ინტერვიუები

16:19 | 15.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ფოფხაძე: “გაკვირვებული და გაწბილებული ვარ, რომ ბოლო პერიოდში ნაკრებში არ მიძახებენ”

ქართველი ლეგიონერებიდან ევროტურნირებს ცოტანი შემორჩნენ და ისიც, ევროპის ლიგაზე. ამ იშვიათთაგანია ავსტრიის ჩემპიონის, გრაცის “შტურმის” მარცხენა მცველი გიორგი ფოფხაძე, რომელიც ამ ზაფხულს “ზესტაფონიდან” გადავიდა არნოლდ შვარცენეგერის მშობლიური ქალაქის კლუბში და მალევე დაიმკვიდრა ადგილი ძირითადში. გეცოდინებათ, ფოფხაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობდა, თუმცა, ეს, ბოლოს, ექტორ კუპერის მწვრთნელობისას მოხდა.
აქვე, ფოფხაძის საინტერესო ინტერვიუ www.sturm12.at-თან:
- დავით მუჯირი, ილია კანდელაკი, გიორგი შაშიაშვილი – ქართველი ფეხბურთელები ადრეც თამაშობდნენ “შტურმში”. ახლა კი თქვენც... შემთხვევითობაა?
- ბედმაც გადმომხედა. არ დაგვავიწყდეს, რომ თქვენს მიერ ჩამოთვლილი ფეხბურთელები საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობდნენ. ისინი “შტურმში” კარგად ირჯებოდნენ და შესაძლოა, ამანაც იქონია გავლენა, რომ ჩემი სახით, “შტურმმა” კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი მიიყვანა. მაგალითად, კანდელაკი ჩემს პოზიციაზე თამაშობდა და საკმაოდ კარგადაც. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება უკეთ გამოვიდე ამ კლუბში.
- თამაშობდით საბერძნეთსა და დანიაში. და თქვენი საერთაშორისო გამოცდილება არაა საკმარისი საიმისოდ, რომ საქართველოს ნაკრებში მოხვდეთ?
- გაკვირვებული და გაწბილებული ვარ, რომ ბოლო პერიოდში ნაკრებში აღარ მიძახებენ. თუმცა, ნაკრებში მარცხენა მცველად კახა კალაძე თამაშობს, მაგრამ ისიც ცხადია, რომ კალაძე 33 წლისაა. თუ “შტურმში” თამაშს სტაბილურად და კარგად გავაგრძელებ, ალბათ, ნაკრებშიც დამაბრუნებენ. ეს ჩემი ოცნებაა.
- თქვენი მეუღლე გრაცში ცხოვრობს, პატარა ქალიშვილთან ერთად. ოჯახის დანარჩენი წევრები საქართველოში არიან. მათთან ინტენსიური კონტაქტი გაქვთ?
- დიახ. ყოველდღიურად ვრეკავ თბილისში. ისედაც, ქართველები კონტაქტური ხალხი ვართ. თუ როგორღაც ხდება და ვერ ვრეკავ, იმ დღეს სერიოზულ დისკომფორტს ვგრძნობ.
- როგორ შეაფასებთ თქვენს როლს, როგორც მცველისას?
- საქართველოში ტექნიკური ფეხბურთია, ხოლო როცა დანიაში ვთამაშობდი, ხშირად ვამბობდი: “ეს ჩემი ლიგა არაა”. დანიური ფეხბურთი ძალიან დაცვითი და აგრესიულია. მწვრთნელი ყოველთვის მეუბნებოდა, რაც შეიძლება სიღრმიდან ითამაშეო, რაც არ მინდოდა.
- ფრანკო ფოდა (“შტურმის” მწვრთნელი) უფრო მეტ თავისუფლებას გაძლევთ, ვიდრე “ვიბორგში” გქონდათ?
- დიახ. ოღონდ ეს მანამდე, სანამ ვუტევთ. ფოდა ტაქტიკურად ძლიერი სპეციალისტია, კარგად წარმართავს თამაშს. ხშირადაა, როცა დაცვაში საფრთხე არ გვემუქრება და წინ თამაშის საშუალება მეძლევა.
- ბოლოს რამდენიმე კარგი მატჩი ჩაატარეთ. მწვრთნელი კმაყოფილია თქვენით?   
- ფოდა არასოდეს ეუბნება ფეხბურთელს, რომ მან გადასარევად ითამაშა. ეს მისი სტილი არაა. ფოდას ფეხბურთელის თამაშის გაუმჯობესების სხვა მეთოდები აქვს და ეს მომწონს. მწვრთნელი თუ გეტყვით, რომ ძალიან მაგრად გამოიყურებოდით, შესაძლოა,  თვითკმაყოფილებას მიეცეთ და მიღწეულზე შეჩერდეთ, მე კი წინსვლა მსურს. “ზალცბურგთან” ლეონარდოს წინააღმდეგ კარგად ვითამაშე. ფოდამ კი, უწინარესად, შეცდომებზე მიმითითა, რამდენიმე მომენტში სუსტად გამოიყურებოდიო. მწვრთნელი მართალია.
- ბელარუსის ბატე-სთან ძალიან კარგად ითამაშეთ. მატჩის შემდეგ კი დიდხანს იწექით ბალახზე ხელებაფარებული... (ბატე-მ “შტურმი” დაამარცხა ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში და ჯგუფურ ეტაპზე გასვლის საშუალება არ მისცა – ი.ნ.).
- ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი უცუდესი დღე იყო ჩემს კარიერაში. რა ახლოს ვიყავით... კარგად მოვემზადეთ, პირველმა შეხვედრამაც კარგად ჩაიარა და ბელარუსში ფრედ ვითამაშეთ, შინ კი დავმარცხდით. ჩვენ ნამდვილად შეგვეძლო ჩემპიონთა ლიგაში თამაში. იქ, სადაც ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ არიან. ბატე-სთან წაგების მერე მკვდარივით ვიყავი და მთელი ღამე ვერ დავიძინე.
- გრაცში, პირველივე მატჩისას გულშემატკივრებს შეხვდით. გიყვართ აუდიტორიის წინაშე თავის წარდგენა?
- მინდორზე სხვანაირი ადამიანი ვარ. გულშემატკივრებს ყოველთვის ვაფასებ და მიყვარს. დავუბრუნდეთ ბატე-სთან მატჩს. ხალხს შეეძლო ეთქვა: “აბა, ეს რა არის, 50 ევრო გადავიხადე ბილეთში, თქვენ კი წააგეთ”. ფანების რეაქცია კი სხვაგვარი იყო. როდესაც ბალახზე ვიწექი და თავი ავწიე, ფანები ისევ ჩვენთან იყვნენ.
- მოგწონთ ტრიბუნებზე ფოიერვერკები?
- დიახ. ძალიან ლამაზია.
- ავსტრიაში არცთუ დიდი ხნის წინ აკრძალეს – ძალიან საშიშიაო.
- დანიაში რამდენიმე ინციდენტი მოხდა, ბავშვებმა ტრავმა მიიღეს. საქმე ისაა, რომ ზოგიერთი ფანი ერთმანეთს ბომბავდა ფოიერვერკებით. ვფიქრობ, ამის გაკონტროლება შეიძლება.
- მოგწონთ “შტურმში” ყოფნა?
- ახალი მოსული ვარ და უკვე მშვენივრად ვგრძნობ თავს. ევროპის ლიგაზე ვთამაშობთ და მტკიცედ მჯერა, რომ “შტურმი” კიდევ იბრძოლებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შესასვლელად. აქ მართლაც კარგად ვცხოვრობ, გრაცი შესანიშნავი ქალაქია.
- გუნდში მეტსახელიც გაქვთ.
- “პოპს” მეძახიან. საქართველოში ყველა “გიგი”-თ მომმართავს. ჩემი ნამდვილი სახელია გიორგი, ინგლისურად კი, რა თქმა უნდა, “ჯორჯ”.
- გიგი, თქვენ არ მოგწონთ გრძელი პასები. ხომ ასეა?
- დიახ. ვერ ვიტან. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც დანიაში მწვრთნელებთან პრობლემები მქონდა. იქ სულ გვეუბნებოდნენ, დაარტყი და ადვილად მოიშორე ბურთი...   
 

ილია ნანობაშვილი
 

0.143113