ინტერვიუები

14:16 | 20.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შაშიაშვილი: “ნაკრებში არგამოძახებისთვის არ ვბრაზდები”

“ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებში დაცვის ხაზი საუკეთესოა. თუ ნაკრებში გამომიძახებენ, ყოველთვის სიამოვნებით ჩამოვალ, მაგრამ მწვრთნელს თავისი მოსაზრება აქვს და არც მწყინს. 31 წლის ვარ და ალბათ, უკეთესიცაა, გუნდში ახალგაზრდები დაწინაურდნენ” – ეს გიორგი შაშიაშვილის სიტყვებია, რომელიც მან “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში თქვა.
ბერძნული “ერგოტელისის” მცველმა, თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას მხოლოდ ერთხელ, ესტონეთთან შარშანდელი 3 მარტის მატჩში ითამაშა. არადა, შაშიაშვილი “ერგოტელისში” მუდმივად ძირითადშია და შეუცვლელად ათამაშებენ.
- მიმდინარე სეზონში თქვენს თამაშზე რას იტყვით, როგორ შეაფასებთ?
- 18 მატჩიდან სამი გამოვტოვე, ისიც, კუნთი მქონდა გაწყვეტილი და იმიტომ. დანარჩენ შეხვედრებში შეუცვლელად ვითამაშე. ვფიქრობ, ნორმალური სეზონი მაქვს. ძლიერ ლიგაში გამოვდივარ და სათამაშო პრაქტიკაც არ მაკლია.
- დაცვაში ყველა პოზიციაზე გითამაშია. “ერგოტელისში” ცენტრში გაყენებენ?
- დიახ, დაცვის ცენტრში ვთამაშობ. ერთ-ორ მატჩში იყო, როცა მარჯვნივ გადამწიეს.  
- “ერგოტელისს” რა მიზნები აქვს ამ სეზონში?
- მეექვსე ადგილზე ვართ და მეხუთეზე მყოფ “კავალას” ბურთების შეფარდებით ჩამოვრჩებით, თუმცა, გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდსაც სულ 5 ქულით ვუსწრებთ. ცხრილში სიმჭიდროვეა, საერთოდ, საბერძნეთის სუპერლიგა წლეულს ძალიან დაძაბულია. მიზანი კი, ცხრილის ზედა ნაწილში ადგილის შენარჩუნებაა, თუმცა არაა გამორიცხული, ევროპის ლიგაზეც გავიდეთ. ეს ნამდვილად არ იქნება სასწაული.
- ისე, ბერძნულმა კლუბებმა ევროპის ლიგაზე კარგი შედეგი აჩვენეს.
- “არისი” და “პაოკი” გავიდნენ ჯგუფიდან. რა თქმა უნდა, ესპანეთის პრიმერას ვერ შეედრება, მაგრამ საბერძნეთის ჩემპიონატი საკმაოდ მაღალი დონისაა. ყოველ შემთხვევაში, ავსტრიისას სჯობს – იქაც ვთამაშობდი და რომ ვადარებ, საბერძნეთში უფრო ძლიერი გუნდებია და უფრო დინამიკური თამაშებია.
- “ერგოტელისთან” კონტრაქტი როდემდე გაქვთ?
- სეზონის ბოლომდე. მერე არ ვიცი, რას ვიზამ. მაქვს წინადადებები, მათ შორის, კონკრეტულიც. მაგრამ აჩქარება არ მინდა. ჩემს კარიერას რომ წაადგება, ისეთ გუნდში გადავალ. თან, მინდა, რომ ნაკრებსაც გამოვადგე.
- ნაკრები ახსენე და კითხვა თავისთავად დაიბადა...
- ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებში დაცვის ხაზი საუკეთესოა. თუ ნაკრებში გამომიძახებენ, ყოველთვის სიამოვნებით ჩამოვალ, მაგრამ მწვრთნელს თავისი მოსაზრება აქვს. 31 წლის ვარ და ალბათ, უკეთესიცაა, გუნდში ახალგაზრდები დაწინაურდნენ.    
- ნაწყენი ხომ არ ხართ ქეცბაიაზე?
- არანაირად. გაბრაზება ჩემში “არ ზის”. პატარა აღარ ვარ და მესმის, რომ მწვრთნელს თავისი შეხედულება აქვს. ნაკრების დაცვის ხაზში დიდი კონკურენციაა, ალეკო ამისულაშვილი და მალხაზ ასათიანი კარგად თამაშობენ, აგერ, კახა კალაძე მარცხნივ გადასწიეს. სლოვენიაში ახალგაზრდებმა ითამაშეს დაცვაში და მათი თამაშიც მომეწონა.
- საბერძნეთი საქართველოს მეტოქეა ევროშესარჩევში და უკეთ გეცოდინებათ, რამდენად ეიმედებათ იქაურ პრესასა და გულშემატკივრებს ფერნანდო სანტუშის გუნდისა?
- მაინცდამაინც გულგატეხილები არ არიან. მეორე ადგილზე არიან შესარჩევის ჯგუფში. თუმცა, ნაკრებით აფრთოვანებულები არიან-მეთქი, ვერც ამას ვიტყვი. ჩემი აზრით კი, საბერძნეთს ნამდვილად არ ჰყავს იმ დონის გუნდი, რომ საქართველოს მისი გადასწრება არ შეეძლოს.
- როცა ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსებზე საუბრობენ, საქართველოს ნაკრებსაც ახსენებენ კონკურენტებში?
- დიახ. საქართველოსგან ასეთ თამაშს არ ელოდნენ, პირეოსში 1:1 რომ დამთავრდა, განაწყენებულნი იყვნენ. თბილისში ბერძნები უფრო ყურადღებით ითამაშებენ. პრესა საქართველოს ერთ-ერთ კონკურენტად თვლის, ჯგუფის ფავორიტად კი, ერთხმად ხორვატიას აცხადებენ. ჩემი აზრითაც, ხორვატია პირველ ადგილზე გავა.  

 

ილია ნანობაშვილი

 

0.114395