ინტერვიუები

10:33 | 16.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გაბედავა: “ძირითად შემადგენლობას ნელ-ნელა მაჩვევენ"

ზამთარში “გაგრადან” მარიუპოლის “ილიჩევეცში” იჯარით გადასულმა გიორგი გაბედავამ, უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგაში საკუთარი გოლების ანგარიში სიმფეროპოლის “ტავრიასთან” გახსნა. ისევე როგორც ზაპოროჟიეს “მეტალურგთან” სადებიუტო შეხვედრაში, ქართველი თავდამსხმელი შეცვლაზე შევიდა მოედანზე - მართალია, უფრო მცირე დროით, თუმცა, ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ანგარიში გაეთანაბრებინა (3:3). სხვათა შორის, უკრაინაში მოასპარეზე ქართველი ლეგიონერებიდან გაბედავა ერთადერთია, რომელმაც უკრაინის პირველობის განახლების შემდეგ მეტოქის კარი აიღო.
“მსოფლიო სპორტი” მარიუპოლელთა შემტევს უკრაინაში “ტავრიასთან” თამაშის მეორე დღეს დაუკავშირდა.
- გატანილი გოლი როგორ აღნიშნე?
- ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე როგორც გუნდისთვის, ასევე ჩემთვის. ბუნებრივია, გამიხარდა, მაგრამ განსაკუთრებული რიტუალი არ შემისრულებია -ჩვეულებრივად ავღნიშნე.
- “ილიჩევეცის” შემადგენლობაში უკრაინის ჩემპიონატზე შეცვლაზე მეორედ ითამაშე და ერთი გოლი გაიტანე. დასაწყისისთვის ცუდი შედეგი არაა...
- მარიუპოლში გადასვლის შემდეგ, საერთო ჯამში უკრაინის ჩემპიონატში დაახლოებით 40 წუთი ვითამაშე - ნახევარი საათი ზაპოროჟიეს “მეტალურგთან” და 10 წუთი “ტავრიასთან”. კიევის “დინამოსთან” შეხვედრაში განაცხადში ვიყავი, მაგრამ მოედანზე არ გავსულვარ. მეც ვფიქრობ, რომ ცუდი დასაწყისი არაა.
- “ტავრიას” შემადგენლობაში ვასილ გიგიაძემ როგორი შთაბეჭდილება დატოვა?
- თამაშამდე ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს მთელი აქცენტი გიგიაძეზე ჰქონდა გაკეთებული. წინასამატჩო დარიგებაში აღნიშნავდა, რომ “ტავრიაში” ყველაზე ხშირად ბურთს გიგიაძე აკონტროლებს და შეტევებიც მისგან იწყება. ამიტომ, ამ ფეხბურთელის მიმართ ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით. მან ამ შეხვედრაშიც კარგად ითამაშა.
- თამაშის შემდეგ გატანილი გოლი თუ მოგილოცა?
- გიგიაძეს არ ვიცნობდი და მატჩის შემდეგ მოსალოცად თვითონ მოვიდა. თბილად შემხვდა და როგორც ჩემზე გამოცდილმა რაღაც-რაღაცეები დამარიგა.
- სიმფეროპოლელების წინააღმდეგ შენს მიერ ნაჩვენები თამაში, ალბათ, მომავალში “ილიჩევეცის” ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის კარგი წინაპირობაა...
- ჩამოსვლის დღიდან ყველა კარგადაა ჩემს მიმართ განწყობილი. “ტავრიასთან” თამაშის მერე, მთავარი მწვრთნელი ილია ბლიზნიუკი მოვიდა და მომილოცა. ძირითად შემადგენლობას ნელ-ნელა მაჩვევენ. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული და ვთვლი, რომ “ძირითადში” თამაში არ უნდა გამიჭირდეს.
- გუნდის შეტევის ხაზში რამდენად დიდი კონკურენციაა?
- “ილიჩევეცი” ერთი გამოკ¬ვეთილი თავდამსხმელით თამაშობს, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში ნახევარმცველის ფუნქციასაც ასრულებს. ამჟამად, “ძირითადის” ფორვარდი ალექსანდრ კასიანია, რომელსაც კონტრაქტი დონეცკის “შახტართან” აკავშირებს და “ილიჩევეცში” იჯარით თამაშობს. ფორვარდად თამაში გუნდის კაპიტან ვადიმ მელნიკსაც შეუძლია, მაგრამ ის საყრდენი ნახევარმცველის ფუნქციას ასრულებს, რადგან ამ პოზიციაზე ვინც თამაშობდა ტრავმა მიიღო და ერთი თვით გამოგვაკლდა. ჯანსაღი კონკურენცია ყველასთვის კარგია და მათ შორის ჩემი წინსვლისთვისაც, ვინაიდან ჯერ კიდევ ვსწავლობ.
- უკრაინის ჩემპიონატში ორი ტაიმის ჩასატარებლად ფიზიკური კონდიციები ხელს გიწყობს?
- ვარჯიშებზე ჩემთვის გაუსაძლისი დატვირთვები არაა და არ მიჭირს. ვთვლი, რომ ფიზიკურად კარგად ვარ მომზადებული და 90 წუთი თამაშს შევძლებ.
- “გაგრაში” თამაშისას შენს მიმართ პრეტენზია ჰქონდათ, რომ მოედანზე ბევრს არ მოძრაობდი და მთელი აქცენტი მხოლოდ კარში დარტყმაზე გქონდა გადატანილი. მსგავსი შენიშვნა “ილიჩევეცშიც” ხომ არ მოუციათ?
- მარიუპოლში არავის უთქვამს არ დარბიხარო. პირიქით, უფრო იმას აღნიშნავენ, რომ მეტოქის კარისკენ ძალიან მიზანმიმართული ვარ.
- საქართველოსთან შედარებით უკრაინაში თამაში რამდენად რთულია?
- უკრაინაში ძალიან გამართული საფეხბურთო ინფრასტრუქტურაა და სათამაშოდ ყველა პირობაა შექმნილი. ჩემპიონატის დონე საქართველოსაზე მაღალია, მაგრამ არც რაიმე განსაკუთრებულია - “ვარსკვლავებს” ნამდვილად არავინ წყვეტს. საქართველოში ბევრი ფეხბურთელი ვიცი, რომლებიც აქ თამაშს შეძლებდნენ. კიევის “დინამო” და “შახტარი” ევროპული დონის კლუბები არიან და უკრაინაში სხვებისგან გამოირჩევიან. თუმცა, იმავე “დინამოსთან” თამაშის დროს მეტოქეს ისეთი არაფერი გაუკეთებია, რაც აქამდე არ მინახავს.

ლაშა თაბაგარი  


 

0.123491