კალათბურთი

18:39 | 16.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი: “ვეცდები, “სარაგოსას” ქომაგების იმედები არ გავაწბილო”

ხოსე ლუის აბოსი: “ქართველ კალათბურთელს ჩვენთვის დიდი სარგებელის მოტანა შეუძლია”

ესპანური “სარაგოსა” ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად პირველ შეკრებაზე კატალონიურ ვიელაში გაემგზავრა, მანამდე კი, კლუბის ოფისში ქართველი ახალწვეულის გიორგი შერმადინის ოფიციალური პრეზენტაცია შედგა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ცენტრმა სარაგოსელებთან კონტრაქტის დეტალები ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე შეათანხმა, სადაც მან თავი ჩინებულად წარმოაჩინა. შერმადინის წარდგენას კლუბის სპორტული დირექტორი ვილი ვილარი და მთავარი მწვრთნელი ხოსე ლუის აბოსი დაესწრნენ, პრეს-კონფერენციის დაწყებამდე კი ისიც გაცხადდა, რომ გიორგი ახალ კლუბში 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

- თქვენი არჩევანი “სარაგოსაზე” რატომ შეჩერდა?

- სარაგოსაზე ბევრი რამ შევიტყვე. ვიცი, რომ ქალაქიც ჩინებულია და გუნდიც მაღალი დონის გახლავთ. ბევრ კალათბურთელს ვესაუბრე და მხოლოდ დადებითი ინფორმაცია მესმოდა. აქ ყოფნით მოხარული ვარ და უკვე მწვრთნელსაც ვუთხარი – მინდა, კარგი თამაშით მას ნდობისთვის მადლობა გადავუხადო. გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს გავიღებ.

- როგორ ფიქრობთ, თქვენი მოსვლით გუნდს რა შეემატება?

- ვეცდები, ყველა მატჩში მაქსიმალურად დავიხარჯო. ჩემი მთავარი მიზანი, ყველა ასპარეზზე გამარჯვება იქნება.

- თუ იცით, რომ თქვენთან კონტრაქტის გაფორმება აქ დიდ წარმატებად იქნა მონათლული. “სარაგოსაში” თქვენგან ბევრს ელიან...

- დიახ, ეს მეც გავიგე. ჩემი ტრანსფერით ბევრმა ქომაგმა გაიხარა და ამ ემოციებს “ტვიტერზეც” ვეცნობოდი. “სარაგოსას” გულშემატკივრები ჩემს მოსვლას გუნდის წარმატებულ თამაშს უკავშირებენ და ვეცდები, მათი იმედები არ გავაცრუო.

- თქვენი ახალი თანაკლუბელებიდან თუ იცნობთ ვინმეს?

- ჰოლანდიელი ნორელის წინააღმდეგ ბოლოს 2 წლის წინ ვითამაშე. ვიცნობ ბელგიელ ტაბუსაც, თუმცა, გასულ ევროპის ჩემპიონატზე მას არ შევხვედრილვარ. სამაგიეროდ, ევრობასკეტზე კონტაქტი მქონდა ხორვა დამიან რუდეზთან. ჩვენი ნაკრებები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, მე კი დამიანს ვესაუბრე. მან მითხრა, რომ “სარაგოსა” კარგი გუნდია, რომელსაც ჩინებული მწვრთნელი ჰყავს. რუდეზს თავად ქალაქიც ძალიან მოსწონს.

- ახალ გუნდში თქვენი მიზები როგორია?

- ვიცი, რომ გასულ სეზონში “სარაგოსა” კარგად გამოიყურებოდა და ესპანეთის ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა. კარგი იქნება, თუკი ამაზე უარეს შედეგს არ ვაჩვენებთ. ამასთან, ევროთასზეც წარმატებულად უნდა ვითამაშოთ.

- როგორ ფიქრობთ, “სარაგოსაშიც” ისევე ბევრი წუთი დაგეთმობათ, როგორც საქართველოს ნაკრებში, თუ “ოლიმპიაკოსივით” მცირე დროის გატარება მოგიწევთ მოედანზე?

- კარგი კითხვაა (იცინის). ვიმედოვნებ, რომ ბევრს ვითამაშებ, ისე კი, ამ კითხვით, სჯობს, მწვრთნელს მიმართოთ.

- სხვათა შორის, ესპანურ ლიგაში თქვენი სტილის არცთუ ბევრი მოთამაშეა.

- არა, რატომ? აქ უმაღლესი დონის კალათბურთელები მრავლად არიან. ჩემი მიზანი სწორედ ის იქნება, რომ ამ დონის ლიგაში თავი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინო.

თავის მხრივ, ქართველი კალათბურთელის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა “სარაგოსას” თავკაცმა ხოსე ლუის აბოსმაც: “კლუბმა შერმადინის გადაბირებით დიდი საქმე გააკეთა. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, იგი საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილი მოთამაშეა და ვფიქრობ, ჩვენთვის დიდი სარგებელის მოტანა შეუძლია. გიორგი ნიჭიერი მოთამაშეა და მასთან ერთად წინსვლისთვის კარგი საფუძველი გვაქვს”.

საინტერესო იქნება ესპანური გუნდის სპორტული დირექტორის ვილი ვილარის ნააზრევის გაცნობაც: “კლუბში ახალი ერის დაწყებას ვცდილობთ, რომელშიც შერმადინს დიდი როლი დაეკისრება. მისგან მასმედიაც და ქომაგებიც ბევრს ელიან და ვფიქრობ, ქართველ კალათბურთელს ყველა მონაცემი გააჩნია, რათა ყველას იმედები გაამართლოს. გიორგის ტრანსფერი ჩვენთვის ყველა კუთხით მიმზიდველი ვარიანტი გახლდათ”.

0.113467