ბოლო დღეებში, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, რა თქმა უნდა, ფეხბურთელებიც გამოეხმაურნენ. საყოველთაოდ ცნობილი ვიდეოფაქტების შემდეგ, ბევრმა თქვა, რომ საყვარელ საქმეზე ფიქრი უჭირდათ - მართლაც არ არსებობს საღი აზროვნების ადამიანი, რომელსაც ეს შემზარავი ვიდეომასალები გულს არ მოუკლავდა.
საქართველოს ნაკრებისა და აზერბაიჯანული "ბაკის" მარცხენა მცველმა, გიორგი ფოფხაძემ "მსოფლიო სპორტთან" საუბარი სწორედ ამ თემით დაიწყო:
გიორგი ფოფხაძე: სამწუხაროდ, არ მომეცა და არ მეძლევა იმის საშუალება, რომ ქართველ ხალხთან ერთად ვიყო. იმ ადამიანების გვერდში, რომლებიც ამ ვანდალიზმს აპროტესტებენ. ამ მწამებლებზე რა სიტყვები ვთქვა? ისინი მეცოდებიან, რადგან არც დედა უყვართ, არც მამა, არც ძმა, არც შვილები და არც არავინ. ადამიანები არ არიან. თუმცა, სხვა გრძნობით მეცოდებიან პატიმრები. ყველა ვიდეოს ბოლომდე ნახვა ვერ შევძელი - ძალა არ მეყო.
...ველოდები არჩევნებს. 1 ოქტომბერს, ბაქოდან თბილისში ჩამოვალ და ჩემს არჩევანს გავაკეთებ. წესით, ამ ყველაფრის შემდეგ, ნორმალური ხელისუფლება თავისი ნებით უნდა მიდიოდეს. თუმცა, რამდენიმე დღეღა დარჩა.
...ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამგვარი განცხადების გაკეთება მომიწევდა, მაგრამ ეს რაც ვნახეთ, პოლიტიკა აღარაა. ახლა თუ არ მოხერხდა ამ ვანდალიზმის ამოძირკვა, წლების შემდეგ რა უნდა ვუთხრათ ჩვენს შვილებს? ყველა ქვეყანაში ლამაზდება ქუჩები და ეს რატომ არის სატრაბახო, ვერ ვხვდები. ალბანეთი რომ ალბანეთია, მათზე სულ მესმოდა, ძალიან გაჭირვებულია და იქაურობას არ შეეხედებაო, მაგრამ გავვოცდი, როცა იქ მომიწია ჩასვლა. რაღა დროს შუქზე და წყალზე ლაპარაკია?
...იმედია, ეს ვანდალიზმი დამარცხდება. ყველამ, ვისაც უფლება აქვს, არჩევანი უნდა გააკეთოს.
...სულ სხვა დღეები იყო, როცა ბელარუსთან და ესპანეთთან მატჩები ტარდებოდა. ხალხი ფეხბურთზე ლაპარაკობდა, ერთობოდა, ახლა კი ფეხბურთელებს ეს საშინელი ვიდეომასალები არ ამოგვდის გონებიდან...
...ფოფხაძეს საფეხბურთო ამბებზეც ვესაუბრეთ. ის ბელარუსთან და ესპანეთთანაც სათადარიგო გახლდათ:
"წარმომიდგენია, რა ზეიმი იქნებოდა, ამისულაშვილის დარტყმული რომ გასულიყო. წარმოდგენაც მიჭირს. ამხელა დონის გუნდი იყო ჩამოსული და 86-ე წუთამდე ვერ გვიგებდა. შესაძლოა, ერთი ცვლილება რომ არ დაგვეკარგა (ლორიას ტრავმა), ფრისთვისაც მიგვეღწია".
ფოფხაძე შარშან ამ დროს ავსტრიულ "შტურმში" თამაშობდა, ახლა კი "ბაკიშია". გიორგი ერთადერთი ფეხბურთელია აზერბაიჯანის პრემიერლიგიდან, რომელსაც საქართველოს ნაკრებში იძახებენ:
- პრემიერლიგა კარგად ვერ დავიწყეთ, მაგრამ ჯერ ადრეა. ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ. მწვრთნელად "ოლიმპიაკოსის"'ყოფილი თავკაცი, ბანდოვიჩი გვყავს, რომელიც ქეცბაიას შემდეგ გახლდათ ბერძნულ გუნდში. კარგი ფეხბურთელები მოვიდნენ, ბევრი მათგანი ნაკრების წევრია - თანაც, სულ ლეგიონერები. "შტურმიდან" ძალიან ცოტანი იყვნენ ნაკრებში.
- აზერბაიჯანში ფული რომ იხარჯება, ეს სიახლე არაა, მაგრამ ისე ჩანს, რომ ინფრასტრუქტურა არ უვარგათ.
- დაიწყეს აშენება. მშვენიერი სტადიონები აქვთ. ახლა 17-წლამდე გოგონებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო აზერბაიჯანში. ადრე სულ იყო სტადიონების პრობლემა, ახლა კი, აღარაა. მოკლედ, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ვითარდებიან. უბრალოდ, გული მწყდება - ეს ფული ქართულ ფეხბურთში რომ იყოს, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპებზე ყოველწლიურად გვეყოლებოდა გუნდები. ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ, ძალიან...
- ყველა წამყვან აზერბაიჯანულ გუნდში ლეგიონერებს მიჰყავთ თამაში. იმაზე არ ზრუნავენ, რომ თავიანთი კადრები გაზარდონ?
- წესია, რომ სულ ცოტა, 4 აზერბაიჯანელი უნდა იყოს მინდორზე და აქედან ერთი, აუცილებლად არაუმეტეს 19 წლისა. ეს იმიტომ, რომ თავიანთიც გაზარდონ, თუმცა, მთლიანობაში, მაინც ლეგიონერები არიან წამყვან პოზიციებზე.
- ერთწლიანი კონტრაქტი გაქვთ და მერე რას აპირებთ?
- "ბაკისთან" სანამ მოვაწერდი, რამდენიმე ვარიანტი ვცადე, მაგრამ სულ საჭოჭმანო. აქ რომ მოვაწერე, მერე გამოჩნდა პოლონეთის "ვისლას" გამზადებული კონტრაქტი. გვიანი იყო. რომ მცოდნოდა, "ვისლაში" წავიდოდი, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით ნაკლებ ხელფასს მთავაზობდნენ. დამთავრდება გაისად ზაფხულს ხელშეკრულება და ვნახოთ. ღმერთმა ქნას და ყველაფერი კარგად იყოს.
ილია ნანობაშვილი