ფეხბურთი

14:13 | 29.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი კახელიშვილი "დილადან" წავიდა

"ახალი ეტაპი მინდა - უცხოეთი"


 

გიორგი კახელიშვილი გორის "დილადან" წავიდა. მოულოდნელია, რადგან გიორგი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ნახევარმცველი გახლდათ და მის შესაძლო წასვლაზე აქამდე არაფერი იყო ცნობილი. "დილა" კი ამაღამ შეკრებაზე მიდის.

"მსოფლიო სპორტი" კახელიშვილს დაუკავშირდა:

- თავად გსურდათ გუნდიდან წასვლა თუ კლუბმა გადაწყვიტა ასე?

- მე წამოვედი. კარიერაში ახალ ეტაპზე უნდა გადავიდე. უცხოეთში წასვლა მსურს.

- კერძოდ, სად?

- ჯერ არ მაქვს ვარიანტები, თორემ არ დაგიმალავდით. საქართველოს ჩემპიონატში 300-ზე მეტი მატჩი მაქვს ჩატარებული და დროა, უცხოეთიც მოვსინჯო.

- როდის გადაწყვიტეთ "დილადან" წასვლა?

- გუშინ გუნდთან ერთად ვიყავი, თუმცა ამხანაგური მატჩი არ მითამაშია, რადგან ტრავმა მქონდა და ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი.

- "დილასთან" კონტრაქტი დასრულებული გქონდათ?

- დიახ. ამ ზაფხულს ახალი კონტრაქტები შემოგვთავაზეს და გაფორმება ვიუარე. არავითარი წყენა: "დილას" წარმატებებს ვუსურვებ "ოლბორგთან" და საქართველოს ჩემპიონატში. პირადად გიორგი დევდარიანსაც დიდ პატივს ვცემ.

- "დილაში" გატარებულ პერიოდს როგორ შეაფასებდით?

- მგონი, ნორმალურად ჩავატარე. ვფიქრობ, რაღაც გავაკეთე "დილასთვის". ბევრი თუ არა, ცოტა მაინც. კლუბმა ისტორიაში პირველად მოიგო ქვეყნის თასი, წინა სეზონი კი მეორე ადგილზე დავასრულეთ.

- ბოლოს ასეთი კითხვა: ვიცით, რომ მინდორს მიღმა მშვიდი ადამიანი ხართ, თამაშებისას კი ხშირად ნერვიულობთ და ზოგჯერ აფექტურ გადაწყვეტილებას იღებთ...

- ისე, მსგავსი რამ მომისმენია, მაგრამ რატომღაც მწვრთნელებს ამაზე არასოდეს უსაყვედურიათ. მთავარია, ისეთი არაფერი დავაშავო, რომ გუნდი დაზარალდეს. 90 წუთის განმავლობაში თამაშში ვარ ჩაბმული და სხვა არაფერი მახსოვს.

0.115386