ინტერვიუები

10:37 | 16.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილი: "აქ, უბრალოდ, მიხარია"

გეხსომებათ, ერთ-ერთმა სერბულმა გამოცემამ გიორგი მერებაშვილის ნოვი სადის "ვოივოდინაში" გადასვლას ბომბა-ტრანსფერი უწოდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის შემტევი დიდი იმედებით მიიღეს სერბეთის სუპერლიგის გუნდში, რომელიც შარშან ჩემპიონობისთვისაც იბრძოდა, წლეულს კი მესამე ადგილზეა და მხოლოდ ბელგრადულ გრანდებს "ცრვენა ზვეზდასა" და "პარტიზანს" ჩამორჩება.
მერებაშვილმა სერბეთში პირველი გოლიც გაიტანა: იქაური სუპერლიგის მატჩში შინ "ჩუკარიკჩისთან" მოგებულ (4:0) შეხვედრაში პენალტით იხეირა.
"მსოფლიო სპორტი" გიორგის სერბეთში დაუკავშირდა და საუბარი სწორედ ამ მატჩით დავიწყეთ, შემდეგ კი სხვადასხვა თემებზე ითქვა და რა თქმა უნდა, მათ შორის სანაკრებოზეც...

- სანამ “ჩუკარიჩკისთან” მოვიგებდით, წინა ტურში “მეტალაკთან” სტუმრად 1:3 წავაგეთ. ამის გამო გუნდში სიტუაცია ცოტა არეული იყო, მთავარი მწვრთნელიც შეგვეცვალა, კრება გვქონდა. “მეტალაკი” ნამდვილად არაა ის გუნდი, რომელთანაც უშანსოდ უნდა ვაგებდეთ. “ჩუკარიკჩისთან” კი სულ სხვა განწყობით გამოვედით და 4:0 კი არა, უფრო დიდი ანგარიშითაც უნდა გაგვემარჯვა.
- მწვრთნელის შეცვლა გუნდში ახალმისულ ფეხბურთელზე ხშირად უარყოფითად მოქმედებს. შენს შემთხვევაში?
- პირიქით უფრო მოხდა. მილან დურიჩიჩი მართლაც ძალიან კარგი სპეციალისტია და პენალტი რომ დავარტყი, სწორედ მისი დამსახურებაა. დურიჩიჩმა ჩვენს კაპიტანსა და სერბეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირ დრაგან მრდას დაუძახა, მერებაშვილს დაარტყმევინეო. არადა, მრდას ამ მატჩში ორი გოლი უკვე გატანილი ჰქონდა და ჰეთ-თრიქის მშვენიერი შანსი ჰქონდა.
- და რატომ დაიძახა მწვრთნელმა, მაინცდამაინც მერებაშვილმა დაარტყასო?
- საქმე ისაა, რომ ოთხი-ხუთი საგოლე მომენტი გამიცუდდა, რომლებსაც მე თვითონვე ვქმნიდი. ბევრს ვცდილობდი, მაგრამ გოლი ვერ გამქონდა. დურიჩიჩმაც სწორედ იმის გამო დამარტყმევინა, რომ გოლის გატანით ფსიქოლოგიური სტრესი მომხსნოდა. ეს მხოლოდ დიდ მწვრთნელებს შეუძლიათ - ყველა ვერ მოიფიქრებდა.
- მრდას არ ეწყინა?
- არა, ჩვენთან ამგვარი რამ არ ხდება. ძალიან მეგობრული გუნდია “ვოივოდინა” და ხანდახან მგონია, რომ დიდი ხანია, სერბეთში ვცხოვრობ. დაფასებას ყველა ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ.
- არადა, გაგვიგია, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ლეგიონერებს ცოტა უცხო თვალით უყურებენო.
- ერთ მაგალითს მოვყვები. “ვოივოდინაში” ერთი დღის ჩასული ვიყავი და ჯერ კონტრაქტიც კი არ მქონდა გაფორმებული,  როცა მაღაზიაში შოკოლადის საყიდლად გავედი. მაღაზიის გამყიდველმა მიცნო, “ვოვ მერებაშვილი” შესძახა. უცებ ისე მეგონა, თითქოს თბილისში, ჩემი სახლის ეზოში ჩავედი და ჯიხურში შევიარე-მეთქი. ნამდვილად არ მეგონა, სერბეთში ასე მალე თუ მიცნობდნენ. ამ დროს  გული არ დამწყდება, საქართველოში ბევრნი ჩემს გვარს დღესაც რომ  ამახინჯებენ? ხშირად მერაბიშვილს მეძახიან.
- “ვოივოდინას” საშინაო მატჩებს საშუალოდ რამდენი გულშემატკივარი ესწრება?
- აუტსაიდერებთან შეხვედრებზე 3500-4000 კაცი მოდის. მაგრამ ისეთი ფანები გვყავს, ლამის კლუბის პრეზიდენტივით უფლებებით სარგებლობენ.
- ეს როგორ?
- “მეტალაკთან” წაგების შემდეგ გუნდის ვარჯიშის სანახავად მოვიდნენ ბაზაზე და ისე აგრესიულად გველაპარაკნენ, გავვოცდი. მერე მითხრეს, რომ აქ ეს ჩვეულებრივი ამბავია. დაახლოებით 40 ფანი იყო მოსული და  პირდაპირ გვითხრეს, მომდევნო თამაშის წინ, საღამოს საათებში გარეთ გამოსული რომ გნახოთ, მაგრად ცემა არ აგცდებათო. განსაკუთრებით კი მრდას “მოხვდა”, კაპიტანს ასეთი თამაში არ შეეფერება და თუ ასე გააგრძელებ, სამკლავურს დაემშვიდობებიო.
- ასეთი რამ ქართულ კლუბში რომ მოხდეს, ხომ წარმოუდგენელია.
- წარმოუდგენელია. ფაქტობრივად, კრება ჩაგვიტარეს. არ გეგონოთ, თითქოს თამაშებისას გვაგინებდნენ. პირიქით, “მეტალაკთან” 1:3 ვაგებდით და მხურვალედ გვქომაგობდნენ.
- სერბეთის ჩემპიონატში როგორი სპეციფიკის თამაშებია? შენმა თანაგუნდელმა მიხეილ ხუციშვილმა გვითხრა, აქ თუ ფიზიკურად ძალიან ძლიერად არ ხარ, “გადაგივლიანო”. საქართველოს ჩემპიონატიდან წასულს, ფიზიკურად არ გიჭირს?
- ჯერ იმას ვიტყვი, რომ ტექნიკით და თამაშის აზროვნებით, საქართველოს ჩემპიონატი აქაურზე მაღლა დგას. უბრალოდ, საქართველოში დამდგარი ფეხბურთია, აქ კი კაცს თუ  მოატყუებ, შანსი არაა, არ გამოგეკიდოს. ტემპში დიდი განსხვავებაა. სუპერლიგაში ჩვენ, “პარტიზანი” და “ცრვენა ზვეზდა” კლასით გავდივართ ფონს, თორემ ბრძოლით ყველა გუნდი იბრძვის.
- “ვოივოდინა” ძალიან ჩამორჩება “ცრვენა ზვეზდასა” და “პარტიზანს”? ქულებს არა, თამაშის ხარისხს ვგულისხმობ.
- აქაური პრესა აღნიშნავს, რომ შეტევის ხაზით “ვოივოდინას” სერბეთში ვერავინ სჯობს, მაგრამ დაცვა გვყავს სუსტი. ეს იმის ბრალიცაა, რომ მაკედონიელი დანიელ მოისოვი, რომელიც კლუბმა ჩემთან ერთად წარადგინა, მოულოდნელად გაქრა გუნდიდან. რამდენიმე დღის წინ შევიტყვეთ, რომ მოისოვი მაკედონიაში დაბრუნებულა და იქაურ “ვარდართან” გაუფორმებია კონტრაქტი. ეს როგორ მოახერხა, ნამდვილად არ ვიცი. დაცვა მართლაც ისეთი სუსტია, ვერც კი წარმომედგინა. დაცვაც რომ ძლიერი გვყავდეს, “პარტიზანი” და “ცრვენა ზვეზდა” ვერ გვაჯობებდნენ.
- ბელგრადულ კლუბებს ქულებით ძალიან ჩამორჩებით და ამდენად, აქცენტი სერბეთის თასის მოპოვებაზე ხომ არ გაქვთ გადატანილი?
- დიახ, აქცენტი თასზე კეთდება, სადაც ნახევარფინალში ვართ გასულები და სტუმრად “პარტიზანს” ვხვდებით. სამწუხაროდ, ნახევარფინალური ეტაპი ერთმატჩიანია და მაინცდამაინც  ბელგრადში გვიწევს თამაში. გაგვიჭირდება, მაგრამ ფინალში გასვლას ვეცდებით. “ვოივოდინა” ჩემპიონი ყოფილა, თასი კი არასოდეს აუღია და კლუბის პრეზიდენტსაც კომპლექტის შევსება სურს.
- ახლა საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც: 3 მარტის ესტონეთთან მატჩზე რას იტყვი? როგორც შენს, ასევე მთლიანად გუნდის თამაშზე.
- ძალიან გამიხარდა ამდენი გულშემატკივარი რომ მოვიდა სტადიონზე. ნაკრებს ძალიან ცუდი სერია ჰქონდა და როგორმე ნავსი უნდა გაგვეტეხა. საბედნიეროდ, მოვიგეთ. წარმოდგენაც კი გვიჭირდა, რომ ესტონეთთან ფრედ გვეთამაშა, არადა, საქმე აქეთკენ მიდიოდა. მე რაც შევატყვე, თემურ ქეცბაიას ნაკრებში უფრო მაღალ დონეზეა დისციპლინა. მხოლოდ მინდორზე დისციპლინას არ ვგულისმობ - აი, თუნდაც დასვენების საათებში ფეხბურთელი ოთახში რომ უნდა იყოს და ამ დროს გარეთ დადის, ასე აღარ ხდება. ქეცბაია ძალიან მომთხოვნია და ეს მომწონს.
- ესტონეთთან უმეტესად მარჯვენა ფლანგზე თამაშობდი და მხოლოდ ბოლო წუთებში, როცა გოგიტა გოგუა შეცვალეს, მაშინ გადაგწიეს მარცხნივ. თუმცა რატომღაც გვგონია, რომ გიორგი მერებაშვილი ფლანგის ფეხბურთელი არაა - ასეა?
- 2008 წელს თბილისის “დინამოში” საქართველოს ჩემპიონი რომ გავხდი, მთელი სეზონი ფლანგზე გავატარე, თუმცა რა სისწრაფეც ჩვენს ჩემპიონატს ჰყოფნის, საერთაშორისო თამაშებში არ კმარა. სისწრაფე ჩემი გამოკვეთილად ძლიერი მხარე არ არის, შუა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. მაგრამ თუ მაინცდამაინც ფლანგზე მიდგა საქმე, მარცხნივ მირჩევნია - ფეხით მემარჯვენე ვარ, ჩაწოდება კი ორივე ფეხით გამომდის და ამდენად, მარჯვნიდან უფრო მეტი სივრცე და გაქანება მეძლევა. ისე კი, ნაკრები ჩემთვის ყველაფერზე მაღლა დგას და მეკარედაც რომ დამაყენონ, ვითამაშებ.

ილია ნანობაშვილი
 

0.14257