ზემოიმერელთა რიგებს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა - 25 წლის ახალწვეულის სახელია გიორგი გურული. მარცხენა მცველი, რომელიც ჯერ ქუთაისის "ტორპედოში", ბოლოს კი გორის ”დილაში” ასპარეზობდა, "ზესტაფონის" ღირსებას შემდეგი ორი წლის განმავლობაში დაიცავს.
გიორგი გურული - მცველი; დაბადებულია - 31.07.1988; სიმაღლე - 184 სმ, წონა - 80 კგ.
”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ კლუბებში: ”დინამო-2” (თბილისი) - 2004-2006; ”ტორპედო” (ქუთაისი) - 2006-2007; ”შახტიორი-2” (ყარაღანდა, ყაზახეთი) - 2007; ”ბორჯომი” - 2007-2008; ”ტორპედო” (ქუთაისი) - 2008-2013; "დილა" (გორი) - 2013.
გრიგოლ დოლიძის მსგავსად, 2011-2013 წლებში გია გეგუჩაძის ქუთაისის "ტორპედოში" გიორგი გურულიც ასპარეზობდა და ქუთათურ კლუბთან ერთად ზედიზედ ორჯერ გახდა ეროვნული პირველობის ბრინჯაოს მედლების მფლობელი. მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპი მან "დილაში" გაატარა. გორელთა შემადგენლობაში გიორგიმ ევროკამპანიის ექვსივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, ეროვნულ პირველობაზე კი 15 შეხვედრა ჩაატარა და ფეხბურთის მოყვარულთ თავი საიმედო თამაშით დაამახსოვრა.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური