დანიური სას ლიგის (რანგით მეორე) “ვიბორგის” ქართველი მარცხენა მცველი გიორგი ფოფხაძე ამ ზაფხულს კლუბს შეიცვლის. საქმე ისაა, რომ 23 წლის ფოფხაძეს ექვს თვეში უმთავრდება კონტრაქტი და თავისუფალი აგენტი ხდება, ამიტომაც “ვიბორგსაც” ზაფხულშივე სურს მისი გაყიდვა, თორემ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ხომ ცენტსაც ვერ მიიღებს.
“მსოფლიო სპორტი” გიორგის დანიაში დაუკავშირდა და პირადული ამბების გარდა, სხვა ამბებზეც შევეკითხეთ:
- ბოლო ორი მატჩი არ გითამაშია. რატომ?
- ფეხი მტკიოდა და მართალია, ბოლო დღეებში ვვარჯიშობდი, მაგრამ გუშინ “სკივესთან” არ მითამაშია. არ გავრისკე, თანაც პრინციპული მატჩი არ იყო.
- “ვიბორგი” კვლავაც ვერ გადავიდა სუპერლიგაში. რას აპირებ სეზონის დასრულების შემდეგ?
- აქ დარჩენა უკვე გამორიცხულია. საკმაო ხანი შევალიე “ვიბორგს” და დროა, კლუბი შევიცვალო. ამ დღეებში შევხვდები ჩემს მენეჯერს, თუმცა, მან უკვე მითხრა, რომ მომდევნო ტურში ჩემი თამაშის სანახავად უცხოური კლუბის სკაუტი ჩამოვა. სანამ სატრანსფერო ფანჯარა გაიღება, მანამდე უნდა იყოს რაღაც ძვრები, თორემ მერე დაგვიანდება და დრო გაიწელება.
- მაინცდამაინც უცხოეთის კლუბიდან უნდა ჩამოვიდეს სკაუტი? დანიაში არაა შენს მიმართ ინტერესი?
- ინტერესი როგორ არ არის. უბრალოდ, აქ საშინელი ფინანსური კრიზისია და ეს კლუბებსაც შეეხო. წლეულსაც მქონდა ვარიანტები დანიიდან, მაგრამ ფული ვერ გადაიხადეს.
- დანიაში კრიზისია? საკვირველია...
- დიახ. ქვეყანაშია კრიზისი და ეს კლუბებსაც შეეხო. წარმოიდგინეთ, “კოპენჰაგენი” რომ “კოპენჰაგენია”, დანიის ჩემპიონი გახდა და ერთი ფეხბურთელიც კი ვერ იყიდა. ახალგაზრდული გუნდიდან ფეხბურთელების დამატება – თითქმის ყველა კლუბი ასეა დანიაში.
- ხელფას-პრემიებს აგვიანებენ?
- არა, აქ ასეთი რამ წარმოუდგენელია.
- თუ საიდუმლო არ არის, შენ რამდენად გაფასებს “ვიბორგი”?
- 300 000 ევრო ითქვა, თუმცა, ვფიქრობ, გადამეტებულია. ახლა ძნელია, ჩემში მაგდენი გადაიხადოს რომელიმე კლუბმა, რადგან ექვს თვეში კონტრაქტი მიმთავრდება. წესით, ნაკლებ თანხასაც უნდა დათანხმდეს “ვიბორგი” და ალბათ, ასეც მოხდება.
- “ვიბორგის” ხელმძღვანელობას უკვე უთხარი, რომ წასვლა გადაწყვიტე?
- დიახ. თვითონაც აწყობთ, რომ გამყიდონ.
- დანიის სუპერლიგის “ორჰუსში” დავით დევდარიანის ძმა, ირაკლი ვარჯიშობს. ალბათ, გექნება მათთან კონტაქტი – შესაძლოა, ჩარიცხონ გუნდში?
- ირაკლი ახლაც ვარჯიშობს და მოსწონთ. ტექნიკური და ჭკვიანიაო - აქებენ. ანუ, ტიპიური ქართველია. დიდი შანსია, “ორჰუსში” დაიტოვონ კიდეც. რაც მთავარია, ჯანი უნდა მოიმატოს, თორემ უმაგისოდ დანიაში ძნელია თავის დამკვიდრება.
- ერთიც: ექტორ კუპერი ბოლო მატჩებში ყოველთვის გიძახებდა ეროვნულ ნაკრებში. თემურ ქეცბაიამ კი, მარტში ესტონეთთან არ დაგიძახა. მას შემდეგ ხომ არ დაგკავშირებია ქეცბაია?
- სამწუხაროდ, არა. ქეცბაიასთან საუბარი არ მქონია.
ილია ნანობაშვილი