ფეხბურთი

19:42 | 18.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ილურიძე: “კვიპროსულ “ერმისთან” 2-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე”

გიორგი ილურიძემ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა კვიპროსულ “ერმისთან”. ამის შესახებ გიორგიმ თავად უთხრა “მსოფლიო სპორტს”. “ერმისმა” გასულ სეზონში მეოთხე ადგილი დაიკავა და ევროტურნირების საგზურიც მოიპოვა.

გიორგიმ გვითხრა, რომ “ერმისის” გარდა, თბილისის “დინამოსგან” და “ზესტაფონისგანაც” ჰქონდა შემოთავაზებები:

“თბილისის “დინამომ” ისეთი პირობები შემომთავაზა, რომ უარი ვთქვი. შემდეგ გადავერთე კვიპროსულ ვარიანტზე, ამიტომაც, “ზესტაფონის” წინადადება აღარ განვიხილე. არადა, შემდეგ გავიგე, რომ ზესტაფონელებს უკეთესი პირობები შემოუთავაზებიათ, ვიდრე “დინამოსა” და “ერმისს”. 25 ივნისს გუნდი იკრიბება, მე კი მანამდე ვიზის საკითხებზე დავდივარ. ვფიქრობ, კარიერის ასაწყობად კარგი შანსი გაჩნდა, “ერმისი” ევროტურნირებზეც ითამაშებს და ეს ძალიან კარგია”.

შეხსენებისთვის, ილურიძე შარშან გორის “დილადან” გადავიდა სპლიტის “ჰაიდუკში”, სადაც თავისი პოტენციალი ვერ გამოამჟღავნა. ახალგაზრდა ქართველ შემტევსა და “ჰაიდუკს” შორის კონტრაქტი 2 თვის წინ შეწყდა.

კვიპროსს ამ ზაფხულს უკვე არაერთმა ქართველმა ფეხბურთელმა მიაშურა: ლევან კაკუბავამ, შოთა გრიგალაშვილმა, ირაკლი მაისურაძემ, გიორგი აბურჯანიამ, ახლა კი, მათ ილურიძეც შეუერთდა.   

0.116374