გრაცის “შტურმის” მარცხენა მცველი გიორგი ფოფხაძე სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს. გიორგის 1+2 კონტრაქტი აქვს არნოლდ შვარცნეგერის ქალაქის კლუბთან, რომელიც მოქმედი ჩემპიონია, თუმცა ამ სეზონს შარშანდელივით ვერ ატარებს და ცხრილის შუაშია.
ფოფხაძემ “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც “შტურმში” დარჩენა აღარ სურს. გარდა ამისა, 25 წლის მცველს საქართველოს ნაკრების თემაზეც ვკითხეთ:
- ავსტრიის ჩემპიონატის გასულ ტურში არ გითამაშიათ. მიზეზი?
- ფეხი მტკიოდა და გუშინ დავიწყე გუნდთან ერთად ვარჯიში. კვირას ვენაში “რაპიდს” ვხვდებით და შესაძლოა, ვითამაშო. ზუსტად არ ვიცი.
- ფრანკო ფოდა “შტურმის” მწვრთნელი აღარაა. თავად წავიდა თუ გაუშვეს?
- თავად წავიდა. ფოდას არავინ გაუშვებდა. იმხელა ავტორიტეტი აქვს, რომ ასე ხელაღებით კარისკენ ვერ მიუთითებდნენ. კლუბში ისეთი მდგომარეობა აღარაა, როგორიც ჩემი მისვლისას იყო. გადაწყვეტილი მაქვს, რომ ზაფხულში “შტურმს” დავტოვებ.
- ანუ, კონტრაქტს აღარ აგრძელებთ?
- არა. ფოდა რომ დარჩენილიყო და კლუბის ხელმძღვანელობას კურსი არ შეეცვალა, მაშინ, დავრჩებოდი. ჯერ ერთი, დიდი შანსია, წლეულს ევროტურნირებზე ვერ გავიდეთ. ხელმძღვანელობა ახალგაზრდებზე აპირებს აქცენტის გაკეთებას და ყველანაირად ცდილობენ, ბიუჯეტი შეამცირონ. გამოცდილი ფეხბურთელების გაშვებას აპირებენ, არადა, სწორედ ამ გამოცდილებმა მოუტანეს “შტურმს” ჩემპიონობა. ასე უცებ გაახალგაზრდავება კარგ შედეგს ვერ მოიტანს: ეს გამოვცადე “ვიბორგში”, როცა გუნდი დანიის უმაღლესში იყო, მაგრამ არჩეულმა კურსმა და წამყვანი ფეხბურთელების გაშვებამ “ვიბორგი” ქვედა ლიგაში ჩაიყვანა და ახლაც იქ არიან. მირჩევნია, უფასოდ წავიდე სხვა კლუბში, ვიდრე აქ ორწლიანი ხელშეკრულება გავაფორმო.
- გასაგებია. არადა, ძალიან მოგწონდა “შტურმში”. მუდმივად გაქვთ სათამაშო პრაქტიკა.
- მოხარული ვარ, რომ ფოდას დონის სპეციალისტთან ვიმუშავე, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა და სჯობს, აქაურობას გავეცალო. ახლა ფოდას ყოფილი თანაშემწეა დროებით მწვრთნელად. არ ვიცი, ვის მოიყვანენ, მაგრამ ვინც არ უნდა მოვიდეს, ახალგაზრდებზე გააკეთებს აქცენტს. ასეთი კურსი აირჩია “შტურმის” ხელძღვანელობამ. თანაც, ახალმა სპორტულმა დირექტორმა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ისეთი რამ თქვა, აღარ ღირს აქ დარჩენა.
- რა თქვა?
- რატომ უნდა ითამაშოს ლეგიონერმა, როცა მის პოზიციაზე 21 წლის ავსტრიელი გვყავსო. შევხვდი დირექტორს და ამ სიტყვების გამო, ჩემი წყენა დავაფიქსირე.
- სავარაუდო მომავალი კლუბი ხომ არ გამოჩენილა?
- ერთ-ორ კვირაში მეცოდინება. როცა გაზეთებშიც დაიწერება ჩემ გადაწყვეტილებაზე, მუშაობაც დაიწყება. აქ 9 თვეში 34 მატჩი ჩავატარე, ცოტა ნამდვილად არაა და წესით, პრობლემა არ უნდა გახდეს სხვა კლუბში გადასვლა. თანაც, უფასოდ. ისე, მირჩევნია სათამაშო პრაქტიკა მქონდეს და ნაკლები ხელფასი მომცენ, ვიდრე პირიქით. თამაში მინდა.
- მთლიანობაში, ავსტრიის ჩემპიონატის სპეციფიკაზე რას იტყვით?
- დანიისა და ავსტრიის ჩემპიონატებს შორის, დონის მხრივ, დიდი განსხვავება არაა. აქ შედარებით მეტია დაძაბულობა, ყველა ყველას ებრძვის. ეგაა, ავსტრიაში მსაჯობაა ძალიან ცუდი.
- “შტურმს” ემტერებიან?
- ძალიან. ამას ყველა ატყობს ავსტრიაში, გაზეთებში ხშირად იწერება. “ზესტაფონი”-“ბრიუგე” რომ იმსაჯა ევროპის ლიგაზე, სწორედ ის არბიტრია “მოდაში” – “ზესტაფონი” რომ გაამწარა, მახსოვს და ჩვენს საწინააღმდეგოდაც არაერთი შეცდომა დაუშვა.
- რომელ კლუბებს ეხმარებიან?
- უფრო, “რაპიდსა” და “აუსტრიას”.
- ავსტრიის 19-წლამდელთა ნაკრები საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის ჯგუფში, რომლის თამაშები მაისის ბოლოს გაიმართება. იცნობთ ავსტრიის 19-წლამდელებს?
- დიახ. ორი მათგანი “შტურმშია” და მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობენ, თუმცა თამაში თითქმის არ უწევთ. ურიგო ბიჭები არ არიან, თუმცა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თამაში მინახავს და ვფიქრობ, ჩვენებს უკეთესი ფეხბურთელები ჰყავთ.
- და ბოლოს, როგორც ვიცით, თემურ ქეცბაია უნდა დასწრებოდა თქვენს თამაშს. ნახეთ ერთმანეთი?
- რამდენადაც ვიცი, ქეცბაია იყო თამაშზე, კერძოდ, “აუსტრიასთან”. თუმცა არ მინახავს. მატჩის დასრულებისთანავე აეროპორტისკენ გაემგზავრა გუნდი. გამომიძახებს თუ არა, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. იმედი კი მაქვს.
ილია ნანობაშვილი