„შსს აკადემიასა“ და „ოლიმპის“საკალათბურთო სუპერლიგის პლეი ოფის ფინალური შეხვედრების სერიის დაწყებამდე „შსს აკადემიის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგოს კეცელიდისმა და ამავე კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლევან მიქაბერიძემ „მსოფლიო სპორტთან“ წინასაფინალო კომენტარი გააკეთეს:
გიორგოს კეცელიდისი: „ფინალი ჩვენთვის დიდი დღესასწაულია. ჩვენ, კლუბის წარმომადგენლობა, ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, რასაც უკვე მივაღწიეთ, რადგან წლეულს, შარშანდელზე ნაკლები ბიუჯეტით, უკეთეს პოზიციაზე გავედით. არ დაგავიწყდეთ, შარშან მე-5 ადგილი დაიკავა „აკადემიამ“. ასე რომ, ჩვენს მიზანს მივაღწიეთ.
მიმდინარე სეზონი ჩვენთვის „ქუთაისთან“ ბოლო შეხვედრის ბოლო სირენით დასრულდა. კმაყოფილები ვართ იმით, რაც უკვე გავაკეთეთ და ახლა სტრესისა და ნერვიულობის გარეშე ვითამაშებთ. უბრალოდ, ვეცდებით, ვისიამოვნოთ ფინალური შეხვედრებით და შესაბამისად, ვასიამოვნოთ მაყურებელიც.
ჩვენთვის ფინალში თამაში ახალი გამოცდილებაა „ოლიმპისგან“ განსხვავებით, რომელმაც შარშან სწორედ ფინალში წააგო. ალბათ, „ოლიმპის“ წევრებს უფრო დიდი სტრესის ქვეშ მოუწევთ თამაში, რადგან რეგულარული სეზონი პირველი ადგილით დაასრულეს, დღემდე კი ორ ფინალში არ გაუმართლათ - შარშანდელ სუპერლიგასა და თასის ფინალში. მათ საკმაოდ მარტივი შეხვედრები ჰქონდათ, ადვილად მოვიდნენ ფინალამდე და უფრო დასვენებულები იქნებიან.
მინდა პატივისცემა გამოვხატო მოწინააღმდეგე გუნდის მიმართ, ეს კოლექტივი დაკომპლექტებულია ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელით და მენეჯერით, ჩვენებზე ბევრად გამოცდილი მოთამაშეებით, როგორიცაა თუნდაც მილოშევიჩი.
ფინალში ჩვენი სისუსტე, ალბათ, გამოუცდელობა იქნება. აქამდე არ მივსულვართ ამ ეტაპამდე. ვიმედოვნებ, მსაჯები ისეთივე სამართლიანები იქნებიან, როგორც მთელი სეზონის განმავლობაში და „ოქროს შუალედს“ შეინარჩუნებენ. მათ კარგად იციან, რომ ვარსკვლავები მოთამაშეები უნდა იყვნენ თამაშში და არა მწვრთნელები და მსაჯები.
ძალიან ძნელია „ოლიმპის“ სუსტი მხარის პოვნა, რადგან მას ძალიან კარგი და გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს ყველა პოზიციაზე, ფარქვეშ თამაშსაც კარგად ართმევენ თავს და მსროლელებიც კარგები არიან თავიანთ საქმეში, განსაკუთრებით მილოშევიჩი და ფაცაცია. ასევე დაიმატეს ახალი მოთამაშე, ამერიკელი დარენ მური, რომელმაც კარგად იცის ევროპული კალათბურთი. ვფიქრობ, ეს გუნდი კარგადაა შევსებული ყველა პოზიციის მოთამაშით და სუსტი მხარე არ გააჩნია.
რაც შეგვეხება ჩვენ, არ გვყავს ყველა მოთამაშის „დამჭერი“ ძალა, მაგრამ, როგორც მწვრთნელი, ვეცდები, სხვა მეთოდებით გავაჩეროთ მეტოქე.
მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს გულშემატკივარს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც უყვარს კალათბურთი და მოვუწოდებ მათ, მოვიდნენ და უყურონ ფინალურ შეხვედრებს. ჩვენი მხრივ, სანახაობრივ და ემოციურ საათებს ვპირდებით მათ“.
ლევან მიქაბერიძე: „ეს კლუბის მეხუთე სეზონია და პირველი ფინალი, შესაბამისად, გაანალიზებული გვაქვს, რომ ბევრად გამოცდილ გუნდთან გვექნება შეხვედრა. კალათბურთის ყველა ქომაგს მოვუწოდებთ, მოვიდნენ თამაშზე და გავავსოთ სპორტის სასახლე, ჩვენ კი პირობას ვაძლევთ, რომ ძალიან საინტერესო და დაძაბული სანახაობა ელით.
ვინც თვალს ადევნებდა სუპერლიგას და ეროვნულ ჩემპიონატს ბოლო 15 წლის განმავლობაში, დამეთანხმება, რომ ყველაზე თანაბარი ძალების გუნდების ფინალი გველის, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ძალიან საინტერესო, დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა იქნება.
სავარაუდოდ, ეს ერთ0ერთი უკანასკნელი ინტერვიუა „მსოფლიო სპორტთან“ ამ სეზონში და მინდა ვისარგებლო შანსით და მადლობა გადავუხადო კლუბის, მოთამაშეების, სამწვრთნელო შტაბის, ჩემი, როგორც სპორტული დირექტორის და მენეჯერის, მამუკა გოგლიძის სახელით - კლუბის ხელმძღვანელებს, პირადად, შინაგან საქმეთა მინისტრს, მის მოადგილეებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ხელმძღვანელებს, პრორექტორს, რექტორს და ყველა იმ თანამშრომელს, რომელსაც რაიმე წვლილი მიუძღვის კლუბის წარმატებაში.
ვიმედოვნებთ, ჩვენი გამოსვლით ყველა კმაყოფილი დარჩება, რაც თავის კომენტარში მწვრთნელმაც აღნიშნა“.