდა, საქართველოს სახელით ვითამაშო. სხვათა შორის, უკრაინელებს სურდათ 19-წლამდელებში ჩემი აყვანა, მაგრამ უარი ვუთხარი. საქართველოში მსურს.

ილია ნანობაშვილი
 

0.123399