“რა თქმა უნდა, გული დამწყდა, რომ “ჰაიდუკში” ჩემი შესაძლებლობები სრულად ვერ გამოვავლინე. სპლიტელებს ძალიან მაგარი ფანები ჰყავთ და დიდ პატივს მცემდნენ, სიყვარულს სულ გამოხატავდნენ და “ქართველ მესის” მეძახდნენ. უმრავლესობას ეწყინა ჩემი წასვლა, თუმცა სხვაგვარად არ გამოდიოდა” – ეს ამონარიდია გიორგი ილურიძის “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუდან.
როგორც იცით, ილურიძესა და “ჰაიდუკს” შორის კონტრაქტი ორიოდე კვირის წინ გაწყდა და ტექნიკურ ქართველ ფეხბურთელს ზაფხულში სხვა კლუბში გადასვლა მოუწევს, ჯერჯერობით კი, უგუნდოდაა.
- ამჟამად სად ვარჯიშობთ?
- ინდივიდუალურად ვემზადები. ახლა სეზონი მთავრდება და გუნდში ვერ მივალ. ველოდები სხვადასხვა ვარიანტებს.
- თბილისის “დინამოსგან” ინტერესზე რას იტყვით?
- ჩემამდე მოვიდა ეს ხმები, მაგრამ კონკრეტულად არავინ შემხმიანებია. რეალური შემოთავაზება ჯერ სხვა კლუბებიდანაც არ მქონია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
- რატომ გაწყდა კონტრაქტი თქვენსა და კლუბს შორის?
- პირველი წრე კარგად ჩავატარე, ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი კმაყოფილი იყო. შემდეგ ტრავმა მივიღე, რამაც შემაფერხა. კლუბში 3 ფეხბურთელს გვქონდა უმაღლესი ხელფასი, “ჰაიდუკს” ფინანსურად გაუჭირდა და პრეზიდენტმა დამიბარა, ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირება შემომთავაზა. გვსურს, რომ დარჩე, მაგრამ ხელფასი უნდა შეგიმციროთო. ისეთი თანხა იყო, რომ უარი ვთქვი.
- ჰქონდათ უფლება, რომ შუა სეზონში ხელფასი შეემცირებინათ?
- დიახ. 2,5-წლიანი კონტრაქტი როცა გავაფორმე, იქ ეწერა პუნქტი, რომლის მიხედვითაც, კლუბს შეეძლო გადაეხედა ხელშეკრულებისთვის. ტრავმამ შემიშალა ხელი, თორემ აქამდე არ მივიდოდა საქმე.
- ავტოავარია რომ შეგემთხვათ, იმანაც ხომ არ იმოქმედა?
- არანაირად. ავარია არაფერ შუაშია. მითხრეს, არ ინერვიულო, ძველებურად გააგრძელე ვარჯიშიო.
- ისე, ტრავმები საკმაოდ ხშირად გაქვთ. ქრონიკულია?
- როცა თავს ვუვლი, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ “ჰაიდუკში” ზოგჯერ გამაყუჩებელ ნემსებს მიკეთებდნენ და ისე ვთამაშობდი. პირველად რომ მივიღე ტრავმა, სწორედ ნემსები გამიკეთეს და ნაადრევად დამაწყებინეს ვარჯიში და თამაში. თან მეუბნებოდნენ, ქართველების ამბავი ვიცით, ჩვენსავით ვაჟკაცურები ხართ და გაუძლებო. ვუძლებდი, მაგრამ მეორედ დამემართა ტრავმა და შემდეგ კი ვუთხარი, რომ სანამ ბოლომდე არ მოვირჩენდი, ვერ ვივარჯიშებდი.
- გული დაგწყდათ ხორვატიიდან წამოსვლის გამო?
- რა თქმა უნდა, იყო ეგ მომენტი. “ჰაიდუკი” ისტორიული კლუბია, ყურადღება არ აკლია და პატივისცემას ვგრძნობდი ხალხისგან. ძალიან მაგარი ფანები ჰყავთ. ვერც წარმოვიდგენდი ასეთი მხარდაჭერა თუ შეეძლოთ.
- “ჰაიდუკის” ფანები ევროპაში ცნობილნი არიან. თქვენს მიმართ როგორ იყვნენ განწყობილნი?
- ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობდი. “ქართველ მესისაც” მეძახდნენ და წამოსვლისას მესმოდა მათგან, რატომ უშვებენ ილურიძეს და არა – სხვასო. მსიამოვნებდა მათგან ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ საწყენია, რომ ისე ვერ ვითამაშე, როგორც შემეძლო.