ინტერვიუები

10:57 | 23.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გაბედავა: "გოლის გატანა ყველასათვის შეიძლება"

უკრაინული მარიუპოლის “ილიჩევეცის” ხელმძღვანელობას, გიორგი გაბედავას თამაში,  “გაგრას” მიერ ანთალიურ შეკრებაზე ჩატარებული ამხანაგური მატჩების დროს მოეწონა. მარიუპოლელებმა 20 წლის ქართველ თავდამსხმელს ყოველგვარი სინჯების გარეშე გაუფორმეს სეზონის ბოლომდე საიჯარო ხელშეკრულება და მისი ამოწურვის შემდეგ, მხარეების შეთანხმების შემთხვევაში, ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვაც დაიბევეს. მიმდინარე სეზონში ეროვნულ ჩემპიონატში 10 გოლის გამტანი აწ უკვე ექს-გაგრელი ფორვარდი, ამჟამად შეკრებაზე ყირიმში იმყოფება, სადაც მას “მსოფლიო სპორტი” დაუკავშირდა.    
- “ილიჩევეცში” გადასვლით კმაყოფილი ხართ?
- კმაყოფილი ვარ, რადგან ვიცოდი სადაც მივდიოდი. ვთვლი, რომ კარგი პირობები მაქვს.
- რატომ გაკეთდა არჩევანი მარიუპოლურ კლუბზე? როგორც ცნობილია, მის გარდა ინტერესს ლვოვის “კარპატი”, კიევის “ობოლონი”, ყაზახეთის “ტობოლი” და თურქეთის “ტრაბზონსპორი” იჩენდნენ...
- მართალია, გარკვეული წინადადებები სხვა კლუბებიდანაც იყო, მაგრამ ყველაზე რეალური წინადადებით “გაგრას” “ილიჩევეცმა” მიმართა. სწორედ, ამიტომ გადაწყდა მარიუპოლში გადასვლა.
- სეზონის ბოლომდე იჯარა რატომ გააფორმეთ? არ შეიძლებოდა უფრო ხანგრძლივი ვადით კონტრაქტის დადება?
- “ილიჩევეცს” სხვა კონტრაქტის გაფორმება უნდოდა, მაგრამ “გაგრას” პრეზიდენტმა ბესო ჩიხრაძემ გადაწყვიტა, რომ ჯერ გუნდში სეზონის ბოლომდე დავრჩენილიყავი. ამ პერიოდში უკრაინელები დამაკვირდებიან და თუ ორმხრივი სურვილი იქნება, ახალი კონტრაქტი გაფორმდება. არა და, სხვა გუნდში წავალ.
- ახალ გუნდში როგორ მიგიღეს?
- კარგად მიმიღეს და ყველაფერი ნორმალურადაა. ორმხრივი თამაში გვქონდა და გოლი გავიტანე. გუნდის მთავარი მწვრთნელი ილია ბლიზნიუკიც კმაყოფილი დარჩა. ამჟამად, შეკრებაზე ყირიმში ვართ და 26 თებერვალს ზაპოროჟიეში წავალთ, სადაც 27-ში თამაში “მეტალურგთან” გვაქვს.
- როგორ ფიქრობთ, “ილიჩევეცის” ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებას შეძლებთ?
- ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. თავის გამოჩენის შანსი მექნება და თუ ვითამაშებ, “ძირითადშიც” მოვხვდები. მით უმეტეს, ჩემს მიმართ კარგად არიან განწყობილი.
- უკრაინის ჩემპიონატის შესახებ რა აზრის ხართ?
- გასაგებია, რომ ესპანეთისა და გერმანიის დონის არაა, მაგრამ იგივე კიევის “დინამო” და დონეცკის “შახტარი” სერიოზული კლუბებია, რომლებსაც ანგარიშს ევროპაშიც უწევენ. საქართველოს ჩემპიონატიდან პირდაპირ მაღალი დონის ევროპულ პირველობაზე მოხვედრა ძალიან ძნელია. უკრაინაში კი, შემიძლია კარგი გამოცდილება მივიღო. ჩემპიონატის დონეზე კი, სათქმელი უფრო მეტი მაშინ მექნება, თამაშებს რომ ჩავატარებ.
- ალბათ, ისიც გაცნობიერებული გაქვთ, რომ საქართველოსთან შედარებით უკრაინაში გოლების გატანა უფრო რთულია?
- საქართველოსთან შედარებით ძნელია, მაგრამ გოლის გატანა წარმოუდგენელი არავის კარშია. მე ყოველ თამაშზე მოედანზე იმისთვის გავდივარ, რომ ბოლომდე დავიხარჯო და ბურთი გავიტანო.
- 3 მარტს ესტონეთთან სათამაშოდ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში ხართ გამოძახებული და შეკრებაზე დროულად ჩამოსვლაში ხელი ხომ არ შეგეშლებათ?
- კლუბში ოფიციალური მიწვევა თუ მივა, ჩამოვალ აბა რას ვიზამ?! ხელისშემშლელი მიზეზი არ არსებობს. მზად ვარ, რაც შემიძლია ნაკრებისთვის გავაკეთო.
- მომავალი შეხვედრის თაობაზე რას იტყვით?
- ესტონეთთან პირველ მატჩში არ მითამაშია, მაგრამ შეხვედრის ვიდეოჩანაწერი ვნახე. ცუდი გუნდი ნამდვილად არაა, მაგრამ არც ისეთია, რომ სახლში მოგება არ შეიძლებოდეს. იოლი თამაში არ გველის, თუმცა სამი ქულისთვის მაქსიმუმი უნდა გავიღოთ.

ლაშა თაბაგარი

 

0.065264