“გაგრას” შემტევი გიორგი გაბედავა, რომელიც გუნდს ზამთარში უკრაინული მარიუპოლის “ილიჩევეციდან” დაუბრუნდა, თვლის, რომ თასის ფინალში მისმა გუნდმა დამსახურებულად გაიმარჯვა.
გიორგი გაბედავა: “ამაღლებული განწყობა მაქვს. კარიერაში ასეთ წარმატებას პირველად მივაღწიე. საქართველოს თასის მოგება “გაგრასთვისაც” ისტორიული მომენტია. ყველა გახარებული ვართ. სიტყვებით ძნელია, გადმოვცე რასაც განვიცდი. ღმერთმა ინება, რომ მოგვეგო. მინდა ეს წარმატება “გაგრას” ყველა გულშემატკივარს მივულოცო”.
- სეზონის დაწყებამდე ნაკლებად თუ ვინმე იფიქრება, რომ “გაგრა” ჯერ ფინალში გავიდოდა და შემდეგ თასს მოიგებდა...
- თავიდან ნამდვილად არავის ეგონა, რომ ფინალში გავიდოდით და თასს მოვიგებდით. შესაძლოა, ცხოვრებაში მსგავსი შანსი ერთხელ გქონდეს და ამიტომ, ყველა ფეხბურთელმა მაქსიმალური გააკეთა. ვფიქრობ, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
- გეტყობოდათ, რომ გოლის გატანა ძალიან გინდოდათ...
- უკრაინიდან ჩამოსვლის შემდეგ, ფორმაში არ ვიყავი და ალბათ, ბევრს არ ეგონა, რომ ასეთ დონეზე ვითამაშებდი. რა თქმა უნდა, გოლის გატანა მინდოდა, მაგრამ ეს იმდენად მნიშვნელოვანი არ იყო, რამდენადაც გუნდის წარმატება.
- განვლილ სეზონში “გაგრას” წარმატების მიზეზად რა მიგაჩნიათ?
- მთავარი მწვრთნელი გუნდს კარგად შეეწყო და მოედანზე თითოეულმა ფეხბურთელმა იცის რა უნდა გააკეთოს. ვარჯიშზე რასაც ვაკეთებთ, მერე თამაშში გადაგვაქვს. წარმატების მიზეზი ფეხბურთელების თავდადებაა. თითოეული მოედანზე ბოლომდე ვიხარჯებით და თავს არ ვზოგავთ.
- მომავალ სეზონში გუნდში დარჩებითი თუ “გაგრადან” წასვლას აპირებთ?
- ჯერჯერობით მომავლის თაობაზე ვერაფერს გეტყვით. სეზონი ახლა დამთავრდა და არც ქართული და არც უცხოური გუნდიდან წინადადება არ მქონია.
ლაშა თაბაგარი