გიორგი კიკნაძე 30 წლის იყო, როცა, თანატოლ ზაზა ზამთარაძესთან ერთად, რუსთავის “ოლიმპი” ჩააბარეს – წარმატებული სამწვრთნელო დუეტი გამოვიდა, შემდეგ კიკნაძე- ზამთარაძე თბილისის “ლოკომოტივს” თავკაცობდნენ, მაგრამ ნახევარ წელიწადზე მეტია, საქმიანობას შეეშვნენ. საქართველოს ნაკრების ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი ამჟამად გერმანიაში, დისშვილ ლევან ყენიასთანაა.
“სანამ საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთისადმი ასეთი გულგრილი დამოკიდებულება იქნება, იქაური გუნდის მწვრთნელად ვერ ვიმუშავებ. რა უნდა გავაკეთო კლუბში, სადაც ფეხბურთელს 50 ლარი აქვს ხელფასი? ან რა გავაკეთო იმ ჩემპიონატში, სადაც წინასწარ იცი, ვინ გახდება ჩემპიონი. ან, გუნდი უმაღლესი ლიგიდან ვარდება და მაინც არ აგდებენ. რა აზრი აქვს ასეთ ჩემპიონატს?” – “მსოფლიო სპორტთან” კიკნაძემ დაუფარავად ისაუბრა და სხვაც ბევრი თქვა.
- ამჯამად რას საქმიანობთ?
- ლევან ყენიას მენეჯერი ვარ და პარალელურად, ბიზნესს ვიწყებ. ეს ბიზნესსაქმიანობა ფეხბურთს არ ეხება.
- “ლოკომოტივიდან”, ალბათ, კლუბის ფინანსური გაჭირვების გამო წახვედით…
- ასეა. კლუბს რომ ბიუჯეტი 3000 ლარი ექნება, იქ რომელ ამბიციაზეა ლაპარაკი. “ლოკომოტივის” პრეზიდენტი ლექსო თოფურია ცდას არ აკლებდა, მაგრამ ფული მხოლოდ ხარჯო და სანაცვლოდ ვერაფერი მიიღო, როდემდე უნდა გაგრძელებულიყო ასე? მარტო თოფურია და “ლოკომოტივი ხომ არაა, ასევე დაემართა “ამერს” და სამწუხაროდ, კიდევ ბევრი ასეთი მაგალითი იქნება, სანამ ფეხბურთისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება.
- თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს და როგორ გესახებათ სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთის განვითარების პროგრამა? უკვე წლებია, ამ პროგრამაზე საუბარი მიდის, მაგრამ საქმე არ ჩანს…
- საქმე რომ არ ჩანს, იმიტომაც ვარ ახლა გერმანიაში. ფეხბურთის განვითარებისთვის საჭიროა კომუნიკაცია: თურქეთმა გერმანიას ჰკითხა და ასე ააღორძინა ფეხბურთი, სხვამ სხვას ჰკითხა, საქართველო კი არავის არაფერს ეკითხება. ხომ არიან ჩვენთან დამეგობრებული ქვეყნები, იგივე, თურქეთი, ან უკრაინა – მათ ჰკითხონ, როგორ დაიწყეს ფეხბურთის განვითარება, როგორი კანონმდებლობა მიიღეს… არა, ამას ვერ მიაღწიეს!
- როგორც ჩანს, დაძალებაა საჭირო. ამას კი თქვენ და ჩვენ, ჟურნალისტები ვერ მოვერევით…
- რამენაირად უნდა მოვახერხოთ, სხვაგვარად საშველი არ იქნება. გიორგი ასანიძეს ვესაუბრე, რა მოხდება, სხვა განვითარებულ ქვეყნებს ჰკითხოთ, როგორ ააღორძინეს ფეხბურთი და მერე პარლამენტში განიხილოთ-მეთქი. ესაა საქმის კეთება, გამოყონ საამისოდ ხალხი, პაკეტი შეიტანონ და განიხილონ. ასანიძე პარლამენტში სპორტს კურირებს და ყველაზე მეტად მას ეხება ეს საკითხი.
- და რა გიპასუხათ ასანიძემ?
- თუ ფეხბურთში გავაკეთებთ, სპორტის სხვა სახეობებმა რა დააშავესო. ძალიან დიდ პატივს ვცემ ასანიძეს, კაცი ოლიმპიური ჩემპიონია და დიდი სპორტსმენი იყო, მაგრამ შტანგის აწევა და ფეხბურთი სხვადასხვა რამ არის – ფეხბურთი გაცილებით მაღლა დგას და პრიორიტეტული უნდა იყოს: მგონი, ამაში ორი აზრი არც უნდა არსებობდეს. დიდ სირთულეს წარმოადგენს, რომ უცხოეთში გაიგონ, როგორ ხდება ფეხბურთის განვითარება? მაგრამ ამას კეთილი ნება სჭირდება. არ უნდათ. მაგალითად, უკრაინაში საჯარო სკოლებში ფეხბურთის გაკვეთილები აუცილებლობაა. და მარტო უკრაინაში? იმედი მაქვს, ეს ფეხბურთის განვითარების პროგრამა როდესმე ჩვენთანაც იქნება, მაგრამ როდისღა? დრო გადის, საქმე არ ჩანს. ახლა რუსთავში ხელოვნურსაფარიანი მოედანი გააკეთეს და დიდი ზარ-ზეიმი იყო, მაგრამ ეს ხომ ზღვაში წვეთია. ასი მოედანიც რომ გაკეთდეს, თუ კლუბის ხელმძღვანელობა მარტო დოტაციაზე იქნება, თუ ეროვნულმა ჩემპიონატმა არ ივარგა, საშველი არ იქნება. რაში გამოიხატება სახელმწიფოს როლი – ეროვნული ნაკრებისთვის ძვირადღირებული მწვრთნელის ჩამოყვანაში. ეს ხომ უკვე სასაცილოა. რითაც უნდა დაიწყოს ფეხბურთის განვითარება, იმით არ იწყებენ.
- გასაგებია. თემურ ქეცბაიასაც ხომ იგივე პრობლემები შეხვდება, რაც კუპერს ჰქონდა?
- ნაკრები ცოტა სხვა თემაა. კუპერი იმ რესურსსაც ვერ იყენებდა, რაც ჰქონდა. არ მესმის ამდენი ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატიდან. და თუ მაინც ჩვენი ჩემპიონატის ფეხბურთელებზე აკეთებდა აქცენტს, რატომ არ იყო ნაკრებში თუნდაც თორნიკე აფციაური? შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ სამი ხუთოსანით და რვა ოროსანით გუნდს ვერ აათამაშებ… ქეცბაია ისეთი კაცია, ჯიგარს გააღვიძებს ფეხბურთელებში. პირველ რიგში, სწორედ აქედან დაიწყებს. გუნდი უნდა შეკრას, აამოძრავოს, აზრზე მოიყვანოს. დარწმუნებული ვარ, შემადგენლობასაც უფრო კარგად აარჩევს.
ილია ნანობაშვილი