ჭიდაობა

18:10 | 11.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გოგშელიძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მედლის მოპოვების საკმაოდ რეალური შანსი აქვს, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, დღევანდელ შედეგს წარმატებულს მაინც ვერ დაარქმევ. ზაზა თურმანიძის შვიდეულის ლიდერი გიორგი გოგშელიძე მესამე ადგილის დასაკავებლად იჭიდავებს.
96 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველაფერი ისე დაიწყო, ქართველი გულშემატკივრები რომ ელოდნენ, მაგრამ ყველაზე ცუდი და ვფიქრობთ, არც თუ მოულოდნელი დასასრულით დასრულდა. ბერძენი იოანის პაპადოპულოსისა და პოლონელი რადოსლავ ბარანის მომგებ გიორგი გოგშელიძეს წინ მრისხანე მეტოქე – რუსეთის სახელით მოჭიდავე ჰაჯიმურატ გაცალოვი გადაეღობა და პირადი შეხვედრების ისედაც უარყოფითი ბალანსის შემცირების საშუალება არ მისცა. ცნობისთვის, პირველი სეტი გოგშელიძემ მოიგო, შემდეგ კი ნელ-ნელა აქტიურობას უკლო, დაიღალა და უპირატესობა ვერ შეირგო.
გაცალოვი რა თქმა უნდა ფინალშიც გავიდა და გოგშელიძე ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებს ბრძოლას. სომეხ ედგარ ენუქიანს უკვე სძლია და “ბრინჯაოს ფინალში” ირანელ არფალ მორადალი ამირს დაუპირისპირდება.
დღესვე, ხალიჩაზე მალხაზ ზარქუა (60 კგ) და დავით მარსაგიშვილიც (84 კგ) გავიდნენ.
მარსაგიშვილმა ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, უკრაინის სახელით მოჭიდავე იბრაგიმ ალდატოვთან 2 სეტში წაგებით. იქამდე კი უნგრელი იშტვან ვერები და ყაზახი კანატ ბერდიევი უპრობლემოდ ჩამოიცილა. მოგვიანებით ქართველს რეპეშაჟის გზაც გადაეკეტა, მას შემდეგ, რაც ალდატოვი ნახევარფინალს ვერ გასცდა.
ქურდიანმა (60 კგ) ძირითად ბადეში მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარა. პუერტორიკოელი ფრანკლინ გომეს მატოსის ძლევის შემდეგ, მარსაგიშვილის მსგავსად, მანაც უკრაინელ მოწინააღმდეგესთან, ვასილი ფედორიშინთან წააგო, მაგრამ ალდატოვისგან განსხვავებით, ფედორიშინი ფინალში გავიდა და ქართველს დამამშვიდებელი ეტაპის გზა გაუხსნა. უზბეკეთის სახელით მოჭიდავე დილშოდ მანსუროვს კი აჯობა, მაგრამ რუს ერსინ ჩეტინთან აღარაფერი გამოუვიდა და კვარცხლბეკს მიღმა დარჩა.

ოთარ მაღლაკელიძე


 

0.117656