ფეხბურთი

20:27 | 25.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას გზა აბაშიდან

“წინადადებები უცხოეთიდანაც მაქვს” 


მიმდინარე სეზონში, ნოემბრის ზედიზედ ორ საშინაო მატჩში გორის “დილამ” ჯერ “ტორპედოს” (3:0), შემდეგ კი “ზესტაფონს” (3:0) სძლია. “დილამ” ორივე შეხვედრაში მეორე ნახევარში გაიტანა ყველა გოლი, ამ 6 ბურთიდან 3 გიორგი ქვილითაიამ მიითვალა და საერთოდაც, მშვენივრად ითამაშა. ტიპიური ცენტრფორვარდი, რომელსაც არასტანდარტული მოქმედებები უყვარს და სხვათა შორის, არაერთ მცველს უთქვამს, რომ მის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია.

ქვილითაია ჯერ 20 წლისაა და ალექსანდრე ჩივაძის ნაკრებშიც გამოდის. “მსოფლიო სპორტი” გიორგის დაუკავშირდა:

-       “დილაში” სეზონის დასაწყისში გადახვედით და თავიდან არ გიწევდათ თამაში. რატომ?

-       “დილაში” როცა მივედი, 3 თვის უვარჯიშებელი ვიყავი, რადგან ტრავმა მქონდა. მოსამზადებელი ეტაპი არ გამივლია. შემდეგ ნელ-ნელა შევედი ფორმაში.

-       “ზესტაფონთან” და “ტორპედოსთან” მატჩებში მხოლოდ მეორე ნახევარი ჩაატარეთ. ეს მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო თუ 90 წუთით სათამაშოდ მზად არ იყავით?  

-       მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა. იმ დროს ერთი ფორვარდით ვთამაშობდით და სასტარტოში იყო ირაკლი მოდებაძე, რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია და ლოგიკურია, რომ მას მეტი სათამაშო დრო ჰქონდა.

-       ბურთს კარგად ფლობთ და პირველ ბურთს, მეტწილად, იგებთ. ეს თვისება ბავშვობიდან გაქვთ?

-       დიახ. არ მიყვარდა ბურთის უბრალოდ თავით გადაგდება და ფიქრი, მიუვა თუ არა ბურთი ადრესატს. ეს კი, მაგრამ მინუსებს უფრო ვაქცევ ყურადღებას: ფიზიკურად და გამძლეობის მხრივ, მოსამატებელი მაქვს.

-       როგორც ვიცით, აბაშაში დაიბადეთ და გაიზარდეთ.

-       დიახ. 14 წლამდე აბაშაში ვთამაშობდი, შემდეგ კი “ნორჩ დინამოელში” გადავედი თენგიზ კაციასთან და კაციას გუნდში ვიყავი შარშანაც – თბილისის “სასკოში”.

-       კაციამ შეგნიშნათ თუ თავად ჩახვედით თბილისში გასასინჯად?

-       შემნიშნა და წამომიყვანა თბილისში.

-       ალბათ, აბაშაში ძალიან რთული საფეხბურთო პირობები იქნებოდა და ორმაგად დასაფასებელია, რომ იქ შეძელით ყურადღების მიპყრობა.  

-       რა თქმა უნდა. ახლა შედარებით უკეთესადაა საქმე, ჩემს დროს კი ბურთებს ძლივს ვშოულობდით. ვარჯიშზე ბუცისა და ბურთის პრობლემა იყო. წარმოუდგენლად ჭირდა. 

-       “დილაში” ყველა ფეხბურთელს დაუმთავრდა კონტრაქტი. რას აპირებთ?

-       ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. არ ვიცი, წავალ თუ დავრჩები.

-       გაქვთ შემოთავაზებები?

-       დიახ, საქართველოდანაც მაქვს და უცხოეთიდანაც. ახლა ვერ დავაკონკრეტებ.

-       წლეულს, იანვრიდან მაისამდე უნგრეთის “დიორში” იყავით. რატომ მოგიწიათ წამოსვლა?

-       6-თვიანს პლუს 5-წლიანი კონტრაქტი მქონდა. ანუ, სეზონი როცა დასრულდა, მაჩვენეს 5-წლიანი კონტრაქტი, რომელიც არ იყო ისეთი, ხელი რომ მომეწერა. არ ღირდა დარჩენა.

-       21-წლამდელთა ნაკრებშიც ითამაშეთ. როგორ შეაფასებთ თქვენს გამოსვლას ჩივაძის გუნდში?

-       შოტლანდიასთან თბილისში მოვიგეთ და საერთოდ, კარგი მატჩი ჩავატარეთ. შოტლანდიაში მხოლოდ 5 წუთი მომიწია თამაში და გოლის გატანაც შემეძლო, მაგრამ არ გამოვიდა... სლოვაკეთთან კი გორში წავაგეთ და კმაყოფილი ვერ ვიქნები.

0.116641