ინტერვიუები

12:11 | 31.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ფოფხაძე: “ბაქიში” გადასვლას უკან გადადგმულ ნაბიჯად არ მივიჩნევ”

“ბაქის” მარცხენა მცველი გიორგი ფოფხაძე არ ფიქრობს, რომ ავსტრიის ჩემპიონატიდან აზერბაიჯანულში გადასვლა მის კარიერაში უკან გადადგმული ნაბიჯია. ამის შესახებ, მან ინტერნეტგამოცემა azerifootball.com-თან ისაუბრა.
- უკვე 6 თვეა აზერბაიჯანში თამაშობთ. როგორი შთაბეჭდილება გაქვთ?
- კარგი შთაბეჭდილება მაქვს. აზერბაიჯანის ჩემპიონატის თაობაზე კარგი აზრის ვარ. აქ კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. აზერბაიჯანული კლუბები ყოველ წელს ცდილობენ ევროპაში კარგად გამოვიდნენ.
- საკუთარი თამაშით რამდენად კმაყოფილი ხართ?
- კმაყოფილი არ ვარ, რადგან მატჩების უმრავლესობა გამიცდა და მხოლოდ 7-8 თამაში ჩავატარე. თუმცა, ეს უკვე წარსულია და წინ უნდა გავიხედო.
- გუნდს მარცხენა მცველი სჭირდება და სასტარტო შემადგენლობაში თქვენი მდგომარეობა უნდა გაიმყაროთ...
- რა თქმა უნდა, ჩვენ გუნდში კარგი ფეხბურთელები არიან და ამიტომ, კარგად უნდა ვიმუშავოთ. ყველამ იცის, მე როგორ ვმუშაობ. კონკურენცია კარგი რამაა, რადგან იცი, რომ ყოველ დღე ბევრი უნდა იმუშავო.
- “ბაქიში” გადასვლამდე, ავსტრიის “შტურმის” რიგებში ევროპის ლიგაზე ითამაშეთ. აზერბაიჯანს და ავსტრიას შორის რა შედარებას გააკეთებთ?
- ავსტრია, ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია. ავსტრიელებს კარგი გუნდები ჰყავთ და იქ კარგი საფეხბურთო ატმოსფეროა. ყოველ თამაშზე 30000 მაყურებელი მიდის. ცუდია, რომ აზერბაიჯანში თამაშებს ცოტა გულშემატკივარი ესწრება. არადა, ჩემპიონატში კარგი ფეხბურთელები გამოდიან და საწიროა, ხალხი სტადიონზე მიზიდვა. ავსტრიიდან “ბაქიში” გადასვლას უკან გადადგმულ ნაბიჯად არ მივიჩნევ. ასე რომ მეფიქრა, მაშინ, “ბაქისთან” კონტრაქტს არ გავაფორმებდი. ევროპაში დარჩენის კარგი ვარიანტები მქონდა, მაგრამ “ბაქი” ავირჩიე.   
- მთავარი მიზეზი რა იყო?
- მე ამბიციურ კლუბში მივედი და “ბაქიში” გადასვლა კარგ ვარიანტად მიმაჩნია. კლუბის ვიცე-პრეზიდენტს ზეინალ მამედოვს შევხვდი, რომელიც გუნდის, მომავლის გეგმების, მიმდინარე სამუშაოს და სტადიონის შესახებ მესაუბრა. მამედოვის სიტყვებმა დამაინტერესა და ამის შემდეგ, კონტრაქტის “ბაქისთან” გავაფორმე. ის ერთწლიანია და სეზონის ბოლოს მთავრდება.   
- კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ რას ფიქრობთ?
- სიმართლე გითხრათ, ჯერ არა კონტრაქტზე, არამედ, “ბაქიში” თამაშზე ვფიქრობ. თუ გუნდი კარგად ითამაშებს, წინ წავიწევთ. ჯერ ახალგაზრდა ვარ, 26 წლის. მაღალ დონეზე თამაში კიდევ 6-7 წელი შემიძლია. თუ მოვინდომებ, ყველაფერი კარგად იქნება.
- ალბათ, თქვენ არევანზე იმ ფაქტმაც იმოქმედა, რომ საქართველოს და აზერბაიჯანი მეზობელი ქვეყნებია, თან კარგი ურთიერთობა აქვთ...
- ბუნებრივია, ეს ძალიან დამეხმარა. კავკასიურ ქვეყნებში ხალხს მსგავსი მენტალიტეტი აქვთ. აზერბაიჯანში თავს კარგად ვგრძნობ. ქვეყნებს შორის მანძილი დიდი არაა და ყოველ თვე შემიძლია მშობლები ვნახო. კარიერის განმავლობაში სამშობლოში მხოლოდ 6 თვე ვითამაშე.
 - ევროპულ კლუბებში ბევრი ქართველი ფეხბურთელია, ხოლო აზერბაიჯანელებს იქ გადასვლა უჭირთ. ეს სათამაშო კლასში დიდ სხვაობას უკავშირდება?
- საქართველოში მენეჯერები კარგად მუშაობენ. ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები მაშინვე ევროპულ კლუბებში მიჰყავთ. მნიშვნელოვანია, აზერბაიჯანში ბავშვთა საფეხბურთო სკოლებს დიდი ყურადღება დაუთმონ. ამ კუთხით, “ბაქისა” და მადრიდის “ატლეტიკოს” თანამშრომლობა მისასალმებელია. შედეგის მისაღწევად დროა საჭირო. ვფიქრობ, 4-5 წლის შემდეგ, გამოჩნდებიან ნიჭიერი აზერბაიჯანელი ფეხბურთელები, რომლებიც ევროპაში ითამაშებენ. აზერბაიჯანში ახლაც არიან ადგილობრივი კარგი მოთამაშეები.
- რას იტყვით თქვენს თანამოსახელე გიორგი ადამიაზე?
- ის ძალიან პოპულარული ფეხბურთელია, როგორც აზერბაიჯანში, ასევე, საქართველოში. ადამია კარგი ფეხბურთელია და ადამიანია. ვფიქრობ, ის საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც ამჟამად თამაშობს ან უთამაშია აზერბაიჯანში. ისიც ვიცი, , როგორ კარგად თამაშობდა ბადრი კვარაცხელია. მას აზერბაიჯანული პასპორტი აქვს და ამიტომ, აზერბაიჯანის ნაკრებშიც უთამაშია.
 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა

 

0.125775