კალათბურთი

23:31 | 10.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ღირსეული რევანშით დავიწყეთ

საქართველოს საკალათბურთო ეროვნულმა ნაკრებმა ევრო2015-ის შესარჩევი ციკლის წინ მეტად ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი გაიარა. გუნდს რამდენიმე საწვრთნელი შეკრება ჰქონდა, ოთხთა ტურნირებშიც მიიღო მონაწილეობა და თბილისის მერიის თასის შეჯიბრებაზე გამოჩნდა, როგორც კოლექტივი, ასევე ცალკეული მოთამაშეები ფორმას რომ იუმჯობესებდნენ. ასე მოვედით 10 აგვისტომდე. დღეს კი გუნდს მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრა ელოდა როგორც პრაქტიკული, ასევე ფსიქოლოგიური ასპექტით.

უშუალო მოწინააღმდეგესთან შესარჩევი ეტაპის მოგებით დაწყება, ცხადია, ძალიან სასურველია, ამასთან საქართველოს ნაკრებს ჩეხეთთან “ანგარიშიც ჰქონდა გასასწორებელი” - საქმე ისაა, რომ დღევანდლამდე ჩვენები ოფიციალურ პაექრობებში ოთხჯერ ეთამაშნენ დასავლეთსლავებს და ყველა ეს პაექრობა (3 საკვალიფიკაციო და ერთიც სლოვენიაში, ევრო2013-ზე) ჩეხების მოგებით დასრულდა. საქართველოს რევანშის დრო დაუდგა და მოვლენებს წინ თუ გავუსწრებთ, ვიტყვით, რომ ჩვენებმა წლეულს საუკეთესო მატჩი ჩაატარეს და საბოლოოდ რთულ მეტოქეს დამაჯერებლად (35 წუთის განმავლობაში წინ ვიყავით, ჩეხები მხოლოდ წუთნახევარს იყვნენ დაწინაურებულნი), ღირსეულად სძლიეს.

ჩეხებთან მანუჩარ მარკოიშვილი, რიკი ჰიკმანი და გიორგი შერმადინი რომ ვერ ითამაშებდნენ, ადრეც ვიცოდით. ტრავმირებულთა სიას უკანახაზელი ოთო ფხაკაძეც დაემატა, რამაც მწვრთნელებს საზრუნავი კიდევ უფრო მოუმატა.

ვესელის არყოფნაში ზაზა ფაჩულიას ხელ-ფეხი კიდევ უფრო რომ გაეხსნებოდა, ცხადი იყო. ასეც მოხდა - საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თავიდანვე ლიდერის ფუნქციები იტვირთა და მშვენივრადაც გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. საწყისი ხუთწუთიანი მონაკვეთი ჩვენებმა 10:2 მოიგეს და 7 ქულა ზაზას ანგარიშზეა. პირველი პერიოდის მეორე მონაკვეთი ჩეხებმა შედარებით უკეთ ჩაატარეს, სხვაობაც შეამცირეს, თუმცა, საქართველოს ნაკრების უპირატესობა მაინც იგრძნობოდა - 17:12.

მეორე მეოთხედის დასაწყისში იგორ კოკოშკოვმა ერთდროულად განიზრახა ფაჩულიასა და გიორგი ცინცაძის დასვენება. ძირითადი მეფარისა და გამთამაშებლის გარეშე მოთამაშე ქართველების წინააღმდეგ ჩეხებმა დროებით თამაში ააწყეს და ბარტონის სამქულიანის შემდეგ მატჩში პირველად დაწინაურდნენ (22:21). ეს მეორე პერიოდის ზუსტად შუაწელში მოხდა, შემდეგ კი მოედანს ზაზა და გიორგი დაუბრუნდნენ და ჩვენები კვლავ წინ გაიჭრნენ. პირველი ტაიმის ბოლო წუთები კარგად ჩაატარა თორნიკე შენგელიამ. მან მიჯრით ორჯერ ზუსტი ტყორცნით დაასრულა ჩვენების შეტევა და დიდ შესვენებაზე ოთხქულიანი ჰანდიკაპით გავედით - 36:32.  

ჩეხები იოლად რომ არ დაგვნებდებოდნენ, ეს მესამე პერიოდშიც გამოჩნდა. ერთი პერიოდი ზედიზედ ორჯერ 2+1 შეასრულეს და 46:43 დაწინაურდნენ. ამ რთულ პერიოდში გაიბრწყინა დუდა სანაძემ. მან ჯერ ორქულიანს ზუსტი ჯარიმა მიაყოლა, შემდეგ სამქულიანი პოზიციიდან კარგად გაისროლა. იქვე პერიმეტრს მიღმიდან ჩააგდო ბესიკ ლეჟავამაც და 52:48 დავწინაურდით.

მეოთხე პერიოდის პირველსავე წუთზე მეოთხე პერსონალური ჯარიმა მიიღო ზაზა ფაჩულიამ. მომდევნო შეტევაში სტუმრებმა ანგარიში გააყაიმეს (55:55), მაგრამ დარჩენილ დროში ჩვენებმა ბრწყინვალედ ითამაშეს. მწვრთნელები შემადგენლობის როტაციას ახდენდნენ და მოედანზე გასული მოთამაშეები მათზე მინდობილ ფუნქციებს კარგადაც ასრულებდნენ. ზაზა ფაჩულიას შთამბეჭდავი თამაში უკვე ვახსენეთ. ძალიან სასარგებლო იყო გიორგი ცინცაძე. “ბუ” დაცვაში ყურადღებით თამაშობდა, 10 ქულა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 2 მოხსნა გამარჯვებაში მის მნიშვნელოვან როლზე მიუთითებს. ურიგოდ არ უთამაშია თორნიკე შენგელიასაც, თუმცა, თოკოსგან მეტს მოველით და ვფიქრობთ, შემდეგ მატჩებში პოტენციალს სრულად გამოავლენს. იმედია, წელის ტკივილი დაუამდება ვიქტორ სანიკიძეს და მომდევნო ასპარეზობებში ვიკა თავის ჩვეულ თამაშს უჩვენებს მაყურებელს, მოწინააღმდეგეებს კი გაცილებით მეტ თავსატეხს გაუჩენს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები უნგრეთში მიემგზავრება, სადაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე მატჩს გამართავს. შეხვედრა ქალაქ კეჩკემეტში, 13 აგვისტოს ჩატარდება.

0.1467