“ლე მანის” 19 წლის მეკარე გიორგი მაკარიძე, რომელიც გია გურულის შემდეგ მეორე ქართველი ფეხბურთელია, ვისაც საფრანგეთის პირველ დივიზიონში უთამაშია, თვლის, რომ უმაღლეს დონეზე თამაშისთვის ფსიქოლოგიურად მზადაა.
“ლემანში მიმდინარე წლის იანვარში ჩამოვედი და განვლილ პერიოდში ბევრი რამ ვისწავლე. საწყის ეტაპზე მივხვდი, რომ პირველყოვლისა, “ფეხზე” უნდა დავმდგარიყავი. მიმდინარე სეზონში რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა ჩატარებული მქონდა და საფრანგეთის თასზე “ნიმთან” მოგებულ (3:0) მატჩშიც ვითამაშე. ფსიქოლოგიურად პირველ დივიზონში სათამაშოდ მზად ვარ”, - განაცხადა მაკარიძემ France Football-თან საუბრისას “სენტ-ეტიენთან” (1:1) მე-14 ტურის მატჩამდე, რომელშიც მინდორზე 90 წუთი დაჰყო.
- საფრანგეთის ჩემპიონატის თაობაზე რას ფიქრობთ?
- ჩემი შეფასება ცალსახაა – ჩემპიონატის თითოეული ტური სურპრიზებითაა აღსავსე. საფრანგეთის პირველობაზე მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა იყო, განსაკუთრებით მეკარე. საქართველოში კი, მხოლოდ 2-3 კლუბია, რომლებიც დანარჩენების ფონზე გამოირჩევიან.
- “ლე მანში” თავს როგორ გრძნობთ?
- ძალიან კარგად. აქ მეგობრული ატმოსფეროა და ერთი ოჯახივით ვცხოვრობთ. ყოველ დღე ოლივიე რედემთან (მეკარეების მწვრთნელი _ რედ.) ბევრს ვვარჯიშობ, რაც სარგებლობას მაძლევს, როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ასპექტში. ჩემი პროგრესი სწორედ მისი დამსახურებაა. “დინამოში” გატარებული რთული პერიოდის შემდეგ, “ლე მანმა” საკუთარი ძალების რწმენა დამიბრუნა.
- თქვენს ძველ კლუბში გატარებული პერიოდის თაობაზე რა აზრის ხართ?
- როდესაც კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი ვთქვი, თითქმის ერთი წლის განმავლობაში თამაში აღარ მიწევდა. გარდა ამისა, “დინამო” ჩემი ტრანსფერის სანაცვლოდ იმხელა თანხას ითხოვდა, რომ გუნდები მის გადახდაზე უარს ამბობდნენ. თუმცა, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და მომხდარმა უფრო გამაძლიერა. დასახული მიზნის მისაღწევად მზად ვარ. “ლე მანში” სწრაფად პროგრესირების საშუალება მაქვს.
- ყველაზე დიდი სიურპრიზი რაც ახალ კლუბში დაგხვდათ?
- ფიზიკური დატვირთვები. მსგავს რამეს მიჩვეული არ ვიყავი.
- რომელი მეკარეები მოგწონთ?
- ბუფონი ტურინის “იუვენტუსიდან”, დონი “რომადან” და იოჰან პელე, რომელიც გასულ სეზონში “ლე მანში” თამაშობდა. პელეს ხშირად ვაკვირდებოდი და მისგან ბევრი რამ ვისწავლე.
- კარიერაში რის მიღწევას გეგმავთ?
- საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში მსურს. გარდა ამისა, მინდა “ლე მანს” დავეხმარო და გუნდთან ერთად ევროტურნირებზე ვიასპარეზო.
აქვე, “ლე მანის” მეკარეების მწვრთნელის, ოლივიე რედემის შეფასებასაც გაგაცნობთ, რომელიც აცხადებს, რომ 19 წლის ქართველში დიდი მეკარის მონაცემებს ხედავს: “ის მართლაც კარგი ბიჭია. კლუბში მის მიმართ ყველა კეთილგანწყობილია და უყვართ. მჯერა, მაკარიძე დიდი მეკარე გახდება. იგი საუცხოოდ მუშაობს თავის პარტნიორებთან ერთად, რომლებიც მას ყველანაირად გვერდში უდგანან”.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა