ფეხბურთი

17:10 | 1.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია: “გრასჰოპერში” დარჩენა ტრავმის გამო ვერ მოხერხდა”

20 წლის გიორგი ქვილითაია ერთი კვირის განმავლობაში იყო შვეიცარიულ “გრასჰოპერში”, თუმცა კლუბთან კონტრაქტი ვერ გაფორმდა. ამის მიზეზი ტრავმაა – საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდს საზარდულის ტრავმა აქვს და კიდევ ერთი თვე ვერ ივარჯიშებს.

ქვილითაია “მსოფლიოს სპორტთან” საუბარში აღნიშნავს, რომ “გრასჰოპერში” პირდაპირ კონტრაქტზე მიდიოდა:

“შვეიცარიულ გუნდს თურქეთში შევუერთდი შეკრებაზე. ორი დღე ვივარჯიშე და საზარდული საშინლად ამტკივდა. მივხვდი, რომ მკურნალობის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. 2 კვირა მკურნალობას სჭირდება, კიდევ 2 კვირა რეაბილიტაციას. ასე რომ, სრული დატვირთვით ვარჯიშს ერთ თვეში დავიწყებ. “გრასჰოპერში” პირდაპირ კონტრაქტზე მივდიოდი და არა გასინჯვაზე. 6-თვიანს პლუს 3-წლიან ხელშეკრულებაზე იყო საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ, არ მოხერხდა”.

გიორგიმ გვითხრა, რომ ზაფხულში კიდევ არის შესაძლებელი “გრასჰოპერში” გადასვლა. მანამდე კი გორის “დილაში” დარჩება, ანუ სეზონს აქ ჩაამთავრებს - ასეთი იყო წინასწარი შეთანხმებაო. ბუნებრივია, ქვილითაია “დილას” შეკრებაზე ვერ გაჰყვება: ჯერ უნდა იმკურნალოს. 

“გრასჰოპერი” დიდი ისტორიის მქონე კლუბია, ევროთასებზე მუდმივად მონაწილეობს და ამჟამად შვეიცარიის სუპერლიგაში მეოთხე ადგილზეა – 3 ქულით ჩამორჩება ლიდერ “ბაზელს”. “გრასჰოპერს” “დორტმუნდის” ყოფილი მწვრთნელი მიხაელ სკიბე თავკაცობს.

0.11656